ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

1349. ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა, ალვისა შტო დამჭნარისა, მთვარისა ფერ-მიხდილისა უთხრა თუ: “ნახე ნაწერი მის პატიჟ-გარდახდილისა და მზე მოგვეახლა, მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა”.

1350. ასმათ რა ჰნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა, გაკვირდა, ზარმან აიღო, ათრთოლებს, ვითა ხელობა, ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა და იტყვის: “რა ვნახე, რა მესმის, არსმცა ამისი მრთელობა”.

1351. ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია, მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია, და ბოროტსა ჰძლია კეთილმან, — არსება მისი გრძელია”.

1352. ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა, ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა, ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა; და კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუცა კაცი შეიგებდა.

1353. ღმერთსა მისცეს დიდი მადლი, ჰსთქვეს: “ გვიყოო, რაცა სჯობდა აწყა ვცანით, უარესსა პირი თქვენი არ გაბრჭობდა”. ინდოთ მეფე მხიარული ხელგანპყრობით ამას ხმობდა. და ქვაბს შევიდეს მხიარული, ასმათ რასმე მასპინძლობდა.

1354. ტარიელ ეტყვის ავთანდილს: “ისმინე სიტყვა ასები, გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბედ ნუ გენასები: მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ, დავხოცე დევთა დასები, და მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები”.

1355. მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მნდომია მოდი და გავხსნათ, შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რა ზომია”. ეამა, ადგეს ორნივე, არცა ქვე ასმათ მჯდომია, და დაჰლეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედან ომია.

1356. პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლავ უნახავი თვალისა, მუნ იდვა რიყე თვალისა, ხელ-წმიდათ განათალისა, ჩნდის მარგალიტი ოდენი ბურთისა საბურთალისა, და ვინმცა ჰქმნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა.,

1357. იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი. პოეს ერთი ზარადხანა, აბჯრისათვის სახლად ქმნილი მუნ აბჯარი ყოვლი-ფერი ასრე იდვა, ვითა მწნილი, და შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდილი, არ გახსნილი.

1358. ზედა ეწერა: “აქა ძეს აბჯარი საკვირველიო, ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი, ჴმალი ბასრისა, მჭრელიო თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, დღე იყოს იგი ძნელიო და უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკვლელიო”.

1359. კიდობანი გაჰხსნეს, პოეს მუნ აბჯარი სამი ტანი, რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი, ჯაჭვი, ჴმალი, მუზარადი, საბარკული მათი გვანი, და ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს ვითა ლუსკუმანი.

1360. თვითომან თვითო ჩაიცვეს, თავის თავს გამოსცდიდიან, ჯაჭვ-მუზარადსა, აბჯარსა მართ ვერა ვერ მოჰკიდიან ჴმალი რკინისა მოჰკრიან, ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან, და მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, შევატყევ, არ გაჰყიდიან.

1361. სთქვეს: “ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა”. აიღეს იგი აბჯარი თავის თავისა ქედითა, და თვითო მათ, ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა.

1362. ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები; გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები. ავთანდილ სთქვა: “ამას იქით დავმაგრო ჴმალთა ნები,და და ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს, არ დავდგები”.

1363. აქა, მხატვარო, დახატე, ძმად უმტკიცესად ძმობილნი, იგი მიჯნურნი მნათობთა, სხვისა ვერვისგან სწრობილნი, ორნივე გმირნი, მოყმენი, მამაცობისა ცნობილნი, და რა ქაჯეთს მივლენ, გასინჯოთ ომი ლახვართა სობილნი.

ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა

1364. რა გათენდა, გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა. ნურადინის ქვეყანამდის შეისვიან მათ უკანა, მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა, და ავთანდილ კმა ყოლაოზად, სხვამცა ვინღა წაიტანა.

1365. იარეს და ზედან შეჴდეს ნურადინის მეჯოგეთა, ჯოგი ჰნახეს, მოეწონა ფრიდონისთვის ეაგეთა. მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის: “გაქნევ კარგთა სიშმაგეთა, და მოდი, ფრიდონს ველაღობნეთ, ჯოგსა მისა მოვადგეთა.

1366. “ჯოგი წაუღოთ, მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად, გამოემართვის საომრად, ველთა სისხლისა დაღებად, ანაზდათ გვიცნობს, გაკრთების, გულსა შეჰლამის დაღებად, და ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შეველიქმს ლაღებად”.

1367. დაიწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა. მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნა, ეკრა კვესებსა უყივლეს: “ვინ ხართ, მოყმენო, ვინ იქმთ საქმესა ზესებსა, და ჯოგი მისია, ვინ მტერსა ჰკრავს ჴმალსა, არ აკვნესებსა”.