ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

1256. ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა჻ ესე წიგნი მიართვიო ქალსა მზისა დასაგვანსა჻ მან გრძეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა჻ მასვე წამსა გარდაიკარგა გარდაფრინდა ბანის ბანსა჻

1257. წავიდა ვითა ისარი კაცისა მშვილდ ფიცხელისა჻ რა ქაჯეთს შეხდა ქმნილ იყო ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა჻ უჩინლად შევლო სიმრავლე მოყმისა კართა მცველისა჻ მას მზესა კადრა სალამი მისისა სასურველისა჻

1258. ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი჻ შევიდა ზანგი პირ შავი თმა გრძელი ტან ნაბდიანი჻ იგი მზე დაკრთა ეგონა სამოსი რამე ზიანი჻ შესცვალა ვარდი ზაფრანად ლაჟვარდის ფერად იანი჻

1259. ქაჯმან უთხრა ვინ გგონივარ ანუ აგრე რად დაბნდები჻ მე ვარ მონა ფატმანისა თქვენს წინაშე ნამგზავრები჻ ამა წიგნმან გამამართლოს არ ტყუვილად გეუბნები჻ მზისა შუქნი მოიცადე ვარდო ადრე ნუ დასჭნები჻

1260. პირ მზე გაკვირდა ფატმანის ამბითა საკვირველითა჻ ნუშნი გააპნა შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა჻ მას იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა჻ სულთქვამს იკითხავს უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა჻

1261. მონასა კითხა მიამბე ვინ არის ჩემი მძებნელი჻ ანუ ვინ მიცის ცოცხალი მიწასა ზედან მტკებნელი჻ მან მოახსენა ვიკადრებ რასაც ოდენ ვარ მცნებელი჻ რა წამოსრულ ხარ მას აქეთ შენგან ჩვენია მზე ბნელი჻

1262. ფატმანის გული მას აქეთ ლახვართა შენახევია჻ მას რომე ცრემლი სდიოდეს ზღვათაცა შენართევია჻ მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლავ მიმირთმევია჻ ღ~თსა ვიმოწმებ მას აქათ ტირილი არ დამლევია჻

1263. აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა჻ მან უთხრა წვრილად ყოველი თქვენ ხართ რათაცა ჭირითა჻ იგია შენი მძებნელი მკლავითა ვითა გმირითა჻ მე გამომგზავნეს დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა჻

1264. ქალმან უთხრა მემართლების ყმაო შენი ნაუბარი჻ ფატმან ჩემი რა იცოდა ვიყავ ვისი წანაგვარი჻ უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მამდებარი჻ მე მიუწერ შენცა კადრე ვარ ვითამცა გულ მდუღარი჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთან მიწერილი჻

1265. პირ-მზე ვსწერ აჰა ხათუნო დედისა მჯობო დედაო჻ მისგან ტყვე ქმნილსა სოფელმან რა მიყო ამას ხედაო჻ მე გლახ მათ ჩემთა პატიჯთა სხვაცა დამერთო ზედაო჻ აწ ვნახე შენი უსტარი მე დიდად მეიმედაო჻

1266. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა გამიადვილე ჭირები჻ აწ ასრე სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები჻ ერთსა მცავს ერთი სამეფო ბევრჯელ ათასი გმირები჻ ავად მამიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები჻

1267. სხვა ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე჻ ქაჯთა მეფე არ მოსულა არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე჻ მაგრამ სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფერე჻ რასა ქვია ძებნა ჩემი არ ეგების დაიჯერე჻

1268. ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა ცუდ მაშვრალია჻ იჭირვის იწვის ენთების ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია჻ მაგრა მას ვნატრი უნახავს მზე ამად არ დამზრალია჻ უმისოდ ჩემი სიცოცხლე ვამე რა დიდი ბრალია჻

1269. შენ ამბავი არ გიამბე მაშინ ამად დაგიმალე჻ ვერ იტყოდა ენა ჩემი თავი ჭირთა გავაკრძალე჻ გეხვეწები საყვარელსა შემიხვეწე შემაბრალე჻ ნუ წამოვა ძებნად ჩემად მიუწერე შეცასთვალე჻

1270. მე რომ მჭირს კმარის ნუ მამკლავს ამისითავე სწორითა჻ მას მკვდარსა ვნახავ მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა჻ ვერას ვინ მარგებს დასტურად ვიცი არ რამე ჭორითა჻ არ დაგმორჩილდეს დამქოლე შავისა ქვისა ყორითა჻

1271. გეთქუა ნიშნისა გაგზავნა აწ ესე განამჟღავნია჻ მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია჻ ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია჻ თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მგზავსად შავნია჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი჻

1272. აწ საყვარელსა მიუწერ გულ ამოსკვნილი მტირალი჻ მისმანვე ცრემლმან დაუვსის ვის ედებოდა ვის ალი჻ დაწერა წიგნი მსმენელთა გულისა გასაგმირალი჻ ვარდი გააპის გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი჻

1273. ჱე ჩემო ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები჻ ტანი კალმად მაქვს კალამი ნაღველთა ამონაწები჻ მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები჻ გულო შავ გულო დაბმულხარ ნუ აეხსნები აწ ები჻