... (S-2781), XIX ს.

59. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა თჳთო აივსეს ჭიქები მივლენ ქცევითა წყნარითა წინა მიუსხდეს მუხლმოყრით პირითა მოცინარითა ვეზირი ლაღობს ენითა წყლიანად მოუბნარითა

60. დაგიღრეჯია მეფეო აღარ გიცინის პირიო მართალ ხარ წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარხშირიო ყოლამცა მეფედ ნუ დასვი თავსა რად უგდე ჭირიო

61. რა მეფემან მოისმინა გაცინებით შემოხედნა გაუკვირდა ვით მკადრაო ან სიტყუანი ვით გაბედნა კარგა ჰქმენო დაუმადლა წყალობანი უიმედნა ჩემი ძრახვა სიძუნწისა ტყუის ვინცა დაიყბედნა

62. ეგე არ მიმძიმს ვაზირო ესეა რომე მწყენია სიბერე მახლავს დავლიე სიყმაწვილისა დღენია კაცი არ არის სითგანცა საბრძენებელი ჩვენია რომე მას ჩემგან ესწავლოს სამამაცონი ზნენია

63. ერთაი მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა ღმერთმან არ მომცა ყმაშვილი ვარ საწუთროსა თმობითა ანუმცა მგუანდა მშვილდოსნად ანუ კვლა ბურთაობითა ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა

64. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა თავმოდრეკით გაიღიმნა გაცინება დაუშვენდა თეთრთა კბილთათ გამომაკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა მეფე ჰკითხავს რას იცინი ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა

65. კულავ უბრძანა თავსა ჩემსა რას იცინი რად დამგმეო ყმამან ჰკადრა მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო რაცა გკადრო არ გეწყინოს არ გარისხდე არ გასწყრეო არ გამხადო კადნიერად არ ამიკლო ამათზეო

66. უბრძანა რამცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა ჰფიცა მზე თინათინისა მის მზისა მოწუნარისა ავთანდილ იტყვის დავიწყო კადრება საუბარისა ნუ მოკვეხ მშვილდოსნობასა თქმა ჰსჯობს სიტყვისა წყნარისა

67. მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია ნაძლევი დავდუათ მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია მოასპარეზედ ვინ მსგავსო ცუდნიღა უკუთქმანია გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია

68. მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა ბრძანე ვისროლოთ ნუ იქო შედრეკილობა კლებასა კარგთა ყმათასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა მერმე გამოსჩნდეს მოედანს ვისძი უთხრობდენ ქებასა

69. ავთანდილცა დაჰმორჩილდა საუბარი გარდაწყვიდეს იცინოდეს ყმაწვილობდეს საყვარლად და კარგად ზმიდეს ნაძლევიცა გააჩინეს ამა პირსა დაასკვნიდეს ვინცა იყოს უარესი თავშიშველი სამ დღე ვლიდეს

70. კულავ ბრძანა მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად თორმეტი ჩვენად ისრისა მომრთმევლად მოსახმარებლად ერთაი შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად ნასროლ ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად მიუმცდარებლად

71. მონადირეთა უბრძანა მინდორნი მოიარენით დასცევით ჯოგი ნადირთა თავნი ამისთვის არენით ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს მოდით და მოიჯარენით მათ სრულ ყვეს სმა და ნადიმი მუნ ამაოდ გავიხარენით

როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა

72. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი ძოწეულითა მოსილი პირად ბროლბადახშოსანი პირ ოქრო რიდე ეხვია ჰშვენოდა ქარქაშოსანი მეფესა გასლვად აწვევდა მოდგა თეთრტაიჭოსანი

73. შეეკაზმა მეფე შეჯდა ნადირობას გამოვიდეს მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს ალყას გარე შემოჰკრვიდეს ზეიმი და ზარი იყო სპანი ველთა დაფარვიდეს ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს

74. უბრძანა მონა თორმეტი მოდით ჩვენთანა ვლიდითა მშვილდსა ფიცხელსა მოგუცემდით ისარსა მოგვართმიდითა ნაკრავსა შეადარებდით ნასროლსა დასთუალვიდითა დაიწყეს მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა

75. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშმიუწთომელი ირემი თხა და კანჯარი ქურციკი მაღლა მხლტომელი მას პატრონყმანი გაუხდეს ჭურეტადმცა სჯობდა რომელი აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი

76. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს მიხოცდეს და მიისროდეს მინდორს სისხლთა მიასხმიდეს რა ისარი დაელივის მონანიყე მოართმიდეს მხეცნი მათგან დაკოდილნი წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს

77. იგი ველი გაირბინეს ჯოგი წინა შემოისხეს დახოცეს და ამოწყვიდეს ცათა ღმერთი შეარისხეს ველნი წითლად შეცაღებნეს ნადირთაგან სისხლი ისხეს ავთანდილის შემხედველთა ჰგავსო ალვას ედემის ხეს