ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1494. შევიდეს, ნახეს თინათინ მჭურეტთა მიმცემი ჭირისა; სკიპტროსან გუირგუინოსანსა შუენოდა ცმა პორფირისა; მისრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა, შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მგზავსი გმირისა.

1495. ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს, მოეგებნეს, აკოცეს და საუბარი დააჰამეს, იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს, ბროლ ბალახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.

1496. თინათინ ზედა აწუივნა ტახტსა მეფეთა ზეთასა; ტარიელ უთხრა: “შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა, დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა, მე ლომი ლომთა დაგისუა გუერდსა შენ მზესა მზეთასა”.

1497. ორთავე ჴელი მოკიდეს და დასუეს ტახტსა თავისსა; გუერდსა დაუსუეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა; უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა, ნუ ეჭუ მიჯნურად მათებრსა, ნუცა თუ რამინს და ვისსა.

1498. ქალსა შესწბა, გაუკუირდა ავთანდილის გუერდსა ჯდომა, ფერი კრთა და გაუფიცხა შედაგამო გულმან კრთომა; მეფე ეტყუის: “შვილო, ჩემგან გაქუს სირცხუილი თუ რა ზომა, ბრძენთა უთქუამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ წაჴდომა”.

1499. “აწ, შვილო, ღმერთმან თქუენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა, სუე, სუიანობა, დიდობა, კულა ჭირთა გარდუხდელობა, ცამცა ნუ შეგცულის, მოგჴუდების თუით მისებრ შეუცვლელობა, მე მესწრას თქუენი სამარე, მიწათა შემოყრილობა.

1500. მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყუანება: “ესეაო მეფე თქუენი, ასრე იქნა ღმრთისა ნება, დღეს ამას აქუს ტახტი ჩემი, მე სიბერე, ვითა სნება, ჩემად სწორად ჰმსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება”.

1501. ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს, მდაბლად ეთაყუანნეს; მოაჴსენეს: “მიწად ვექმნეთ, ვინცა მიწად მიგუიყუანნეს, მორჩილ ქმნილნი დაგუამდიდნეს, ურჩნი მკუდართა დაგუაგუანნეს, მტერთა მკლავნი შეაძუტნეს, გულნი ჩუენნი აგულვანნეს.”

1502. ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა თავსა დება; ქალსა ეტყვის : “შემიყრიხართ, აღარა გწუავს ცეცხლთა დება, ქმარი შენი ძმაა ჩემი, აგრევე მწადს თქუენი დება. ორგულთა და შემცილეთა თქუენთა მე ვქმნა გაფლიდება”.

აქა ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან

1503. მას დღე ავთანდილ ჴელმწიფედ ზის და ჴელმწიფე ზენია, მას თანა მჯდომსა ტარიელს შუენიან სინაზენია; ნესტანჯარ ახლავს თინათინს, ვინ მჭურეტთა ამაზრზენია, გავს თუ, ცა მოდრკა ქუეყანად, შეყრილან ორნი მზენია.

1504. დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა, ზროხა და ცხუარი დაკლული არს უმრავლესი ხავსისა, შეიქნა ძღუნობა ძღუენისა, მათისა შესამგზავსისა, მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა, მზისა მგზავსისა.

1505. იაგუნდისა ჯამები იყუის, ლალისა ჭიქები, კულა უცხო ფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო უცხო სიქები, მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები, მჭურეტელო, გულსა ეტყოდი: “ნუ აეხსნები, იქ ები!”

1506. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, ისმოდის ჴმა წინწილისა; შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბალახშისა თლილისა; მსმელთათუის წყარო ღუინისა ასგან დის, მგზავსი მილისა, ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდაჴდა ჟამი დილისა.

1507. არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი; მოდიოდა მარგალიტი მოფანტული, მონაყარი; გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი; სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი;

1508. ხუალისად მეფე არაბთა კულავ პურობს, არ ღაფალია; ტარიელს უთხრა: “შენი მზე საჭურეტლად სატურფალია. მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია; ჴამს, ყურსა გუეგდოს საყურად ჩუენ თქუენი ნატერფალია”.

1509. აწ, მეფეო, არ ეგების ჩუენი სხდომა თქუენად სწორად”. საჴელმწიფო საჯდომი და სხუა დაუდგა ტახტი შორად. ქუემოდ დასხნა ავთანდილ და ცოლი მისი მათად სწორად. პირველ ძღუენი ტარიასთუის მოიღიან, იდვის გორად.

1510. არაბთა მეფე მასპინძლობს, იქს ოდენ არიფობასა, ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ მათ, არ იჴმობს ჴელმწიფობასა, გასცემს და უქებს ყოველნი უხუბა იეფობასა, ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩუეული თუით მეფობასა.

1511. თინათინს ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა, სიყუარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა; რომე სძღუნა, არა ეგების თქმა არცა ნაათალისა, თუითო სკიპტრა და პორფირი და გუირგუინები თვალისა.

1512. კულა ეძღუნა ძღუენი ორთავე, მგზავსი მათისა ბედისა, ათასი თუალი, ნაშობი რომანულისა დედისა, კულა მარგალიტი ათასი, მართ ვითა კუერცხი ტრედისა, ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მგზავსი ქედისა.