ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

1368. მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს. მეჯოგენი მიიზაჴდეს, ჴმანი მათნი გაადიდნეს: “გვიშველეთო, გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს”. და ჴმა შეიქმნა, შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს, არ დარიდნეს.

1369. შეეკაზმა, ფრიდონ შესჯდა, შეკაზმული გამოვიდა; ჴმა შეიქმნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა. იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაჰზვრიდა და დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა.

1370. რა ტარიელ ფრიდონ იცნა, – “აწ ვნახეო, ვინცა მინა”. მუზარადი მოიხადა, გაიღიმა, გაიცინა ფრიდონს უთხრა: “რასა ლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა, და პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა”.

1371. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა, დავარდა და თაყვანი-ჰსცა. იგინიცა გარდაუჴდეს, მოეხვივნეს, აკოცისცა. ფრიდონ ღმერთსა ხელ-აპყრობით უსაზომო მადლი მისცა, და დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა.

1372. ფრიდონ უთხრა: “რასა ჰსდეგით, მოგელოდი უწინარე, მე მზა ვარო, სამსახური თქვენი რამცა დავიზარე” ჰგვანდა, თუცა შეყრილ-იყვნეს ორნი მზენი, ერთი მთვარე, და ერთმანერთი დაამშვენეს, გაემართნეს, იქცეს გარე.

1373. ფრიდონის სახლსა გარდაჴდეს ორნივე, ტურფად გებულსა. ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისა ძმად შეფიცებულსა. ტარიელ დაჰჯდა საჯდომსა, ოქსინო გარდაგებულსა; და მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა.

1374. უთხრეს: “ჯერ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია, მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სადმე გვისხენ სხვანია”. მან დასდვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია: და “ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია”.

1375. გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა, აბანოს ჰბანა, აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა, დამოსნა ტურფა ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა, და თვალ-მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა.

1376. “დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა, კარგნი გვინდა და ცოტანი სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი. ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ჴმალთა კოტანი, და მას ადრე ვპოებთ, ვისიცა მოგვკლავს ალვისა, ამო ტანი.

1377. “ქაჯეთს ერთ-ხელ კვლავც ყოფილვარ, ჰნახავთ, თქვენცა გემაგრების, ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერა მოადგების. თუ იდუმალ არ შევუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების, და მით ლაშქარი არად გვინდა, რაზმი მალვით ვერ მოგვყვების”.

1378. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისა ნაუბარსა. მუნ დააგდეს ქალი ასმათ ფრიდონ მისცემს საჩუქარსა. თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს, გმირთა დარსა და ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა, პირველ შენაზარსა.

1379. ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა; ფრიდონ გზა იცის, იარეს, დღისით და ღამით რებულთა. ფრიდონ სთქვა: “ვახლავთ არეთა ჩვენ, ქაჯეთს მიახლებულთა, და აქათგან ღამით ვლა გვინდა, მით არას გამჟღავნებულთა”.

1380. ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ჰზმიდიან: რა გაუთენდის, დადგიან და ღამით ფიცხლად ვლიდიან მივიდეს, აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან, და გარე კლდე იყო, გუშაგთა ჴმა ჯარვით გაადიდიან.

1381. გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია მათ ლომთა ჰნახეს ქალაქი, მთვარე დგას მუნ ნათელია სთქვეს:”ვითათბიროთ, ვითა ვქმნათ, აწ გამორჩევა ძნელია და ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია”.

თათბირი ფრიდონისა

1382. ფრიდონ სთქვა: “ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცდარია. ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია პირის-პირ ომი არ ძალგვაქვს, არ ჟამი საკვეხარია, და ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია.

1383. “ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან, მასწავლნეს მათი საქმენი, მახლტუნებდიან, მრზდიდიან ასრე გავიდა საბელსა, რომ თვალნი ვერ მომკიდიან, და ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან.

1384. “აწ ვინცა ვიცით უკეთუ შეტყორცა საგდებელისა, მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა, მას ზედა გავლა ასრე მიჩნს, ვითა გარბენა ველისა, და თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა.

1385. “აბჯრითა გავლა არად მიჩნს ჭირად გატანა ფარისა შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა, ლაშქართა დავჰხოც, გავახვამ, – ჰნახოთ გაღება კარისა, – და თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა”.

1386. ავთანდილ უთხრა: “ჰე ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან, ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა წყლულნი გტკივიან; სთათბირობ ძნელთა თათბირთა, მტერთა ივაგლახ-ივიან, მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლო ახლო ჰყივიან.