ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

1352. ოქროც რამე წაიტანეს მარგალიტი ღარიბები჻ გამოვიდეს გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები჻ ავთანდილ თქვა ამას იქით დავამაგრო ხრმალთა ნები჻ ამას ღამე არსად წავალ რა გათენდეს არ დავდგები჻

1353. აქა მხატვარო დახატე ძმად უმტკიცესად ძმობილნი჻ იგი მიჯნურნი მნათობთა სხვისა ვერვისგან სწრობილნი჻ ორნივე გმირნი მოყმენი მამაცობისა ცნობილნი჻ რა ქაჯეთს მივლენ გასინჯოთ ომი ლახვართა სობილნი჻

ტარიელისა და ავთანდილისაგან წასვლა ფრიდონისას჻

1354. რა გათენდა გაემართნეს წაიტანეს ასმათ თანა჻ ნურადინის ქუეყანამდი შეისვიან მათ უკანა჻ მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა არ უძღვანა჻ ავთანდილ კმაა ყოლაოზად სხვამცა ვინღა წაიტანა჻

1355. იარეს და ზედა შეჴდეს ნურადინის მეჯოგეთა჻ ჯოგი ნახეს მოეწონა ფრიდონისთვის ეაგეთა჻ მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის გაქნევ კარგთა სიშმაგეთა჻ მოდი ფრიდონს გავლაღობნეთ ჯოგსა მისსა მოვადგეთა჻

1356. ჯოგი წაუღოთ მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად჻ გამოემართვის საომრად ველთა სისხლისა დაღებად჻ ანაზდად გვიცნობს გაკრთების გულსა შეელმის დაღებად჻ ამოა კარგი ლაღობა ლაღსავე შეიქს ლაღებად჻

1357. დაიწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა჻ მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექნა ეკრა კვესებსა჻ უყივლეს ვინ ხართ მოყმენო ვინ იქთ საქმესა ზესებსა჻ ჯოგი მისია ვინ მტერსა კრავს ჴმალსა არ აკვნესებსა჻

1358. მათ მშვილდები დაიწვადეს მეჯოგეთა გაეკიდნეს჻ მეჯოგენი მიიზახდეს ჴმანი მათნი გაადიდნეს჻ გვიშველეთო გვიშველეთო მეკობრეთა ამოგვწყვიტნეს჻ ჴმა შეიქნა შეიყარნეს ფრიდონს ჰკადრეს არ დარიდნეს჻

1359. შეეკაზმა ფრიდონ შეჯდა შეკაზმული გამოვიდა჻ ჴმა შეიქნა შეიყარნეს რაზმი ველთა დაფარვიდა჻ იგი მზენი მოეგებნეს ვის ზამთარი ვერ დაზვრიდა჻ დაეხურა ზარადები პირსა მათსა უფარვიდა჻

1360. რა ტარიელ ფრიდონ იცნა აწ ვნახეო ვინცა მინა჻ მუზარადი მოიჴადა გაიღიმდა და გაიცინა჻ ფრიდონს უთხრა რასა ლამი ჩვენი მოსლვა რას გეწყინა჻ პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა჻

1361. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა დავარდა და თაყვანის სცა჻ იგინიცა გარდაუჴდეს მოეხვივნეს აკოცესცა჻ ფრიდონ ღ~თსა ჴელაპყრობით უსაზომო მადლი მისცა჻ დიდებულნი აკოცებდეს იცნობდიან იგი ვისცა჻

1362. ფრიდონ უთხრა რასა სდეგით მოგელოდი უწინარე჻ მე მზა ვარო სამსახური თქუენი რამცა დავიზარე჻ გვანდა თუმცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი ერთი მთვარე჻ ერთმანერთი დააშვენეს გაემართნეს იქცეს გარე჻

1363. ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე ტურფად გებულსა჻ ახლოს დაისვამს ავთანდილს მისსა ძმად შეფიცებულსა჻ ტარიელ დაჯდა საჯდომსა ოქსინო გარდაგებულსა ჻ მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს ჭაბუკად ქებულსა჻

1364. უთხრეს ჯერთ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია჻ მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სადმე გვისხენ სხვანია჻ მან დასდვა პირი მიწასა არ დაიყოვნა ხანია჻ ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია჻

1365. გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა჻ აბანოს ბანნა აავსნა შესამოსლისა ძღნობითა჻ დამოსნა ტურფა ტურფითა ერთმანერთისა მჯობითა჻ თვალ მარგალიტი ღარიბი უძღუნა ოქროსა გობითა჻

1366. უთხრა თუ ესე სიტყუაა ავისა მასპინძელისა჻ გავს მომწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა ვითა ხელისა჻ მაგრა აწ ყოფნა არა ვარგა წავლა სჯობს გზისა გრძელისა჻ თუ ქაჯნი მოგვესწრებიან საეჭვი არს სიძნელისა჻

1367. დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა კარგნი გვინდან და ცოტანი჻ სამასი კაცი გვეყოფის წავიდეთ მართ მეოტანი჻ ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა მეომრად დავაგნეთ ჴრმალსა კოტანი჻ მას ადრე ვპოებთ ვისიცა მოგვკლავს ალვისა მოტანი჻

1368. ქაჯეთს ერთხელ კვლავც ვყოფილვარ ნახავთ თქვენცა გემაგრების჻ ყოვლგნით კლდეა გარეშემო მტერი ვერა მოადგების჻ თუ იდუმალ არ შეუვალთ ცხადად შებმა არ ეგების჻ მით ლაშქარი არად გვინდა რაზმი მალვით ვერ მოგვყვების჻

1369. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისა ნაუბარსა჻ მუნ დააგდეს ქალი ასმათ ფრიდონ მისცემს საჩუქარსა჻ თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს გმირთა დარსა჻ ბოლოდ ღ~თი გაუმარჯვებს ყოვლსა პირველ შენაზარსა჻

1370. ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა჻ ფრიდონ გზა იცის იარეს დღისით და ღამით რებულთა჻ ფრიდონ თქვა ვახლავთ ვარეთა ჩვენ ქაჯეთს მიახლებულთა჻ აქადგან ღამით ვლა გვინდა მით არას გამჟღავნებულთა჻