ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1474. მოიარეს ქვაბოვანნი, თამაშობდეს მხიარულნი, ჰპოვეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი, ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი, არ იტყვიან, არა გვაქვსო, იგ ამისთვის გულ-ნაკლულნი.

1475. უბოძა ტურფა მრავალი მათ მათი შესაფერები, კვლავ ფრიდონისნი აღავსნა, სპა ჰყვა, თუ სპასალარები; აივსო კაცი ყველაი, მაშინ მათ თანა ნარები, მაგრა ძეს რომე საჭურჭლე, ჰგვანდა კაცთ-დაუკარები.

1476. ფრიდონ უთხრა: “ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიხდების, “მაგრა თქმულა, – კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების, “აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების, “შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე, ვითა გხვდების”.

1477. ფრიდონ, მდაბლად თაყვანი-სცა,ჰკადრა მადლი მეტის-მეტი: “მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი? “მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი, “ჩემი ლხინი მუნამდის ა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!”

1478. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად, სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად; აწ მუნითგან გაემართნენ არაბეთით მივლად გზისად, ავთანდილ ა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად.

1479. მიჰხვდეს არაბთა სამზღვართა, რა ვლეს მრავალი ხანები. დახვდათ სოფლები, ციხები ხშირ-ხშირად თანის-თანები, მუნ შიგან მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები, ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები.

1480. ტარიელ კაცი გაჰგზავნა წინაშე როსტან მეფესა, შესთვალა: “გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა, “მე მოვალ მეფე ინდოთა დარბაზსა თქვენსა სეფესა, “გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭკვნელსა, მოუკრეფესა.

1481. “მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა, “ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტევება ცხენისა, “მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა, “დავხოცე მონა მრავალი, მსახურნი სრისა თქვენისა.

1482. “აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია, “შემინდოთ, რაცა შეგცოდე, ჰქმნეთ გაწყრომისა კმანია, “ძღვენი არა გვაქვს, გვმოწმობენ ფრიდონ და მისი ყმანია, “ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია”.

1483. რა მოუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა, ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა, თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა, ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა.

1484. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა სიცილი თქართქარებისა, ლაშქარნი რბოდეს მიდამო, ჰქმნა სწადდათ მათკე რებისა; დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა, შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ-ფიცხელ, გულ-მაგრებისა.

1485. მეფე შესჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი, ვისცა ესმის, მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი, ყველაკაი ღმერთსა ჰმადლობს გაამაღლეს მათნი ხმანი, სთქვეს: “ბოროტსა უმყოფობა, კეთილნია, შენთვის მზანი”.

1486. რა ერთმანეთი აუჩნდათ მიგებულ-მოსაგებავთა, ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა: “აგერა ჰხედავთ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა? “ამად მედების სახმილი, გულსა ეცხელა, ებავთა.

1487. “ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა, “იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა, “ჩემად არაკად სულდგმული კაცი არ გაწბილებულა; “რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, ფრიდონ თქვენდანვე ხლებულა”.

1488. ტარიელ უთხრა: “კარგსა იქმ შენ პატრონისა კრძალვასა, “აწ დადეგ, იქი ნუ მოხვალ, იქმცა უჩემოდ ხალვასა, “მე მივალ, უთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა, “ვეჭვ, ღვთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა”.

1489. მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი, ნესტან-დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭვრეტთა მზარავი, მისთა წამწამთა ნიავი ჰქრის, ვითა ქარი არავი, წავიდა მეფე ინდოთა მისრული მიუპარავი.

1490. ფრიდონ წაჰყვა, გაღანამცა გავლეს ველი დიდსა ხანსა; სცნა მეფემან, – ტარიელი მარტო მოვა, მოჰხრის ტანსა; გარდაჰხდა და თაყვანი-სცა მას უკადრსა, ლომებრ ჯანსა, სდებს პატივსა ინდოთ მეფეს მართ მამისა შესაგვანსა.

1491. ტარიელცა თაყვანი-სცა, მივა კოცნად, სასალამოდ; მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ, გაკვირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ: “შენ მზე ხარო, შენი გაყრა არის დღისა შესაღამოდ.”

1492. გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა-სიტურფესა, პირსა უჭვრეტს გაკვირვებით, უქებს მკლავთა სიალფესა; კვლავ ფრიდონცა უსალამა, თაყვანი-სცა მან მეფესა, მას მეფესა, ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა.

1493. მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების, დაეღონების; ტარიელ ეტყვის: “მეფეო, აწ გული შენ გემონების “მიკვირს, თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების “რადგან ავთანდილ შენია, სხვა რად ვინ მოგეწონების.