... (A-859), 1841 წ.

41. გამოემართა ავთანდილ, მოყმე მხნე ლაღად მავალი. ოც დღე იარა ღამესა, დღე ზედა წართო მრავალი. იგია ლხინი სოფლისა, იგია ლხინი და ვალი. არ მისცილდები თინათინ, მისი მას ვისგან სწვავალი:-

42. რა მოვიდა სიხარული, შიგან გაჰხდა სამეფოსა. მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდენ იეფოსა. იგი პირ მზე არ მოსცდების, სიარულსა სასწრაფოსა. მიხვდეს მყოფნი მას წინაშე, სიხარულსა სადაფოსა:-

43. ქალაქი ჰქონდა მაგარი, საზაროდ სანაპიროსა. გარეთ კლდე იყო გიამბობ, ზღუდესა უქვიტკიროსა. ყმამან მუნ დაჰყო სამი დღე, ამოსა სანადიროსა. გაზრდილი მისი შერმადინ, დაისვა სავაზიროსა:-

44. ესეა მონა შერმადინ, ზემოცა სახელდებული. თანა შეზრდილი ერთგული, და მისთჳს თავ დადებული. მან არ იცოდა აქამდის, მის ყმისა ცეცხლი დებული. აწ გაუცხადა სიტყვები, მის მზისა იმედებული:-

45. უბრძანა აჰა შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან. ჩემნი საქმენი ყველანი, გცოდნიან გაგივლენიან. მაგრამ არ იცი აქამდის, რანიცა ცრემლნი მდენიან. მე ვისგან მქონდეს პატიჯნი, აწ მასვე მოულხენიან:-

46. მოუკლავარ თინათინის, სურვილსა და სიყვარულსა. ცხელნი ცრემლი ასოვლებდის, ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა. ვერ ვაჩენდი აქანამდის, ჭირსა ჩემგან დაფარულსა. აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა:-

47. მიბრძანა მიცან ამბავი, მის ყმისა დაკარგულისა. მოხვიდე სრულ ვჰქმნა, მაშინღა შენი წადილი გულისა. ქმარი არ მინდა უშენო, მამხვდეს ხისა რგულისა. მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა:-

48. პირველ ყმა ვარ წასვლა მინდა, პატრონისა სამსახურად. ხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად. მერმე ცეცხლი დაუმსია, აღარა მწვავს გულსა მურად. ხამს თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირსა მიუხდეს მამაცურად:-

49. ვართ უმოყვარერეს მე და შენ, ყოველთა პატრონ ყმათასა. ამისთჳს გნუკავ საქმესა, შენ ამა ჩემთა ჴმათასა. ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად სხვათა სპათასა. ამა საქმესა ვერა ვიქ, მე განდობასა სხვათასა:-

50. ლაშქართა და დიდებულთა, ალაშქრებდი პატრონობდი. დარბაზს კაცსა გაგზავნიდი, და ამბავსა მათსა სცნობდი. წიგნსა ჰსწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი. აქა სადმე არ ყოფასა, ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი:-

51. ლაშქრობა და ნადირობა, შენი ჩემსა დაასახე. აქათ სამ წელ არ მოვიდე, ხვაშიადი შემინახე. მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე. არ მოვბრუნდე მამიგლოვე, მიტირე და მივაგლახე:-

52. მაშინღა ჰკადრე მეფესა, არ საქმე სასურვალია. აცნობე ჩემი სიკვდილი, იყავ მართ ვითა მთვრალია. მიხვდა თქო საქმე რომელი, ყოვლთათჳს გარდუვალია. გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო ვერცხლი და რვალია:-

53. მაშინ უფრო მამეჴმარე, ამისგანცა უფრო მხნედრე. ნუთუ ადრე დამივიწყო, მახსენებდი ზედას ზედრე. მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე. ზრდანი ჩემნი მოიგონე, გული შენი მოიმდედრე:-

54. რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა შეეზარა. თუალთათ ვითა მარგალიტი, ცხელი ცრემლი გარდმოყარა. მოახსენა უშენომან, გულმან რამცა გაიხარა. ვიცი რომე არ დასდგები, მაგას გიშლი ამად არა:-

55. განა ქმნა ლომმან იმედი, დაგედვას რაცა მისადა. მეფისა ცამდის მაღლისა, მზისაცა უფრო მზისადა. უთქვენოდ მყოფი არ ვარგვარ, არცა თუ აქა მზი სადა. მარტოსა თავი ვით დაგიც, სავალად მაგა გზისადა:-

56. ჩემად ნაცულად დაგაგდებო, ესე სიტყვა რად მიბრძანე. რაგვარა ვჰქმნა პატრონობა, რამც გიფერე რამც გიგვანე. შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე. სჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე:-

57. ყმამან უთხრა მომისმინე, მართლად გითხრობ არა ჭრელად. რა მიჯნური ველთა ჰრბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად. მარგალიტი აღარ მიხვდეს, უსასყიდლოდ უვაჭრელად. კაცი ცრუ და მოღალატე , ხამს ლახვრისა დასაჭრელად:-

58. მისი ცეცხლი გულსა ჩემსა, დამწველი და მედებია. მას ერთსაცა ვერ გაუტეხ, რაცა მიიმედებია. შენგან კიდე არ ვინ მივის, ძმები არცა მე დებია. იმოქმედე დღეთა შენთა, რაცა გიმოქმედებია:-

59. ვისმცა უთხარ ხვაშიადი, შენგან კიდე არვინ ვარგა. უშენოსა პატრონობა, ვის მივანდო ვინ იქს კარგა. სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა. კულავ ნუთუმცა შემოვიქცე, ღ~თნ სრულად არ დამკარგა:-

60. ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს თუნდა ასი. მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი. აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა ფლასი. წიგნსა მოგცემ გმორჩილობდენ, ვინცა იყოს ჩემი ხასი:-