ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1513. ფრიდონს უძღუნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავშედგმული, ცხრა ტაიჭი, ძუირფასისა უნაგრითა შეკაზმული. ინდოთ მეფე თაყუანსა სცემს ლაღი, ბრძენი, არ მახმული, მადლი კადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღუინო სმული.

1514. რას ვაგრძელებდე, გარდაჴდეს დღენი ერთისა თვისანი. თამაშობდიან, არ იყუნეს ყოლა გაყრანი სმისანი. ტარიელს სძღუნიან უცხონი თუალნი ლალისა ქუისანი, მათ ყოვლთა მათნი ელვანი ფარვენ მართ ვითა მზისანი.

1515. ტარიელ გუანდის ვარდსა და იყუის ფიფქისა მთოველად, ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად; შესთუალა: “შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად, მტერთა აქუს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად”.

1516. უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ჴელოვნებამან. ვეჭუ მოქცეს თქუენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან; წავიდე, ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან, ადრე კულა გნახნე მორჭმულნი, ინებოს ღმრთისა ნებამან”.

1517. როსტევანს ეთქუა: “მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა? რაცა გიჯობდეს, იქმოდით, გასჭურეტდით, გაიცდიდითა, ავთანდილ თანა წამოგყუეს,წადით ლაშქრითა დიდითა. თქუენთა მტერთა და ორგულთა დაფრეწდით, დაცასჭრიდითა“.

1518. ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყუები ორები. მან უთხრა: “აგრე ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები, ახლად შეყრილსა მთუარესა, მზეო, ვით მოეშორები?” ავთანდილ უთხრა: “მაგითა შენგან არ მოვიღორები”.

1519. “არ დია გინდა დამაგდო, წახუიდე ჩემად მზრახავად! «ცოლი უყუარსო, გამწირა» იყო ამისად მსახავად; მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მე ვაგლახავად? კაცსა მოყურისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ ავად!”

1520. ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთა ფრქუევასა, უბრძანა: “ვიტყუი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა; რადგან გწადიან, წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა”. ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მისთანა წუევსა.

1521. შეყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხან დაზმულია; კაცი ოთხმოცი ათასი, ყუელაი დაკაზმულია. კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხუარაზმულია. არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნაღუელ ჭმულია.

1522. ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე, დობილნი, ერთმანერთისა დად ფიცნი, სიტყუისა გამონდობილნი, მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელისა გარდაჭდობილნი, ტიროდეს; მათთა მჭურეტელთა გულიმცა ესხნეს წდობილნი.

1523. მთუარე ცისკრისა ვარსკულავსა რა თანა შეესწოროსა, ორნივე სწორად ნათობენ, მოშორდეს, მოეშოროსა; არა თუ იგი მოშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა, მათად საჭურეტლად მჭურეტელმან, ჴამს, თავი იქედგოროსა.

1524. მათადვე სახედ, რომელსა ესენი დაუბადიან, იგივე გაყრის, სიშორე არა თუ ნებით სწადიან, ვარდსა წებვენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩასდიან. მათთა გამყრელთა ყუელთა სიცოცხლე არ იქადიან.

1525. ნესტან-დარეჯან მას იტყუის: “ნეტამც არ შეგეცნებოდი, მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავდნებოდი. ამბავსა სცნევდი, მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი, ვითა მე შენთუის დამწუარვარ, აგრე შენ ჩემთუის სდნებოდი”.

1526. თინათინ უთხრა: “ჰე მზეო, შენთა მჭურეტელთა ლხინებო, რადმცა გაგწირე, თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო! ღმრთისაგან დღეთა თხოვისა ნაცულად სიკუდილი ვინებო, აგრემცა მივი, რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო!”

1527. კულა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი; ქუე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყუიტნა ყოლა თუალნი. იგი იჭურეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი, რომე მწადდეს, ვერ დავწერენ მე სიტყუანი ნაათალნი.

1528. როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების, ათასჯერ იტყუის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების, ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქუაბი ცხელდების, ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების.

1529. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხუევნით და კოცებით; იტყუის თუ: “თქუენი სიახლე მიჩანს აქამდისცა ოცებით; რადგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გასაოცებით, შენგან მოგუეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიჴოცებით”.

1530. ტარიელ შეჯდა მეფისა გამყრელი, გამომსალამე; სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე: “მზე შენ გელმისო საომრად და თავი მას ასალამე”. უბრძანა: “თქუენთუის მტირალსა ყოლა რად მიჩნდეს სალამე!”

1531. გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა, ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა, კაცი ორმოცი ათასი ყუა ცხენებითა ვარგითა, მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.

1532. სამ თვე ვლეს, ღმერთსა მათებრ სხუა ნურა ნუ დაებადოსა! მოეგებნიან; მტერობა ვერავინ დაიქადოსა! მინდორსა შიგან სადილად გარდაჴდეს უდელადოსა, ვითა მართებდათ, პურობდეს, ღუინოსა სმიდეს, არ დოსა.