ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1494. “ნუ გიკვირს მისი ვერ-ნახვა და დაყოვნება ხანისა, “მოდი და დავსხდეთ მეფეო, ამოა კორდი მწვანისა, “კადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ მოტანისა, “ვიაჯ რასამე, აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა”.

1495. დასხდეს მეფენი, მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა, ტარიელს პირსა ციმციმი ათქმს, უნათლესი ბაზმისა ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა ყოფა-ქცევისა და ზმისა, დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა, ბრძნად ნაკაზმისა;

1496. “მეფეო, თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად. “მაგრა მოსული თქვენს წინა ვარ შემომხვეწლად, მქენებლად, “თვით იგი იაჯს, რომელიც ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად, “ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად.

1497. “აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწნით და შემუდარებით, “ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დარებით, “დავიწყდეს, რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით, “არ გაწყენ, გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით.

1498. “თქვენთა უყვართ ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა, “მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ-ნამკრთალსა; “მუხლ-მოყრილი გეაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა, “რომე მისცე ქალი თქვენი მკლავ მაგარსა, გულ-ფიქალსა;

1499. “ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა, არცა გრძელსა”, ამოიღო ხელ-მანდილი, მოინასკვა ზედან ყელსა, ადგა მუხლნი დაუყარნა, იაჯების ვითა მზრდელსა; გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბისა მომსმენელსა.

1500. რა ტარიელ მუხლ-მოყრილი ნახა, მეფე შეუზარდა, შორს უკუ-დგა, თაყვანი-სცა, ქვე მიწამდის დაუვარდა, მოახსენა: “ხელმწიფეო ლხინი ყოვლი განგიქარდა, თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა.

1501. “ვით ეგების, რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს, “ანუ მშურდეს ქალი ჩემი საკვდავად და ტყვედცა გინდეს, “გებრძანამცა სახლით, თქვენით, ცრემლი არცა მაშინ მდინდეს, “სხვა მისებრივ ვერა ჰპოვოს, ცათამდისცა აღცაფრინდეს.

1502. “მე სიძესა, ავთანდილის უკეთესსა ვპოვებ ვერა “თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა, – “ვარდი ახლად იფურჩნების, მე ყვავილი დამებერა “რამცა ვკადრე შეცილება, რასაც იგი ოდენ სჯერა.

1503. “თუ შეგერთო, ერთი მონა თქვენთვის არცა მაშინ მშურდა, “ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვით მოგმდურდა; “თუ ავთანდილ არ მიყვარდა, აგრე მისთვის რად მომსურდა?! “დია, ღმერთო,წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა”.

1504. რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედან დაეფინა, კვლავ მეფემან თაყვანი-სცა, წამორევლო, წადგა წინა, ერთმანერთი მოიმადლეს, მათ ერთსაცა არ ეწყინა.

1505. ფრიდონ შესჯდა, ავთანდილის მახარობლად გაექანა, – ესდენ დიდი სიხარული გაეხარნენ მასცა განა – წავიდა და წამოუძღვა, მოიყვანა, მოჰყვა თანა, მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა.

1506. მეფე ადგა,მოეგება, ყმა გარდაჰხდა, რა მივიდა, ხელთა ჰქონდა ხელ მანდილი, პირსა მითა იფარვიდა, მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდსა ჰზვრიდა, მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაჰფარვიდა!

1507. მეფე კოცნასა ჰლამობდა, აღარა ცრემლნი სდენია, ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქი ქვე დაუფენია; უბრძანა: “ადეგ, ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენია, “რადგან მერჩიო, ნუ მერცხვი, ჩემგან რასაღა გრცხვენია?”

1508. მოეხვია, გარდაჰკოცნა მან პირისა არე-მარე: – “დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არე-მარე; “ვინ გიშერი დააჯოგა და წამწმისა არე-მარე, “ხვალე, შეგყრი, ლომო, მზესა, თავი მისკენ არე მარე.

1509. მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა, ახლოს უზის, ეუბნების აკოცებს და უჭვრეტს პირსა, იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიჰხვდა, ვითა ღირს ა, – მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა.

1510. ყმა მეფესა მოახსენებს: “მიკვირს, სხვასა რად რას ჰბრძანებ, “რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რად-ღა აგვიანებ? “მიეგები მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ, “შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ”.

1511. ტარიელსცა მოახსენა, შესხდეს, ქალსა მიეგებნეს, მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ჰღებნეს, მიჰხვდეს მათსა საწადელსა, იგი ჰპოვეს, რაცა სძებნეს ხელი ჰხადეს ხმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს.

1512. მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან, დაუყვნა თვალნი ელვამან მისთა ღაწვთაგან კრთომილმან, გამოეგება, აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან; დაუწყო ქება მეფემან თვით ვერას ვერ მიხდომილმან.

1513. ეტყვის: “მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო, “შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო, “მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო! “თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო”.