ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1397. ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ჰღვარნენ, ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნენ; მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდენ და შუქნი არნენ, – აქანამდის ჭირნახულთა, ამას იქით გაიხარნენ.

1398. მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ-გარდაჭდობილნი, კვლავ შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდი ბაგეთათ პობილნი, აწ ესენიცა გავიდეს, შეჰკრბეს სამნივე ძმობილნი, მას მზესა მისცეს სალამი, წადგეს მართ ვითა ხმობილნი.

1399. მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა, აკოცა მისთა მეშველელთა ლაღმან ცნობითა წყნარითა, მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა; ორივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბარითა.

1400. ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა, ვით ხეს, მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოკითხეს; არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს, თავნი მათნი გაალომნეს, მათნი მბრძოლნი იშვლეს, ითხეს.

1401. სამასისა კაცისაგან ას სამოცი შეჰყოლოდა, ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ერთ-კერძ უხაროდა; მოჰნახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა; რომე ჰპოვეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვით ვით ითქმოდა!

1402. მოჰკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები, სამი ათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები, თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები; იგი მზე შეჰსვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები.

1403. სამოცი კაცი დააგდეს, ქაჯეთის ციხის მცველია, წამოიყვანეს იგი მზე, – მათიღა წაგვრა ძნელია – ზღვათა ქალაქსა დაჰმართეს, თუცა გზა მუნით გრძელია; სთქვეს: “ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაძს მისი გარდუხდელია”.

მისვლა ტარიელისა ზღვათა მეფისას და ფრიდონისას

1404. ზღვათა მეფესა წინაშე გაჰგზავნა მახარობელი, შესთვალა: “მოველ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით “ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი, | მსპობელი “მწადიან, გნახე პატივით, ვითა მამა და მშობელი.

1405. “აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია, “მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია, “ფატმანს უხსნია ჩემი მზე, დედებია და სდებია, “მისად მუქაფად რა გიძღვნა, – მძულს ცუდი ნაქარებია!

1406. “მოდი, გვნახენ, გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე, “სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი, ჩემგან შეიწირე, “კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე, “მე ვისწრაფი, ვერა გნახავ, შენ წამოდი, ჩემ-კერძ ირე.

1407. “თქვენ უბრძანეთ ჩემმაგიერ უსენს, ქმარსა ფატმანისსა, “გამოჰგზავნოს, – იამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა – “მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხვად-ღა ვისსა, “ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა!”

1408. რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, – წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთობელსა – მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბჭობელსა, მაშინვე შესჯდა, არ უნდა მისვლა სხვისა-ღა მხმობელსა.

1409. ბარგი აჰკიდა, გააგო ქმნა ქორწილისა მათისა, მას მიაქვს რიცხვი ტურფათა, არ სიდიადე სათისა, ფატმან ჰყავს თანა, იარეს სავალი დღისა ათისა, უხარის ნახვა ლომისა და მზისა, ხმელთა მნათისა.

1410. შორს გაეგებნენ სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა, გარდაჰხდეს, მდაბლად აკოცეს, გარესწყდეს ჯარსა სპათასა; შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა, ქალი რა ჰნახეს, სტრფიალობს შუქსა მას ბროლ-ბაკმათასა.

1411. ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა ედებოდა ცეცხლი ნელი, მოეხვია, გარდუკოცნა ხელი, ფეხი, პირი, ყელი, იტყვის: “ღმერთო, გემსახურო, განმინათლდა რადგან ბნელი, “ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი”.

1412. ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყვის, არ გამწყრალი: “ღმერთმან გული განმინათლა გახეთქილი, გაცამჭკრალი, “აწ აგრე ვართ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი, “მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვჩან არ დამზრალი”.

1413. ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა, ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა, უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა; პერპერასა დაფანტულსა ზედან სცვეთდენ, ვითა ხიდსა.

1414. მუნ იდვის გორა ლარისა, სტავრისა და ატლასისა, ტარიელს უძღვნა გვირგვინი, ვერ დანადები ფასისა, იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა, კვლავ ერთი ტახტი ოქროსი, წითლისა მართ ხალასისა.

1415. ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა შემკული თვალითა, იაგუნდითა წითლითა, ბადახშითა და ლალითა; დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი პირითა ელვა-მკრთალითა, მათნი მჭარეტელნი დაიწვნეს, ცეცხლითა მართ ახალითა.