ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

1388. კვლავ ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ მკუახები჻ დაასკვნეს იგი თათბირი ტარიას განაზრახები჻ გაიყვეს კაცი ას ასი ყუელაი გმირთა სახები჻ ცხენებსა შესხდეს დაიღეს მათ მათი ჩაბალახები჻

1389. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა჻ მათ სამთა შვიდნი მნათობნი ფარვენ ნათლისა სვეტითა჻ ტარიელ შავსა ზედან ზის ტანითა მით წერწეტითა჻ დალივნეს მტერნი ომითა ვითა მჭურეტელნი ჭურეტითა჻

1390. ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია჻ რა ზედან წვიმდეს ღრუბელი და მთათა აღტყდეს ღვარია჻ მოვა და ხევთა მოგრაგნის ისმის ზათქი და ზარია჻ მაგრა რა ზღვათა შეერთვის მაშინ ეგრეცა წყნარია჻

1391. თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე მიუწდომნია჻ მაგრა ტარიას შემბმელნი არვისგან მოსანდომნია჻ მზე მნათობთაცა დაფარავს არცაღა ნათლად ხმონია჻ აწ იყურებდით მსმენელნო გესმნენ ფიცხელი ომნია჻

1392. სამთავე სამად გაიყუეს თვითომან თვითო კარები჻ თანა ყვა კაცი სამასი ყველაი გმირთა დარები჻ მას ღამით უქნეს სადარნო უცრუო ანაჩქარები჻ გათენდა გაჩნდეს მიმართეს თავის თავ ქონდა ფარები჻

1393. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად჻ მათ შიგანთა ვერა უგრძნეს ვერცა დახვდეს გულ ხმიერად჻ გულსა შიში არა ქონდა ამოდ დგეს და ნებიერად჻ მიდგეს გარე მუზარადი დაიხურნეს ჟამიერად჻

1394. ანაზდად ცხენი გაქუსლეს მათრახმან შექნა წრიალი჻ რა ნახეს კარნი გაახვნეს ქალაქით გახდა ზრიალი჻ სამთავე სამგნით მიმართეს თავსა მით უყვეს რიალი჻ იკრეს ნობსა და დაბდაბსა შეიქნა ბუკთა ტკრციალი჻

1395. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღ~თისა჻ კრონოს წყრომით შემხედველმან მოიშორვა სიტკბო მზისა჻ მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა჻ ველი მკვდართა ვერ იტევდა გადიადდა ჯარი მკვდრისა჻

1396. კაცსა უკრავად დაბნედდის ჴმა ტარიელის ხაფისა჻ აბჯარსა ფრეწდის გაცუდდეს სიმაგრე ჯავშან ქაფისა჻ სამგნითვე კართა შესჯარნეს ჭირნი არ ნახეს კაფისა჻ რა ქალაქს შეჴდეს შეიქნა სიხარკე ციხეს სწრაფისა჻

1397. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს჻ მტერნი სრულად აეწყვიტნეს სისხლი მათნი მოეღვარნეს჻ უყივლეს და ერთმანერთი ნახეს დიდად გაეხარნეს჻ თქვეს ტარიელ რა იქნაო მისთვის ჭვრეტად თვალნი არნეს჻

1398. ერთმანცა არა იცოდა ვერა ცნეს ტარიერისა჻ ციხისა კარსა მიმართეს რიდი არ ქონდა მტერისა჻ მუნ ნახეს რიყე აბჯრისა ნალეწი ჴმალთა წვერისა჻ ათი ათასი ნობათი უსულო მსგავსი მტვერისა჻

1399. ციხისა მცველნი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული჻ თავით ფერხამდი დაჭრილი აბჯარი მუნ დახეული჻ ციხისა კარნი განჴმულნი კართა ნალეწი სრეული჻ ცნეს ნაქმრად ტარიელისად საქმე არს ეს მისეული჻

1400. გზანი დახუდეს შეკაზმულნი ავიდეს და აძურეს ხვრელსა჻ ნახეს მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა჻ მუზარადი მოეხადა შვენის აკვრა თმასა ლელსა჻ მკერდი მკერდსა შეეწება გარდაეჭდო ყელი ყელსა჻

1401. ეხვეოდეს ერთმანერთსა აკოცნა და ცრემლნი ღვარნეს჻ ამას გვანდეს ოდეს ერთგან მუშთარ ზუალ შეიყარნეს჻ მზე რა ვარდსა შემოადგეს დაშვენდენ და შუქნი არნენ჻ აქანამდის ჭირ ნახულთა ამას იქით გაიხარნეს჻

1402. მათ ერთმანერთსა აკოცეს დგანან ყელ გარდაჭდობილნი ჻ კვლავ შეეწებნეს ხშირ ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი჻ აწ ესენიცა გავიდეს შეკრბეს სამივე ძმობილნი჻ მას მზესა მისცეს სალამი წარდგეს მართ ვითა ხმობილნი჻

1403. მზე მოეგება პირითა ტურფითა მოცინარითა჻ აკოცა მისთა მშველელთა ლაღმან ცნობითა წყნარითა჻ მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა჻ ორნივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბარითა჻

1404. ტარიელსცა უსალამეს მას ალვისა მორჩსა ვით ხეს჻ მიულოცეს გამარჯვება ერთმანერთი მოკითხეს჻ არა სჭირდა არ ინანეს რომ აბჯარი არ გაითხეს჻ თავნი მათნი გაალომეს მათნი მბრძოლი იშვლეს ითხეს჻

1405. სამასისა კაცისაგან ასსამოცი შეჰყოლოდა჻ ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა მაგრა ერთკერძ უხაროდა჻ მონახეს და არ აცოცხლეს რაცა მბრძოლი დარჩომოდა჻ რომე პოეს საჭურჭლენი აწმცა თვალვით ვით ითქმოდა჻

1406. მოკრიფეს ჯორი აქლემი რაცა ვით პოვეს მალები჻ სამიათასსა აკიდეს მარგალიტი და თვალები჻ თვალი ყველაი დათლილი იაგუნდი და ლალები჻ იგი მზე შესვეს კუბოსა არს მათგან განაკრძალები჻

1407. სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია჻ წამოიყვანეს იგი მზე მათიღა წაგვრა ძნელია჻ ზღვათა ქალაქსა დამართეს თუცა გზა მუნით გრძელია ჻ თქვეს ფატმან ვნახოთ მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია჻