... (Q-296), XVIII ს.

1464. რა მოვა ჩემთვის განგება ზეცით მოსრულნი ზენანი ღმერთი იწადებს მომივლენ გულის სახმილთა ლხენანი მაშინვე დამხვდენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი უმის ჟამისოდ ცუდია ჩემგან მიდამო რბენანი

1465. მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი ჩემგან თხრობილი მადლი რად უნდა მეფეო ხარ რაზომ გინდა ლმობილი ვარ მუცლიდგანვე დედისა თქვენად სამონოდ შობილი ღმერთმან მუნამდის მიწა მქნას ვირ მეფე იყო ცნობილი

1466. გებრძანა შეყრა მწადიან საყვარელისა შენისა ეგე არს მზგავსი გულისა ლმობიერისა თქუენისა მუნა მე ჴრმალი არ მიკვეთს არცა სივრცელე ენისა მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა

1467. «ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე ჰინდოეთს გნახო მორჭმული საჯდომთა ზედა მჯდომარე გვერცავე გიჯდეს მნათობი პირი ელვათა მკრთომარე მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს არვინ ჩნდეს მუნ მეომარე

1468. «რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი მაშინღა მივალ არაბეთს მამხვდენ მის მზისა ხლებანი ოდისცა სწადდეს დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი სხვა თქვენგან არა არ მინდა მძულან რასაცა თნებანი»

1469. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი მან ბრძანა მაგას არა ვიქ ამას არ უნდა მისანი ვითა მან პოვნა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალგულნი ძმისანი

1470. მიდი უთხარ ჩემაგიერ სიტყვა ჩემგან არნათნები «მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები ვეჭვ მრავალი დამეხოცოს მონა მისგან საყვარლები ვითხოვ ხოლე შენდობასა აგეთიღა მოვბრუნდები»

1471. ესე უთხარ «ამის მეტსა მოციქულობ ნურას ნუო ხვალე წასლვა არ დავშალო არცა სიტყვა გავათუო მე არ მიზამს არაბთ მეფე რომე სიტყვა გავაცრუო ამოდ ვსთხოვო ქალი მისი შევეხვეწო შევაგუო»

1472. უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა არ დადგებისო ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა მას დაუმძიმდა მოედვა კვლა გულსა კუამლ ალმულობა ასრე ჴამს რიდი მეფეთა ყმათაგან მოკრძალულობა

1473. ავთანდილ მივა მუჴლ მოყრით ტარიას შესახვეწელად ფერჴთა ეხვევის აკოცებს აღარ შეხედავს ზე წელად ეტყვის კმა რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად კვლავ ნუ მიქ ერთგულობისა გამტეხლად დაცამლეწელად

1474. რასაცა ლამი არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია გამზრდელსა ჩემსა ვით ვკადრო მე საქმე სამუხთალია მე მისთვის ჴელი ვით გავძრა ვინ ჩემთვის ფერ ნამკრთალია ვით მოიჴმაროს მონამან პატრონსა ზედა ჴმალია

1475. ეგე საქმე მედა ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს ვაი თუ გაწყრეს გაგულისდეს კუშტი გულსა შეაურვებს ამბავსაცა დამიძვირებს ჭურეტისათვის მამასურვებს შენდობასა ჴორციელი კაცი ვერა დამიურვებს

1476. ტარიელ უთხრა სიცილით მან მზემან შუქ ნაფენამან ჴელი მოჰკიდა ავთანდილს ამართა ააყენამან მიყოო კარგი ყუელაი მომართებამან შენამან მაგრა სჯობს შენცა გალხინოს ჩემან შენითა ლხენამან

1477. დია მძულს მეტი მოყურისა შიში კრძალვა და რიდობა მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულ მძიმობა დიდობა თუ მოყვარეა გულისა ქნას ჩემკენ მონაზიდობა თვარე მე ჩემდა იგ მისდა დია სჯობს კიდის კიდობა

1478. მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა რადმცა რა ვჰკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქუს სანატრელისა

1479. ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით რადგან ბოლო შეყრავეა სიშორესა ვით ეთნებით დააშვენეთ ერთმანეთი თავის თავის ნუ დასჭკნებით

1480. რა ავთანდილ ტარიასგან ცნა წასლვასა არ დაშლიდა არა ჰკადრა შეცილება საუბარსა ზედა რთვიდა ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა თანა წაჰყვა განაღამცა მათთანავე გზასა ვლიდა

ტარიელისაგან ქვაბსავე მისლვა მეორეთ და საჭურჭლეთ ნახვა

1481. ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს ღმერთი კარგსა მოავლინებს არ ბოროტსა არ დაბადებს ავსა წამერთ შეამოკლებს კარგსა ხან გრძლად გააკვლადებს თავსა მისსა უკეთესსა უზადო ჰყოფს არ აზადებს

1482. ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი იგი მზენი თანა მიჰყავს პირი მზისა ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი დანათხზენი მუნ ბალახშსა აშვენებდეს სინატიფე სინაზენი