ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

1427. მეფემან ნავი ხომალდი მოკაზმა ზღვისა კიდესა჻ გამოემართა ტარიელ გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა჻ თავსა იცემდეს იგლეჯდეს თმა წვერსა გაიყრიდესა჻ ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა჻

ტარიელისაგან ზღვათა მეფის გაყრა და ფრიდონისას მისვლა჻

1428. გამოვლნეს ზღვანი სამთავე ერთგან ძმად შენაფიცართა჻ კვლავ ამტკიცებდეს სიტყვათა მათ პირველ დანამტკიცართა჻ შვენის მღერა და სიცილი მათ მისთა არ უიცართა჻ ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა჻

1429. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად჻ კვლავ ფრიდონის თავადთასა ნაომართა მათთა მთხრობლად჻ მადა მოვა მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად჻ ჩვენ დამზრალნი აქანამდის აწ ვიქინებთ დაუზრობლად჻

1430. იგი მზე შესვეს კუბოსა იარეს გზა ზღვის პირისა჻ მიყმაწვილობდეს უხარის მათ გარდახდომა ჭირისა჻ მივიდეს სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა჻ მოეგებნიან ისმოდის ხმა სიმღერისა ჴშირისა჻

1431. მუნ მიეგება ყოველნი ფრიდონის დიდებულები჻ ასმათი სავსე ლხინითა მას აღარ აჩნდა წყლულები჻ ნესტან დარეჯანს მოიჭდო რომე ვერ გახსნის ცულები჻ აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები჻

1432. ნესტან დარეჯან ეხვევის პირსა აკოცებს პირითა჻ უბრძანა ჩემო ვაგლახ მე შენცა აგავსე ჭირითა჻ აწ ღ~თნ მოგვცა წყალობა ვსცან მისი არ სიძვირით ა჻ მე გულსა შენსა ეზომსა არ ვიცი გარდვიხდი რითა჻

1433. ასმათ კადრა მადლი ღ~თსა ვარდნი ვნახენ არ დაზრულნი჻ ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი჻ სიკუდილიცა სიცოცხლედ მჩანს ოდეს გნახენ მხიარულნი჻ სჯობს ყოვლთა მოყვარულთა პატრონ ყმანი მოყვარულნი჻

1434. დიდებულთა თაყვანისცეს მოახსენეს დიდი ქება჻ რომე ღ~თნ გაგვახარნა კურთხეულა მისი ღ~თება჻ ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი აღარა გვწვავს ცეცხლთა დება჻ წყლულსა მისგან დაკოდილსა მასვე ძალ უც განკურნება჻

1435. მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს აგრე გარდაკოცნეს჻ მეფე ეტყვის ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიჴოცნეს჻ იგი შვებას საუკუნოს ცხადად პოვეს არ იოცნეს჻ ერთსა მიხვდეს საზიაროდ დიდებანი იასოცნეს჻

1436. თუცა მე მათი დაჴოცა მტკივის და სატკივარია჻ მაგრა მათ მიხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია჻ ესე თქვა ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია჻ ნარგიზთათ იძვრის ბორიო ვარდსა ზრავს იანვარია჻

1437. მუნ ატირდეს ყველაკანი რა ტირილად იგი ნახეს჻ რაცა ვისრა დაკლებოდა მათ ტირილით სულთქმით ახეს჻ დადუმდეს და მოახსენეს რადგან ბრძენთა მზეებრ გსახეს჻ თქვენთა მჭვრეტთა მღერა მართებს რასათვისმცა ივაგლახეს჻

1438. ვინ ღირსა თქვენგან ეგზომსა ტირილსა შეჭირვებასა჻ თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედან რებასა჻ კვლავ ფრიდონ კადრა მეფესა ნურათ იქთ გამწარებასა჻ ღ~თიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა჻

1439. ავთანდილცა მიუმტკივნა იტყვის დიდსა სიმძიმილსა჻ მათ შეასხეს ქება უთხრეს თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა჻ რადგან მიჴვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა჻ აღარა ვსტირთ სატირალსა აღარ დავსდებთ თვალთა მილსა჻

1440. მივიდეს სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია჻ სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა გახდა ზათქი და ზარია჻ დაბდაბისა და ქოსისა ჴმა ტურფად შენათხზარია჻ მოატყდეს მოქალაქენი დააგდეს მუნ ბაზარია჻

1441. შუკათათ მოდგნეს ვაჭარნი ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია჻ შორს უარებდეს სარანგნი ჴელთა აქვს მათ აბჯარია჻ მოიჯრებოდეს ჯალაბნი სარანგთა დამსაჯანია჻ მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან სააჯარია჻

1442. გადახდეს ფრიდონისასა სრა ნახეს მოსაწონები჻ გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები჻ ფეხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები჻ თავსა აყრიდეს ოქროსა ჴვეტს ჯარი მუნ ნარონები჻

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან჻

1443. მათ ქალ ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ ძოწეული჻ წითელ ყვითლითა თვალითა იყო კეკლუცად ფრქვეული჻ ავთანდილისთვის ყვითელი და შავი ერთგან რეული჻ მოვიდეს დასხდეს მჭვრეტელნი ვსცან მათი სული ლეული჻

1444. მგოსანნი მოდგეს ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა჻ ქორწილი ქნეს და გამრავლდა ძღნობა ლარისა ლბილისა჻ ფრიდონის პურად კარგისა არ მასპინძლისა წბილისა჻ ნესტან დარეჯანს უშვენის ღიმილი ჩენა კბილისა჻