ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1514. გაჰკვირდეს ყოვლი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა; ვით მზემან, დაჰყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა, მისგან დამწვარნი მისცნიან გულნი ჭვრეტითა ლხენასა, სითცა გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა.

1515. შესხდეს, წავიდეს ყველანი შინათ თავისა მარებად, ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებათ, არ მიიხდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად, ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად, არებად.

1516. შევიდეს, ნახეს თინათინ მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა, სკიპტროსან-გვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა, მოსრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა, შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მზგავსი გმირისა.

1517. ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს, მოეგებეს, აკოცეს და საუბარი დაამეს, იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს; ბროლ-ბადახში გააღაწვეს, და გიშერი აწამწამეს.

1518. თინათინ ზედან აწვია ტახტსა მეფესა ზეთასა; ტარიელ უთხრა: “შენ დაჯე, სწადიან ბჭესა ბჭეთასა, დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა, მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ მზეთა მზეთასა”.

1519. ორთავე ხელი მოჰკიდეს და დაჰსვეს ტახტსა თავისსა; გვერდსა დაუსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა; უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა, – ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა, ნუცა თუ რამინს და ვისსა.

1520. ქალსა შესწბა გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა, ფერი კრთა და გაუფიცხა შედაგამო გულმან კრთომა; მეფე ეტყვის: “შვილო, ჩემგან გაქვს სირცხვილი თუ რა ზომა, “ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ წახდომა.

1521. “აწ შვილნო ღმერთმან თქვენ მოგცეთ ათას წელ დღეთა გრძელობა “სვე, სვიანობა, დიდობა, კვლავ ჭირთა გარდუხდელობა, “ცამცა ნუ შეგცვლით, მოგხვდებისთ თვით მისებრ შეუცვლე- “თქვენით ხელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა!” |ლობა,

1522. მართ მეფემან სპათა ჰბრძანა ავთანდილის თაყვანება: “ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღვთისა ნება, “დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე სიბერე, ვითა სნება, “ჩემად სწორად მსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება.

1523. ლაშქარნი და დიდებულნი მოდრკეს, მდაბლად ეთაყვანეს, მოახსენეს: “მიწად ვექმნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანნეს, “მორჩილ-ქმნილნი დაგვადიხნეს, ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს, “მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, გულნი ჩვენნი აგულვანნეს.”

1524. ტარიელცა ქებით უთხრა იმედისა გადიდება; ქალსა ეტყვის: “შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება, ქმარი ჩემი ძმაა ჩემი, მწადს აგრეთვე თქვენი დება, “ორგულთა და შემცილეთა შენთა მე ვქმნა გაფლიდება.

აქა ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთ მეფისაგან

1525. მას დღე ავთანდილ პატრონად ზის და ხელმწიფე ზენია, მასთანა მჯდომსა ტარიელს ჰშვენიან სინაზენია; ნესტან ჯარ ახლავს თინათინს, ვით მჭვრეტთა ამაზრზენია, – ჰგავს თუ, ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ორნი მზენია.

1526. დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა, ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი ხავსისა, შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამსგავსისა, მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა, მზისა მზგავსისა.

1527. იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები, კვლავ უცხო ფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო უცხო სიქები; მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები; მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი, – ნუ აეხსნები, იქ ები!

1528. მუტრიგნი მოდგნეს ყოველგნით, ისმოდის ხმა წინწილისა, შეყრით ძის გორი ოქროთა და ბადახშისა თლილისა, მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგამ სდის, მზგავსი მილისა, ბინდით ცისკრამდის ხმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა.

1529. არა დარჩა უსაბოძვრო, არ კოჭლი და არ საპყარი, მოდიოდა მარგალიტი მოფანტული, მონაყარი; გაბედიდთა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი; სამ დღეს იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი.

1530. ხვალისა მეფე არაბთა კვლავ პურობს, არ ღაფალია; ტარიელს უთხრა: “შენი მზე საჭვრეტლად სატურფალია; “მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია, “ჰხამს, ყურსა გვეგდოს საყურლად ჩვენ თქვენი ნატერფალია.

1531. “აწ, მეფეო, არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად” სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად, ქვემოთ დაჰსხნა ავთანდილ და ცოლი მისი მათად სწორად, პირველ-ძღვენი ტარიასთვის მოიღიან, იდვის გორად.

1532. არაბთა მეფე მასპინძლობს, იქმს ოდენ მასპინძლობასა, ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ მათ, არ იხმობს ხელმწიფობასა, გასცემს და უქებს ყველაი უხვობა-იეფობასა; ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს ჩვეულა თვით მეფობასა.