ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

1217. მოვიყვანე იგი მონა ახლოს დავსვი ჩემსა წინა჻ ვკითხე მითხარ რას იტყოდი გაგონება მეცა მინა჻ მან იგივე კვლავ მიამბო რაცა მუნით მამესმინა჻ ამ ამბავმან განმაცოცხლა სულ მობრძავი დამარჩინა჻

1218. მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა჻ უჩინოდ მივლენ წამოვლენ მათითა ხელოვნებითა჻ მოვასხენ ქაჯეთს გავგზავნენ ვარქვი თუ ნუ დასდგებითა჻ მაცნობეთ მისი ანბავი თქვენითა მოქმედებითა჻

1219. სამ დღე მოვიდეს მიამბეს ფიცხლა ებიჯა გზისადა჻ ვერვის შეუდგმან საჭვრეტად თვალნი მართ ვითა მზისადა჻ მიუგვრიაო მეფისა ზღვას იქით წამავლისადა჻ ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა჻

1220. როსანს შევრთოთო დულარდუხტს მეფესა უბრძანებია჻ ჯერ ქორწილოთ არა მცალს აწ გული ცეცხლ ნადებია჻ შემოვიქცევი შევისძლობ ვინ ცისა მზედ ნაქებია჻ ციხეს დაუსვამს ხადუმი ერთაი უახლებია჻

1221. ყოვლნი მცოდნენი გრძნებისა მას თანა წაუტანია჻ მით რომე გზა საჭიროა მტერნი საომრად მზანია჻ ქუე დაუყრია მოყმები ვინც უფრო გულოვანია჻ დაეყოვნების წასრულა ჯერეთ ცოტაი ხანია჻

1222. ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია჻ ქალაქსა შიგან მაგარნი კლდე მაღალი და გრძელია჻ მას კლდესა შიგან გვირაბი ასაძრომელი ხურელია჻ მუნ არის მარტო მნათობი მისთა შემყრელთა მწველია჻

1223. გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ ნასები჻ ათი ათასი ჭაბუკი დგას ყუელა კაი ხასები჻ ქალაქის კართა სამთავე სამათას სამათასები჻ გულო გაგსაჯა სოფელმან არ ვიცი და გლახ რას ები჻

1224. ესე ანბავი ავთანდილ პირ მზემან მაგარ ვადამან჻ რა მოისმინა იამა სხვად არა გააცხადა მან჻ შესწირა ღ~თსა მადლობა ტურფამან დანაბადამან჻ ამბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმანღა დამან჻

1225. ფატმანს უთხრა საყვარელო კმა ხარ ჩემთვის სასურველად჻ მე ამბავი სანატრელი მამასმინე არ პირბნელად჻ მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად჻ ქაჯნი ყველა უხორცოა რამან შექმნა ხორციელად჻

1226. მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა჻ მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქნევენ მიკვირს ქალსა჻ ფატმან უთხრა მამისმინე მართლად გხედავ მანდა მკრთალსა჻ არ ქაჯნია კაცნიაო მინდობია კლდესა სალსა჻

1227. ქაჯნი სახელად მით ქვიან არიან ერთად კრებულნი჻ კაცნი გრძნებისა მცოდნენი ზედან გახელოვნებულნი჻ ყოველთა კაცთა მავნებნი იგი ვერვისგან ვნებულნი჻ მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი დაწბილებულნი჻

1228. იქმენ რასმე საკვირველსა მტერსა თვალსა დაუბრმობენ჻ ქართა აღძვრენ საშინელთა ნავსა ზღვა ზღვა დაამხობენ჻ ვითა ჴმელსა გაირბენენ წყალსა წმიდად დააშრობენ჻ სწადდეს დღესა ბნელად იქმენ სწადდეს ბნელსა ანათობენ჻

1229. ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი჻ თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ჴორციელანი჻ ავთანდილ მადლი უბრძანა ცეცხლნი დამივსენ ცხელანი჻ დიდად მიამნეს ამბავნი სიტყვანი აწინდელანი჻

1230. გულითა ღ~თსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი჻ თქვა ღ~თო გმადლობ რომელი ხარ ჭირთა მამალხენელი჻ ყოფილი მყოფი უთქმელი ყურთაგან მოუსმენელი჻ წყალობა თქვენი იჩქითად არს ჩვენი გარმომფენელი჻

1231. მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღ~თსა ადიდებდა჻ ფატმან ეჭუდა თავისათვის ამად ცეცხლსა კვლავ იდებდა჻ ყმა ნამუსსა ინახევდა სიყვარულსა იფერებდა჻ ფატმან ყელსა ეხვეოდა პირსა მზესა აკოცებდა჻

1232. მას ღამით ფატმან იამა ავთანდილთანა წოლითა჻ ყმა უნდო გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა჻ კლავს თინათინის გონება ძრწის იდუმლითა ძრწოლითა჻ გული ხელ ქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა჻

1233. ავთანდილ მალვით ცრემლსა წვავს დენად სისხლ ნართავისად჻ შიგან მელნისა მორევსა ცურავს გიშრისა ნავისად჻ იტყვის თუ მნახეთ მიჯნურნო იგი ვინ ვარდია ვისად჻ უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მგზავსად ყვავისად჻

1234. მუნ ცრემლნი მისგან ნადენი ქვათაცა დასალბონია჻ გიშრისა ტევრსა აგუბებს ვარდისა ველსა ფონია჻ ფატმან მას ზედა იხარებს მართ ვითა იადონია჻ თუ ყვავი ვარდსა იშოვნის თავი ბულბული ჰგონია჻

1235. გათენდა ბანად წავიდა მზე სოფელს შუქ ნაკიდები჻ დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა ყაბაჩა რიდები჻ მრავალი ფერი სულნელი ტურფა პერანგი წმიდები჻ რაცა გწადდესო ჩაიცვი მე ნურას მერიდები჻

1236. ავთანდილ თქვა საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა჻ სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა჻ მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა჻ მოემატა დაშვენება დაემგზავსა ლომი მზესა჻