ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

1387. “რა გახვიდოდე, გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება, გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ, ამისი ჴამს დაჯერება, წაგიჴდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება, და ეგე თათბირი არ ვარგა, სხვაებრ ვქმნათ თავის ტერება.

1388. “ჰსჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა, ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა სავაჭროდა მოვეკაზმი, საქმესა ვიქმ მე მუხთალსა, და ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ჴმალსა.

1389. “სამთავე შესვლა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუები, მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შეველტყუები, მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები, და ღმერთმან ქმნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები.

1390. “შიგნითა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად, თქვენ გარეთ კართა ეცემით, ყოველნი, მსგავსად გმირისად კლიტეთა დავლეწ, გავახვამ, ნახოთ გაღება კარისად; და თუ რა სხვა ჰსჯობდეს, თქვენ ჰბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად”.

1391. ტარიელ უთხრა: “მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა, თქვენსა ძალ-გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა, პირობა; ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ჴმალთა ღირობა, და კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ქმნას გაჭირობა.

1392. “მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა: ჴმა ესმას ჩემსა სულ-ქმნილსა, ზედა გარდმოჰსდგეს, მზე ვითა, თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა. და ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.

1393. “მაგა თათბირსა ესე ჰსჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები: გავიყოთ კაცი ას-ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები, სამთავე სამგნით მივჰმართოთ, ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები და მოგვეგებვიან, ვემცრობით, ჩვენ ჴმალსა მივსცემთ მძლე ნები.

1394. ფიცხლად შეველბნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა, სამთაგან ერთი შევუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა, მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა, და ხელი კვლავ ვჰხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნაჴმარებსა.

1395. ფრიდონ უთხრა: “შემიგია, გამიგია, ვიცი მე რა, მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრობენ კარსა ვერა, ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა, და თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა”.

1396. ფრიდონ ლაღი ამხანგობს საუბართა ესოდენთა. ამაზედან გაიცინეს მათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა, ერთმანეთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა, და გარდაჴდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესჴდეს ცხენთა.

1397. კვლავ ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ-მკვახები, დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები: გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები, და ცხენებსა შესჴდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.

1398. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა ტარიელ შავსა ზედან ჰზის ტანითა მით წერწეტითა, და დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.

1399. ჩემი აწ ესე ნასთქვამი მათი სახე და დარია, რა ზედა წვიმდეს ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია, მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია, და მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.

1400. თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე-მიუწდომნია, მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია, და აწ იყურებდით, მსმენელნო, გესმნეს ფიცხელი ომნია.

1401. სამთავე სამად გაიყვეს, თვითოომან თვითო კარები, თანა ჰყვა კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები. მას ღამით უქმნეს სადარნო, უცრუო, ანაჩქარები, და გათენდა, გაჩნდეს, მიჰმართეს, თავის-თავ ჰქონდა ფარები.

1402. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად, მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დახვდეს გულხმიერად გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს ნებიერად და მიდგეს გარე, მუზარადნი დაიხურეს ჟამიერად.

1403. ანაზდათ ცხენი გაქვსლეს, მათრაჴმან შეჰქმნან წრიალი. რა ჰნახეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი. სამთავე სამგნით მიჰმართეს, თავსა მით უყვეს რიალი, და იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.

1404. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა, კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა, და ველნი მკვდართა ვერ იტევდა, გადიადდა ჯარი მკვდრისა.

1405. კაცსა უკრავად დაბნედდის ჴმა ტარიელის ხაფისა, აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდის, სიმაგრე ჯავშან-ქაფისა. სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირნი არ ჰნახეს კაფისა, და რა ქალაქს შეჴდეს, შეიქმნა სიხარკე ციხეს სწრაფისა.

1406. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს, მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლი მათნი მოეღვარნეს, უყივლეს და ერთმანერთი ჰნახეს, დიდად გაეხარნეს, და სთქვეს: “ტარიელ რა იქმნაო,” მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.