... (S-2781), XIX ს.

20. ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა მობურთალსა მოედანი მართლად ცემა მარჯვედ ქნევა მართ აგრევე მელექსესა ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა

21. მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა რა ვეღარ მიხუდეს ქართულსა დაუწყოს ლექსმან ძვირობა არ შეამოკლოს ქართული არა ქმნას სიტყვა მცირობა ჴელმარჯვედ სცემდეს ჩოგანსა იხმაროს დიდი გმირობა

22. მოშაირე არა ქვიან თუ სადმე თქვას ერთი ორი თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი განაღა სთქვას ერთი ორი უმსგავსო და შორიშორი მაგრამ იტყვის ჩემი სჯობსო უცილობლობს ვითა ჯორი

23. მეორე ლექსი ცოტაი ნაწილი მოშაირეთა არ ძალუც სრულქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა ვამსგავსე მშვილდსა ბედითსა ყმაწვილთა მონადირეთა დიდსა ვერ მოკვლენ ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა

24. მესამე ლექსი კარგია სანადიმოდ სამღერელად სააშიკოდ სალაღობოდ ამხანაგთა სათრეველად ჩვენ მათიცა გუხამების რაცა ოდენ თქვან ნათელად მოშაირე არა ჰქვიან ვერას იტყვის ვინცა გრძელად

25. ხამს მელექსე ნაჭირვებსა თვისსა ცუდად არ აბრკმობდეს ერთი უჩნდეს სამიჯნურო ერთსა ვისმე აშიკობდეს ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს მას აქებდეს მას ამკობდეს მისგან კიდე ნურა უნდა მისთვის ენა მუსიკობდეს

26. ჩემი აწ სცანით ყოველმან მას ვაქებ ვინცა მიქია ესე მჩანს დიდად სახელად არ თავი გამიქიქია იგია ჩემი სიცოცხლე უწყალო ვითა ჯიქია მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს მიქია

27. ვსთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა ძნელად სათქმელი საჭირო გამოსაგები ენათა იგია საქმე საზეო მომცემი აღმაფრენათა ვინცა ეცდების თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა

28. მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან ენა დაშვრების მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან ვსთქუა ხელობანი ქვენანი რომელნი ხორცთა ჰხვდებიან მართ მასვე ჰბაძვენ თუ ოდეს არ სიძვენ შორით ბნდებიან

29. მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა მით რომე შმაგობს მისისა ვერ მიხუდომისა წყენითა ზოგთა აქვსთ საღმრთო სიახლე დაშვრების აღმაფრენითა კულავ ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედან ფრენითა

30. მიკვირს კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა ვინცა უყვარს რად აყივნებს მისთვის მკუდარსა მისთვის წყლულსა თუ არ უყვარს რად არა სძულს რადღა ეტრფის რაცა სძულსა ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა

31. თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს ტირილსა ემართლების სიარული მარტოობა შვენის გაჭრად დაეთვლების მას იგონებდეს მისგან კიდე ნურაოდეს მოეცლების არ დააჩნდეს მიჯნურობა სჯობს თუ კაცსა იახლების

ამბავი როსტევან არაბთა მეფისა

32. იყო არაბეთს როსტევან მეფე ღმრთისაგან სვიანი მაღალი უხვი მდაბალი ლაშქარმრავალი ყმიანი მოსამართლე და მოწყალე მორჭმული განგებიანი თჳთ მეომარი უებრო კვლა მოუბარი წყლიანი

33. სხუა ძე არ ესვა მეფესა მართ ოდენ მარტო ასული სოფლისა მნათი მნათობი მზისაცა დასთა დასული მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული გონება და სული ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული

34. მისი სახელი თინათინ არს ესე საცოდნარია რა გაიზარდა გაივსო მზე მისგან საწუნარია მეფემან იხმნა ვაზირნი თვით ზის ლაღი და წყნარია გვერდსა დაისხნა დაუწყო მათ ამო საუბნარია

35. უბრძანა გკითხავ საქმესა ერთგან სასაუბნაროსა რა ვარდმან თვისი ყვავილი გაახმოს დაამჭნაროსა იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა მზე ჩაგვისვენდა ბნელსა ვსჭურეტთ ღამესა ჩვენ უმთვაროსა

36. მე გარდასრულვარ სიბერე მჭირს ჭირთა უფრო ძნელია დღეს არა ხვალე მოვკუდები სოფელი ასრე მქმნელია რაღაა იგი სინათლე რასაცა ახლავს ბნელია ჩემი ძე დავსუათ ჴელმწიფედ ვისგან მზე საწუნელია

37. ვაზირთა კადრეს მეფეო რად ბრძანე თქვენი ბერობა ვარდი თუ დაჭკნეს ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა მისივე მეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმა ვითამცა ჰკადრა მტერობა

38. მაგას ნუ ბრძანებთ მეფეო ჯერ ვარდი არ დაგჭნობია თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია ჰხამს განაღამცა საქმნელად რაცა თქვენ გულსა გლმობია სჯობს და მას მიეც მეფობა ვისგან მზე შენაფლობია