ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

1294. ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა მასთანა ხლებულნი჻ უბრძანა მკვდარნი აქამდის აწყა ვართ დაცოცხლებულნი჻ რაცა გვინდოდა მისითა სმენითა გაახლებულნი჻ ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახებულნი჻

1295. მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ ნაცქაფავი჻ მე ვერა ვნახავ ვისწრაფი გზა ჩემი არს ნასწრაფავი჻ მან გააჴაფოს ჴმა ჴაფი კვლავ უფრო განაჴაფავი჻ თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე ჩემი ნაალაფავი჻

1296. ჩემსა ზედა დიდი არის ვალი თქვენგან დანადები჻ მადლსა სხვაებრ გარდავიხდი თუღა ფრიდონს შევეყრები჻ აწ წაიღეთ ყველაკაი მეკობრეთა წანაღები჻ ამის მეტსა ვერას მოგცემ ვიცი ამად გეძუნწები჻

1297. სახლი არ მახლავს არ ძალ მაქუს გაცემა საბოძვარისა჻ მისცა მართ სავსე ხომალდი რიცხვი ტურფათა ჯარისა჻ უბრძანა წადით წაიღეთ გზა წავლეთ მისვე არისა჻ ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან ძმად ნაფიცარისა჻

წიგნი ავთანდილისაგან მიწერილი ფრიდონის წინაშე჻

1298. დაწერა ფრიდონ მაღალო სვე სრულო მეფეთ მეფეო჻ ლომისა მგზავსო ძალ გულად მზეო შუქ მოიეფეო჻ მოვლენილო და მორჭმულო მტერთა სისხლისა მჩქეფეო჻ უმცროსმან ძმამან შორი შორ სალამი დავიყეფეო჻

1299. ჭირნი ვნახენ და მოცამხვდა ნაცვალი ჭირ ნახულისა჻ კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა჻ მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა჻ დამარჩენელი ლომისა მის ქვესკნელს დამარხულისა჻

1300. იგი მზე ქაჯთა მეფესა ყავს ქაჯეთს პატიმარია჻ მუნ მისულა მიჩანს თამაშად თუცა გზა საომარია჻ ნარგისთა წვიმა ბროლისა წვიმს ვარდი ნაწვიმარია჻ ჯერ ქალსა ქაჯნი არ ახლვან მაგრა სპა უამარია჻

1301. გულ მხიარული ვიხარებ ამად არ ცრემლი მმილდების჻ სადაცა შენ და შენი ძმა ხართ ძნელი გაადვილდების჻ რაცა მოგინდეს უცილოდ იქთ იგი არ აქცილდების჻ არ თურე კაცმან დაგიდგნა ვეჭ კლდეცა გაგილბილდების჻

1302. აწ შემინდევ ვერა გნახე შორს ამისთვის წაგიარე჻ გზა გზა ყოვნა აღარა მცალს პატიმრადა იგი მთვარე჻ ადრე მოვალთ მხიარულნი ჩვენი ნახვა გაიხარე჻ ამის მეტი რაღა გკადრო ძმასა ძმურად მოეჴმარე჻

1303. ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია჻ ამოდ მსახურეს თქვენიმცა გული ამათთვის სრულია჻ ქება რად უნდა მას ვინცა თქვენთანა ხან დაზმულია჻ მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს ესე ბრძენთაგან თქმულია჻

1304. ესე უსტარი დაწერა შეკრა და წაცახვია მან჻ მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და თმითა იამან჻ შესთვალა ზეპირ რაც ხამდა სრულად მართ ვითა გიამან჻ მათ მარგალიტი უშვენის ძოწისა კარმან ღიამან჻

1305. მონახა პოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა჻ გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა჻ მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ მწუხარისა჻ მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა჻

1306. ფატმან უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა჻ იტყვიან მზეო რა გვიყავ დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა჻ რად დაგვიბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა჻ დაცაგვმარხენო ხელითა ჩვენისა დამმარხველითა჻

ავთანდილისაგან გულანშაროს წასვლა და ტარიელის შეყრა჻

1307. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რათმე ნავითა჻ პირ მხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა჻ მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა჻ ხელ გამპყრობილი გულითა არს ღ~თისა საესავითა჻

1308. მოწურვილ იყო ზაფხული ქვეყნით ამოსლვა მწვანისა჻ ვარდის ფურცლობის ნიშანი დრო მათის პაემანისა჻ ეტლის ცვალება მზისაგან შეჯდომა საროს ტანისა჻ სულთქნა რა ნახა ყვავილი მან უნახავმან ხანისა჻

1309. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა჻ ვარდთა აკოცა ბაგითა მითვე ვარდისა დარითა჻ უბრძანა გიჭვრეტ თვალითა გულ ტკბილად შემხედვარითა჻ მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა჻

1310. რა მოეგონის მოყუარე სდინდიან ცრემლნი მწარენი჻ ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი჻ უდაბურნი და უგზონი უცხონი რამე არენი჻ სადაცა ნახის დახოცის ლომ ვეფხნი მოშამბნარენი჻

1311. ქვაბნი გამოჩნდეს იამა იცნა თქვა იგი კლდენია჻ სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია჻ ღირს ვარმცა ვნახო პირის პირ უამბო რაცა მსმენია჻ არ მოსრულ იყოს რაღა ვქნა ცუდ ჩემი განავლენია჻