ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1436. მივიდეს, სადა ქალაქი, დიდი მულღაზანზარია; სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია, დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია; მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია.

1437. შუკათა მოდგეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია, შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვთ მათ აბჯარია, მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია, მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან სააჯარია.

1438. გარდაჰხდეს ფრიდონისასა, სრა ჰნახეს მოსაწონები; გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები, ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები, თავსა აყრიდეს ოქროსა, ჰხვეტს ჯარი მუნ ნარონები.

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან

1439. მათ ქალ-ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ-ძოწეული, წითელ-ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეუ- ავთანდილისთვის ყვითელი და შავი ერთგან რეული; | ლი, მოვიდეს, დასხდეს, – მჭვრეტელნი, ვცან, მათი სულ-დალეული.

1440. მგოსანები მოდგეს, ისმოდეს ხმა სიმღერისა ტკბილისა; ქორწილი ჰქმნეს და გამრავლდა ძღნობა ლარისა ლბილისა, ფრიდონის, პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა; ნესტან-დარეჯანს უშვენის ღიმილი, ჩენა კბილისა.

1441. მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არ ალქატისა, ცხრა მარგალიტი სიდიდით, მართ ვითა კვერცხი ბატისა, კვლავ ერთი თვალი, სამზგავსო მზისა შუქ-მონამატისა, მას წინა ღამით ძალ-ედვას მხატვარსა ხატვა ხატისა.

1442. კვლავ უძღვნა თვითო ფარღული,გარდასაჯრელი ყელისა, მრგვლად დათლილისა თვალისა, იაგუნდისა მრთელისა; კვლავ მოაქვს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ხელისა, ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა.

1443. იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა; ავთანდილს უძღვნა ყველაი, არა სიტყვითა წბილითა; აივსო სახლი სტვირითა და ოქსინოთა ლბილითა; ტარიელ მადლი უბრძანა ლაღმან სიტყვითა ტკბილითა.

1444. ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა, ყოვლთა დღეთა მიართმევდენ უფასოსა ძღვენსა მზასა, დღე და ღამე არ გასწყვეტდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა; აჰა, მიჰხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა.

1445. ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე ერთ სიტყვები გულისა: “არს გული თქვენი საჩემო უფროსი ძმისა სრულისა, “არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა, “მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა.

1446. “ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება, “აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება: “შენ მიდი, ჰკითხე, რა უნდა, მან ჰქმნას ამისი ცხადება, “ვითა დამივსო სახმილი, ეგრე მისიცა კმა დება“.

1447. “უთხარ: “ძმაო, რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირნახულსა! “ღმერთი მოგცემს წყალობასა მისსა ზეცით შესახულსა, “თუ ვერა ვიქმ საწადელსა შენსა, შენთვის გაზრახულსა, “არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არც დარბაზსა, არცა ხულსა.

1448. “აწ მითხარ ჩემგან რა გინდა, ანუ რად მოგეხმარები? “ვარჩევ, წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები, “ტკბილი სიტყვითა გავმართოთ და ხმლითა საომარები; “თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები”“.

1449. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა, მას გაეცინეს, გაღიმდა, შვენოდა მხიარულობა; სთქვა თუ: “მეშველი რად მინდა, მჭირს არავისგან წყლულობა, “ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავთ, არცა ჰსჭირს ლხინ-ნაკლულობა.

1450. “ჩემი მზე ტახტსა ზედან ზის, მორჭმული ღვთისა ნებითა, “საკრძალავი და უკადრი, ლაღი, არვისგან ვნებითა, “არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა, – “მას ზედა შველა რად მინდა, რად მეჭვ რასაცა თნებითა!

1451. “რა მოვა ჩემთვის განგება ზეცით მოსრულნი ზენანი, “ღმერთი იწადებს, მომივლენ გულის სახმილთა ლხენანი, “მაშინღა მომხვდენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი, “უმის-ჟამისოდ ცუდია ჩემგან მიდამო რბენანი.

1452. “მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი, ჩემგან თხრობილი: “მადლი რად უნდა, მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი, “ვარ მუცლიდგანვე დედისა თქვენად სამონოდ შობილი, “ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი.

1453. “გებრძანა, – შეყრა მწადიან საყვარელისა შენისა – “ეგე არს მზგავსი გულისა ლმობიერისა თქვენისა; “მუნა მე ხმალი არ მიკვეთს, არცა სივრცელე ენისა, “მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა.

1454. “ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე, “ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედან მჯდომარე, “გვერდსავე გიჯდეს მნათობი, პირი ელვათა მკრთომარე, “მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე.