... (H-741), XIX ს.

1327. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს: უსულოდ ქვე მდებარესა: შეჰფრინდა შველად მიმართა: მას ტკბილად მოუბარესა: ვერა ვერ არგო დამწვარსა: სრულად ცეცხლ ნადებარსა: მისთა ნიშანთა სიცოცხლე: მართ მისი მიიბარესა:

1328. ავთანდილ დაჯდა ტირილად: ტირს ჴმითა შვენიერითა: ყორანსა გაგლეჯს ხშირ ხშირად: აფრთხობს ბროლისა ჭერითა: გახეთქა ლალი გათლილი: ანდამატისა კვერითა: მუნით წყარონი გამოხდეს: ძოწსა ვამსგავსე ფერია:

1329. პირსა იხოკს ღაწვთა სისხლი: ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა: რაცა ვჰქმენო არ უქნია: არცა შმაგსა არცა რეტსა: წყალი სწრაფით რად დავასხი: ცეცხლსა ძნელად დაშაშრეტსა: ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს: გული ლხინსა მეტის მეტსა:

1330. მე მოვჰკალ ჩემი მოყვარე: რა მმართებს გაწბილებულსა: თავსა ვაბრალობ საქმესა: არ დასმით გაგონებულსა: ცრუ კაცი კარგა ვერა იქმს: საქმესა გაძნელებულსა: თქმულა სიწყნარე გმობილი: სჯობს სიჩქარესა ქებულსა:

1331. უცნობო ქნილი ტარიელ: ძეს მსგავსად ნატუსალისად: ავთანდილ ადგა გამოვლნა: შამბნი საძებრად წყალისად: მან ჰპოა სისხლი ლომისა: მოაქვს სავსებლად ალისად: მკერდსა დაასხა გავეხდა: ლაჟვარდი ფერად ლალისად:

1332. ავთანდილ მკერდსა დაასხა: მას ლომსა სისხლი ლომისა: ტარიელ შეკრთა შეიძრა: რაზმი ინდოთა ტომისა: თვალნი აახვნა მიეცა: ძალი ზე წამოჯდომისა: ლურჯათ ჩანს შუქი მთვარისა: მზისგან შუქ ნაკრთომისა:

1333. ზამთარი ვარდთა გაახმობს: ფურცელნი ჩამოსცვივიან: ზაფხულის მზისა სიახლე: დასწვავს გვალვასა ჩივიან: მაგრა მაზედა ბულბულნი: ტურფასა ხმასა ჰყივიან: სიცხე სწვავს ყინვა დააზრობს: წყლულნი ორჯელვე სტკივიან:

1334. აგრევე გული კაცისა: მოსაგვარებლად ძნელია: ჭირსა და ლხინსა ორზედვე: ზედან მართ ვითა ხელია: მიწყივ ჰწყლულდების საწუთრო: მისი აროდეს მრთელია: იგი მიენდოს სოფელსა: ვინცა თავისი მტერია:

1335. ტარიელ ნახა ნაწერი: კვლაცა მკვლელისა მისისა: იკითხავს თუცა აშეთებს: კითხვა წიგნისა მისისა: დაუყვის ცრემლმან სინათლე: ბნელად ჩანს შუქი დღისისა: ავთანდილ ადგა დაუწყო: თხრობა სიტყვისა მქისისა:

1336. იტყვის თუ ნაქმრად არ ვარგა: კაცისა გასწავლილისა: აწ რადღა გვმართებს ტირილი: ხამს დავსხდეთ ქნად ღიმილისა: ადეგ წავიდეთ საძებრად: მის მზისა წახდომილისა: ადრე მიგიყუან მიყვანა: არს შენგან მონდომილისა:

1337. ვითა გვმართებს გახარება: პირველ აგრე გავიხარნეთ: მერმე შევსხდეთ გავემართნეთ: ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ: ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ: მათნი ზურგით დავიყარნეთ: უჭირველნი შემოვიქცეთ: იგი მძორთა დავადარნეთ:

1338. მერმე ტარიელ ამბავსა: ჰკითხავს აღარა ბნდებოდა: შეხედნის თვალნი ამართნის: შავ თეთრი ელვა ჰკრთებოდა: მართ ვითა ლალსა მზისაგან: მას ფერი ეზარდებოდა: ვინ ღირსა თუმცა წყალობით: ცა მიწყივ მობრუნდებოდა:

1339. ავთანდილს მადლი უბრძანა: ქნა უყო საუბარისა: მე შენი ქება ვითა ვსთქვა: ბრძენთაგან საქებარისა: ვითა ზე მთისა წყარომან: მომრწყე ყვავილი ბარისა: დამწყვიტე დენა ცრემლისა: ნარგისთა ნაგუბარის:

1340. მე ვერა გიყო ნაცვალსა: ღ~თი გარდგიხდის ციერი: ზეგარდმო მისით შემოგზღოს: მუქაფა ჩემმაგიერი: შესხდეს და შინა წავიდეს: მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი: აწ გავეაძღო სოფელმან: ასმათ აქამდის მშიერი:

1341. ქვაბისა კარსა ასმათი: მარტო ზის არ ბარგოსანი: შეხედნა იცნა ტარიელ: თანა ყმა ჭარმაგოსანი: ორნივე ტურფად იმღერდეს: ვით იადონი მგოსანი: მაშინვე იცნა ავარდა: მოშლილი პერანგოსანი:

1342. აქამდის მიწყივ ენახა: ქვაბს მისვლა მოტირალისა: აწ გაუკვირდა დანახვა: სიცილით მომღერალისა: ზარ აღებული ავარდა: ცნობა უძს ვითა მთვრალისა: არ იცის სმენა ამბისა: ჯერთ მისგან სასურვალისა:

1343. მათ რა ნახეს შემოჰყივლეს: სიცილით და კბილთა ჩენით: ჱე ასმათო მოგვივიდა: მოწყალება ღ~თისა ზენით: ვჰპოვეთ მთვარე დაკარგული: რაცა გწადდა იგი ვქმენით: აწ გავხედით ბედისაგან: ცეცხლთა შრეტით ჭირთა ლხენით:

1344. ავთანდილ ცხენსა გარდახდა: ასმათის მოსახვეველად: მან მიჰყო ხელი ალვასა: შტო მოჰყვა მოსარხეველად: ყელსა და პირსა აკოცებს: არის ცრემლისა მფრქვეველად: რა სცანო რა ჰქენ მიამბე: ვტირ შენი მოაჯე ველად:

1345. ავთანდილ ასმათს უსტარი: მისცა მისისა ზრდილისა: ალვისა შტო დამჭნარისა: მთვარისა ფერ მიხდილისა: უთხრა თუ ნახე ნაწერი: მის პატიჟ გარდახდილისა: მზე მოგვეახლა მოგვეცა: ჩვენ მოშორვება ჩრდილისა:

1346. ასმათ რა ნახა უსტარი: ცნა მისი დანაწერობა: გაჰკვირდა ზარმან აიღო: ათრთოლებს ვითა ხელობა: ტერფით თხემამდის გაუხდა: მას დიდი საკვირველობა: იტყვის რა ვნახე რა მესმის: არსცა ამისი მრთელობა: