... (Q-296), XVIII ს.

1445. თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია მაგრა მათ მიჰხვდა უკვდავი მუნ დიდი სანუკვარია ესე თქვა ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია ნარგიზთა იძრვის ბორიო ვარდსა სძრავს იანვარია

1446. მუნ ატირდეს ყუელაკანი რა ტირილად იგი ნახეს რაცა ვისცა დაჰკლებოდა მათ ტირილით სულთქმით ახეს დადუმდეს და მოახსენეს რადგან ბრძენთა მზეებრ გსახეს თქვენსა მჭვრეტთა მღერა მართებს რასათვისმცა ივაგლახეს

1447. ვინ ღირსა თქვენსა ეგზომსა ტირილსა შეჭირვებასა თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა კვლავ ფრიდონ ჰკადრა მეფესა ნურად იქ გამწარებასა ღმერთიმცა მუქაფათ მოგიზღავს ათასსა გახარებასა

1448. ავთანდილცა მიუმტკივნა იტყვის დიდსა სიმძიმილსა მათ შეასხეს ქება უთხრეს თავნი მივცნეთ აწ ღიმილსა რადგან მიხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა აღარა ვსტირთ სატირალსა აღარ დავსდებთ თვალთა მილსა

1449. მივიდეს სადა ქალაქი დიდი მულღა ზან ზარია სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა გახდა ზათქი და ზარია დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია მოატყდეს მოქალაქენი დააგდეს მუნ ბაზარია

1450. შუკათა მოდგნეს ვაჭარნი ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია შორს უარებდეს სარანგნი ჴელთა აქუს მათ აბჯარია მოიჯრებოდეს ჯალაბნი სარანგთა დამსაჯარია მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია

1451. გადახდეს ფრიდონისასა სრა ნახეს მოსაწონები გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები თავსა აყრიდეს ოქროსა ხვეტს ჯარი მუნ ნარონები

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან

1452. მათ ქალ ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ ძოწეული წითელ ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული ავთანდილისთვის ყვითელი და შავი ერთგან რეული მოვიდეს დასხდეს მჭვრეტელი ვცან მათი სულდალეული

1453. მგოსანნი მოდგეს ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა ქორწილი ქნეს და გამრავლდა ძღვნობა ლარისა ლბილისა ფრიდონის პურად კარგისა არ მასპინძლისა წბილისა ნესტან დარეჯანს უშვენის ღიმილი ჩენა კბილისა

1454. მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არ–ალქატისა ცხრა მარგალიტი სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა კვლა ერთი თვალი უსახო სამზგავსო მზისა შუქ მონამატისა მას წინა ღამით ძალ ედვის მხატვარსა ხატვა ხატისა

1455. კვლავ უძღვნა თვითო ფარღული გარდასაყრელი ყელისა მრგვლად დათლილისა თვალისა იაგუნდისა მრთელისა კვლავ მოაქვს ერთი ტაბაკი მძლედ საჭირავი ჴელისა ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა

1456. იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტისა სხვილითა ავთანდილს უძღვნა ყველაი არა სიტყვითა წბილითა აივსო სახლი სტავრითა და ოქსინოთა ლბილითა ტარიელ მადლი უბრძანა ლაღმან სიტყვითა ტკბილითა

1457. ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა ყოვლთა დღეთა მიართმიდეს უფასოსა ძღვენსა მზასა დღე და ღამე არ გასწყვედდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა აჰა მიხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა

1458. ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე ერთ სიტყვები გულისა არს გული თქვენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა არ გემუქფების სიცოცხლე არცა მოცემა სულისა მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა

1459. ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება შენ მიდი ჰკითხე რა უნდა მან ქნას ამისი ცხადება ვითა დამივსო საჴმილი ეგრე მისიცა კმა დება

1460. უთხრა ძმაო რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირახულსა ღმერთი მოგცემს წყალობასა მისგან ზეცით შესახულსა თუ ვერა ვიქ საწადელსა შენსა შენთვის გაზრახულსა არა ვნახავ სახლსა ჩემსა არ დარბაზსა არცა ხულსა

1461. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა ანუ რად მოგეხმარები ვარჩევ წავიდეთ არაბეთს იყავ ჩემიცა მარები ტკბილის სიტყვითა გავმართოთ და ჴლითა საომარები თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ მე ჩემსა არ ვექმარები

1462. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა მას გაეცინნეს გაღიმდა შვენოდა მხიარულობა თქუა თუ მეშველი რად მინდა მჭირს არა ვისგან წყლულობა ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს არცა სჭირს ლხინ ნაკლულობა

1463. ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის მორჭმული ღმრთისა ნებითა საკრძალავი და უკადრი ლაღი არვისგან ვნებითა არცა რა უმძიმს ქაჯთაგან არცა გრძნეულთა გრძნებითა მას ზედა შველა რად მინდა რად მეჭვ რასაცა თნებითა