ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

1329. რა ტარიელ არ შეჰსჯერდა, ავთანდილცა არ დაწყნარდა, მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გასძლო, აუჩქარდა; გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა; და რა ტარიელ ნახა, იცნა, გამოუღო, შემოვარდა.

1330. წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გაცაშალა მან, პირსა დაიდვა, დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან, სულნი გაიქცნეს, მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან, და მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ, ვერცა სალამან.

1331. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვე-მდებარესა შეფრინდა, შველად მიმართა მას, ტკბილად მოუბარესა ვერა, ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლ-ნადებარესა, და მისთა ნიშანთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა.

1332. ავთანდილ დაჯდა ტირილად, სტირს ხმითა შვენიერითა, ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ-ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერითა გახეთქა ლალი, გათლილი ანდამატისა კვერითა, და მუნით წყარონი გამოჩნდეს, ძოწსა ვამსგავსე ფერითა.

1333. პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისა მჭვრეტსა “რაცა ვქმენო, არ უქმნია არცა შმაგსა, არცა რეტსა: წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა, და ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა.

1334. “მე მოვკალ ჩემი მოყვარე, რა მმართებს გაწბილებულსა, თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დასმით გაგონებულსა. ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს საქმესა გაძნელებულსა, და თქმულა: სიწყნარე გმობილი ჰსჯობს სიჩქარესა ქებულსა”.

1335. უცნობო-ქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად, ავთანდილ ადგა, გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად, მან ჰპოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად, და მკერდსა დაასხა, გავეხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად.

1336. ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა ტარიელ შეჰკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა თვალნი აახვნა, მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა, და ლურჯად ჰსჩანს შუქი მთვარისა, მზისაგან შუქ-ნაკრთომისა.

1337. ზამთარი ვარდთა გააჴმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან, ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა სჩივიან, მაგრა მაზედა ბულბულნი ტურფასა ჴმასა ჰყივიან, და სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე სტკივიან.

1338. აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია, ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა, მართ ვითა ხელია, მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი არ-ოდეს მრთელია. და იგი მიენდოს სოფელსა ვინცა თავისი მტერია.

1339. ტარიელ ჰნახა ნაწერი კვლავცა მკვლელისა მისისა იკითხავს, თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა, და ავთანდილ ადგა, დაუწყო, თხრობა სიტყვისა მქისისა.

1340. იტყვის. “თუ ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად, აწ რადღა გვმართებს ტირილი, ჰხამს დავსხდეთ ქმნად ღიმილისად; აღსდეგ, წავიდეთ საძებრად მის მზისა წარჰდომილისად, და ადრე მიგიყვან, მიყვანა არს შენგან მონდომილი სად.

1341. “ვითა გვმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ, მერმე შევსხდეთ, გავემართნეთ, ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ, ჴმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგით დავიყარნეთ, და უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ”.

1342. მერმე ტარიელ ამბავსა კითხავს, აღარა ბნდებოდა. შეჰხედნის, თვალნი ამართნის, შავ-თეთრი ელვა კრთებოდა, მართ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა და ვინ ღირსა, თუცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა.

1343. ავთანდილს მადლი უბრძანა, ქმნა უყო საუბარისა. “მე შენი ქება ვითა ვსთქვა, ბრძენთაგან საქებარისა. ვითა ზემთისა წყარომან, მოჰრწყე ყვავილი ბარისა, და დამწყვიდე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა”.

1344. “მე ვერა გიყო ნაცვალი, ღმერთი გარდგიხდის ციერი, ზეგარდმო მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემმაგიერი”. შესჴდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ჰქონძლიერი და აწ გავეაძღო სოფელმან ასმათ, ადრითგან მშიერი.

1345. ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ჰზის, არ ბარგოსანი. შეჰხედნა, იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი; ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი; – და მაშინვე იცნა, ავარდა მოშლილი პერანგოსანი.

1346. აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისლვა მოტირალისა, აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა. ზარ-აღებული ავარდა, ცნობა უც, ვითა მთვრალისა, და არ იცის სმენა ამბისა ჯერ მისგან სასურვალისა.

1347. მათ რა ჰნახეს, შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით: “ჰე, ასმათო მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით ვპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გწადდა, იგი ვქმენით და აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით”.

1348. ავთანდილ ცხენსა გარდახდა ასმათის მოსახვეველად. მან მიჰყო ხელი ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხეველად, ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქვეველად და “რა სცანო, რა ჰქმენო, მიამბეს, ვტირ შენი მოაჯე ველად”.