ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

1371. ამა ფრიდონის თათბირთა სამნივე ერთგან ზმიდიან჻ რა გაუთენდის დადგიან და ღამით ფიცხლა ვლიდიან჻ მივიდეს აჩნდა ქალაქი მცველთა ვერ დასთვალვიდიან჻ გარე კლდე იყო გუშაქთა ჴმა ჯარვით გაადიდიან჻

1372. გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია჻ მათ ლომთა ნახეს ქალაქი მთვარე დგას მუნ ნათელია჻ თქვეს ვითათბიროთ ვითა ვთქვათ აწ გამორჩევა ძნელია჻ ასი ათასსა აჯობებს თუ გამორჩევით მქმნელია჻

თათბირი ნურადინ ფრიდონისა ქაჯეთის ციხეს რომ მოადგეს჻

1373. ფრიდონ თქვა ვიტყვი სიტყვასა ვეჭვ ჩემი არ დამცდარია჻ ჩვენ ცოტანი ვართ ქალაქი დიდთაგან საომარია჻ პირისპირ ომი არ ძალ გვაქვს არ ჟამი საკვეხარია჻ ათას წელ ვერსით შევუვალთ თუ ზედ დაგვიხშან კარია჻

1374. ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან჻ მასწავლნეს მათი საქმენი მახტუნებდიან მწვრთიდიან჻ ასრე გავიდი საბელსა რომ თვალნი ვერ მამკიდიან჻ ვინცა მჭურეტდიან ყმაწვილნი იგიცა ინატრიდიან჻

1375. აწ ვინცა იცით უკეთე შეტყორცა საგდებელისა჻ მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა჻ მა ზედა გავლა ადვილად მიჩანს მართ ვითა ველისა჻ თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა჻

1376. აბჯრითა გავლა არად მჩანს ჭირად გატანა ფარისა჻ შიგან ჩავხტები კისკასად ვეცემი მსგავსად ქარისა჻ ლაშქართა დავხოც გავახვამ ნახოთ გაღება კარისა჻ თქვენცა მუნ მოდით სადაცა გესმას ზრიალი ზარისა჻

თათბირი ავთანდილისა ქაჯეთის ციხის შეპარვით შესვლისა და აღებისა჻

1377. ავთანდილ უთხრა ჱე ფრიდონ მოყვასნი ვერ გიჩივიან჻ ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს არა წყლულნი გტკივიან჻ სთათბირობ ძნელთა თათბირთა მტერთა ივაგლახივიან჻ მაგრა თუ გესმის გუშაგნი რა ახლო ახლო ყივიან჻

1378. რა გახვიოდე გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება჻ გიგრძნობენ თოკსა მოკვეთენ ამისი ჴამს დაჯერება჻ წაგიხდეს ცუდად ყველაი დაგრჩეს ცუდიღა ფერება჻ ეგე თათბირი არ ვარგა სხვაებრ ვქნათ თავის ტერება჻

1379. სჯობს დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა჻ ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა ქალაქს შემავალსა჻ სავაჭროდა შევეკაზმი ვიქ საქმესა მე მუხთალსა჻ ერთსა ჯორსა გარდავკიდებ მუზარადსა ჯაჭვსა ხრმალსა჻

1380. სამთავე შესვლა არ ვარგა თუ გვიგრძნან არს სათუები჻ მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები჻ მალვით ჩავიცვამ აბჯარსა გავჩნდები გავეცრუები჻ ღ ~თნ ქნას უჴვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები჻

1381. შიგნითა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისა჻ თქუენ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მზგავსად გმირისა჻ კლიტეთა დავლეწ გავახვამ ნახოთ გაღება კარისა჻ თუ რა სხვა სჯობდეს თქვენ ბრძანეთ ვარ მრჩევლად ამა პირისა჻

თათბირი ტარიელისა სამთაგანვე ციხის შეხდომა და აღება჻

1382. ტარიელ უთხრა მე თქუენი ვსცან გმირთა მეტი გმირობა჻ თქვენსა ძალგულსა თქუენივე გავს თათბირობა პირობა჻ ვიცი გწადს ომი ფიცხელი არ ცუდი ჴმალთა ღირობა჻ კაციმცა მაშინ თქუენ გახლავს რა ომმან ქნას გაჭირობა჻

1383. მაგრა იყუენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა჻ ჴმა ესმას ჩემსა ხელ მქმნელსა ზედა გარდმოდგეს მზე ვითა჻ თქუენ გქონდეს ომი ფიცხელი უომრად მნახოს მე ვითა჻ ესე მე დამსურის ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა჻

1384. მაგა თათბირსა ესე სჯობს ვჰქნათ ჩვენი მონახსენები჻ გავიყოთ კაცი ას ასი რა ღამე ჩნდეს ნათენები჻ სამთავე სამგნით მივმართოთ ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები჻ მოგვეგებვიან ვემცრობით ჩვენ ჴრმალსა მივსცემთ მძლედ ნები჻

1385. ფიცხლავ შევებნეთ შევსჯარნეთ ვერ მოგვასწრებენ კარებსა჻ სამთაგან ერთი შეუვალთ სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა჻ მან ერთმან შიგნით შიგანი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა჻ ხელი კვლავ ვხადოთ აბჯარსა მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა჻

1386. ფრიდონ უთხრა შემიგია გამიგია ვიცი მე რა჻ მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრობენ კართა ვერა჻ ოდეს გიძღვენ არ ვიცოდი ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა჻ თვარა ყოლა არ გვიძღვნიდი ჩემი გითხრა სიძუნწე რა჻

1387. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს საუბართა ესოდენთა჻ ამა ზედან გაიცინნეს მათ წყლიანთა სიტყუა ბრძენთა჻ ერთმანეთსა ალაღობნეს ლაღობათა მათთა მშვენთა჻ გარდახდეს და დაეკაზმნეს უკეთესთა შესხდეს ცხენთა჻