ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

1139. ვერა დავყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა჻ ვეფხი ავაზა პირ ქუშად ზის წყრომა ვერ უგრძენითა჻ კვლავცა ვაწყინეთ ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა჻ არა ვიციო გამიშვით ეს ოდენ გვითხრა ენითა჻

1140. დავსხედით და მის თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ჻ რაცა გვეთქვა შევინანეთ სხვამცა რაღა შევიწამეთ჻ ძლივ ვიაჯეთ დადუმება დავადუმეთ დავაამეთ჻ ჩვენ მივართვით ხილი რამე მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ჻

1141. უსენ იტყვის ბევრ ათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს჻ ესე ღაწვნი მზისად კმამან კაცთაგანმცა ვით იკოცნეს჻ უმართლეა ვერა მჭურეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს჻ მე თუ შვილნი მირჩევნიან ღ~თნ იგი დამიჴოცნეს჻

1142. მას უჭვრიტეთ დიდი ხანი წამოვედით სულთქმით ახით჻ შეყრა გვიჩნდა სიხარულად გაყრა დიდად ვივაგლახით჻ ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით იგი ვნახით჻ გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით჻

უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისა მეფის წინაშე჻

1143. რა გარდახდა ხანი რამე გამოვიდა ღამე დღენი჻ უსენ მითხრა არ მინახავს ძოღანდიდგან მეფე ჩვენი჻ მივაზირებ წავალ ვნახავ უდარბაზო უძღუნა ძღვენი჻ მოვახსენე დია ღ~თო ბრძანებაა ეგე თქვენი჻

1144. უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და თვალები჻ დავვედრე დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთურალები჻ ამა ქალისა ამბავსა მამკალ თუ არ ეკრძალები჻ კვლავ შემამფიცა არ ვიტყვი თავსაცა მეცეს ჴმალები჻

1145. უსენ მოვიდა ჴელმწიფე დახუდა ნადიმად მჯდომელი჻ უსენ არიფი მეფისა და მეფე მისი მდომელი჻ წინა მივიდა შეიძღუნა ძღვენი მიართვა რომელი჻ აწ ნახო მთვრალი ვაჭარი ცქაფი უწფელი წომელი჻

1146. რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი჻ კვლავ შესვეს და კვლავ აივსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი჻ დაავიწყდა იგი ფიცნი რა მუსაფნი რა მაქანი჻ მართლად თქმულა არა მართებს ყვავსა ვარდი ვირსა რქანი჻

1147. უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა უსენს მთვრალსა჻ დია მიკვირს საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა჻ მარგალიტსა დიდროანსა უმზგავსოსა პოვებ ლალსა჻ ვერ გარდვიხდი თავმან ჩემან ძღვენთა შენთა ნაათალსა჻

1148. თაყვანი სცა უსენ კადრა ჰე მაღალო ხელმწიფეო჻ ზეცით შუქთა მამფენელო მარჩენელო არსთა მზეო჻ რაცა სხვა მაქუს ვისი არის ოქრო გინდა საჭურჭლეო჻ დედის მუცლით რა გამამყვა მბოძებია თქვენგან მეო჻

1149. ამას გკადრებ თავმან თქვენმან არა გმართებს მადლი ძღვნისა჻ სხვა რამე მყავს სასძლო თქვენი შესართავი თქვენის ძისა჻ მას უცილოდ დამიმადლებთ ოდეს ნახოთ მზგავსი მზისა჻ მაშინ მეტად გაამართლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა჻

1150. რას ვაგრძელებდე გატეხა ფიცი სიმტკიცე სჯულისა჻ უამბო პოვნა ქალისა მჭვრეტთაგან მზედ სახულისა჻ მეფესა მეტად იამა მიეცა ლხინი გულისა჻ უბრძანა დარბაზს მოყუანა სრულ ქნა უსენის თქმულისა჻

1151. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯექ მუნამდის არ მიკვნესია჻ შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია჻ თანა ყუა მონა სამოცი ვით ხელმწიფეთა წესია჻ მოვიდეს დია გავკვირდი ვთქვი რამე საქმე ზესია჻

1152. მისალამეს ფატმან მითხრეს ბრძანებაა მზისა სწორთა჻ დღეს რომელი უსენ შესძღუნა ქალი მზგავსი მზეთა ორთა჻ აწ მომგვარე წავიყვანო ვლა არ გვინდა გზათა შორთა჻ ესე მესმა და დამტყდეს ცანი რისხვით ეცა გორთა჻

1153. მე გაკვირვებით კულავ ვკითხე რა ქალი გინდა რომელი჻ მათ მითხრეს უსენ შემოსძღუნა პირი ელვათა მკრთომელი჻ არას მარგებდა დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი჻ ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი჻

1154. შეველ ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ დასხმულად჻ ვკადრე მზეო ბედმან შავმან ვით მიმუხთლა ხედავ სრულად჻ ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ იავარმყო ამფხვრა სრულად჻ შემასმინეს მეფე გითხოვს ვარ ამისთვის გულ მოკლულად჻

1155. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს ეგე რაზომცა ძნელია჻ ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქნელია჻ კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს ავი რა საკვირველია჻ სხვადასხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია ძველია჻

1156. თვალთათ ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი჻ ადგა ასრე გულ უშიშრად ვეფხი იყო ანუ გმირი჻ ლხინი ლხინად არად უჩნდა მართ აგრევე ჭირად ჭირი჻ მთხოვა გარე აჯაღითა მოიბურა ტანი პირი჻

1157. შევე საჭურჭლეს რომელსა ფასი არ დაედებოდა჻ თვალ მარგალიტი ავიღე რაც ოდენ ამეღებოდა჻ თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა჻ მივე მას წელთა შევარტყი შავ გული ვისთვის კვდებოდა჻