ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1533. მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა, სიყვარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა, რომე სძღვნა, არა ეგების თქმა არცა ნაათალისა, თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა.

1534. კვლავ უძღვნა ძღვენი ორთავე მზგავსი მათისა ბედისა, ათასი თვალი, ნაშობი რომანულისა დედლისა, კვლავ მარგალიტი ათასი, მართ ვითა კვერცხი ტრედისა, ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მზგავსი ქედისა.

1535. ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავ-შედგმული, ცხრა ტაიჭი, ძვირფასისა უნაგრითა შეკაზმული; ინდოთ მეფე თაყვანი-სცემს ლაღი, ბრძენი, არ მასმული, მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინო-სმული.

1536. რას ვაგრძელებდე გარდაჰხდეს დღენი ერთისა თვისანი, თამაშობდიან, არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი; ტარიელს სძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი, მათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ მართ ვითა მზისანი.

1537. ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოველად, ავთანდილ როსტენს წინაშე გაჰგზავნა დასათხოველად, შესთვალა “შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად, “მტერთა აქვს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად.

1538. “უცებნი მოჰსრნის მცოდნეთა ცოდნამან, ხელოვნებამან, – “ვეჭვ, მოქცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან, “წავიდე, ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან, “ადრე კვლავ გნახნე მორჭმულნი, ინებოს ღმრთისა ნებამან”.

1539. როსტევან ჰკადრა: “მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა, “რაცა გიჯობდეთ, იქმოდეთ, გასჭვრეტდით, გაიცდიდითა; “ავთანდილ თანა წამოგყვეს,წადით ლაშქრითა დიდითა, “თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით, დაცასჭრიდითა“.

1540. ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები: მან უთხრა: “აგრე ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები; “ახალ შეყრილსა მთვარესა, მზეო, ვით მოეშორები?” ავთანდილ უთხრა: “მაგითა შენგან არ მოვიღორები:

1541. “არ დია გინდა, დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახავად – “ცოლი უყვარსო, გამწირა, იყო ამისა მსახავად – მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მე ვაგლახავად – “კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ ავად!”

1542. ტარიელს უგავს სიცილი ბროლსა ვარდითა ფრქვევასა; უბრძანა: “ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა! “რადგან გწადიან წამომყევ, დამწამებ ნუ რას თნევასა,” ავთანდილ ჰბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მისთანა წვევსა.

1543. შეჰყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხანსა ზმულია, კაცი ოთხმოცი ათასი, ყველაი დაკაზმულია; კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია. არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნაღველ-ჭმულია.

1544. ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე დობილნი, ერთმანერთისა დად ფიცნი სიტყვასა გამონდობილნი, მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელითა გარდაჭდობილნი, სტიროდეს, მათთა მჭვრეტელთა გულიმცა ესხნეს წდობილნი.

1545. მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანა შეესწოროსა, ორნივე სწორად ნათობენ, მოშორდეს, მოეშოროსა; არა თუ იგი მოშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა, მათდა საჭვრეტლად მჭვრეტელმან ჰხამს, თავი იქედგოროსა;

1546. მათადვე სახედ, რომელსა ესენი დაუბადიან, იგივე გაჰყრის, სიშორე არა თუ ნებით სწადიან, ვარდსა სწებვენ და აპობენ, სტირან და ცრემლნი ჩადიან: მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან.

1547. ნესტან-დარეჯან სთქვა: “ნეტამც ყოლე არ შემოგმცნებოდი, “მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავდნებოდი, “ამბავსა სცნევდი, მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი, “ვითა მე შენთვის დამწვარვარ, აგრე შენ ჩემთვის ნდებოდი”.

1548. თინათინ უთხრა: “ჰე, მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო, “რამცა გაგწირე, თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო! “ღვთისაგან დღეთა თხოვისა ნაცვლად სიკვდილი ვინებო, “აგრემცა მივი, რაზომცა მე ცრემლსა დავიდინებო!”

1549. კვლავ აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი, ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიტა ყოლე თვალნი, იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი, – რომე მწადდეს, ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი.

1550. როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების, ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულ-თქმა უერთხელდების; ცხელი სდის წყარო ცრემლისა მართ ვითა ქვაბი ცხელდების; ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნაზდების, თხელდების.

1551. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით, ეტყვის თუ: “თქვენი სიახლე მიჩს აქამდისცა ოცებით“ “რადგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გასოცებით, “შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით”.

1552. ტარიელ შესჯდა, მეფისა გამყრელი, გამომსალამე. სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე, – “მზე შენ გელმისო სალამად და თავი შენ მას ალამე;“ უბრძანა: “თქვენთვის მტირალსა ყოლა რად მიჩნდეს სალამე!”