... (H-741), XIX ს.

1193. ესე ანბავი მასთანა: ვთქვი დიაცურად ჴელურად: ჩემსავე მოსლვა მის მზისა: და გაპარება მელურად: გამჟღავნებასა მექადდა: არ მოყვარულად მტერულად: აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ: იშ თავი ვიხსენ მე სრულად:

1194. დამექადის რაზომჯერცა: წავიკიდნით თავის წინა: ოდეს მეხმე არ მეგონა: მე იმისი ყოფა შინა: მოსრულ იყო მოსლვა ეთქუა: შენცა მოხველ შემეშინა: ამად გჰკადრე ნუ მოხვალო: მოგაგებე მონა წინა:

1195. აღარ დაბრუნდით მოხვედით: შუქნი თქვენ ჩემთვის არენით: შეიყარენით ორნივე: ჩემზედან დაიჯარენით: ამად შევშინდი ღონენი: ვეღარა მოვაგვარენით: იმას გლახ ჩემი სიკუდილი: გულითა სწადდა არ ენით:

1196. თუმცა ისი არ მოგეკლა: მისრულიყო დარბაზს მითა: შემასმენდა ჯავრიანი: გული ედვა ცეცხლებრ წვითა: მეფე მწყრალი გარდასწმენდდა: სახლსა ჩემსა გარდაგვითა: შვილთა ღ~თო დამაჭმევდა: დამქოლვიდა მერმე ქვითა:

1197. მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს: მადლსა გკადრებდე მე რასა: რომელმან დამხსენ მშვიდობით: ამა გველისა მზერასა: აწ ამას იქით ვნატრიდე: ჩემსა ეტლსა და წერასა: აღარ ვიშიშვი სიკვდილისა: ჰაი ჰაი ჩავიჭერ რასა:

1198. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის: წიგნსაცა აგრე სწერია: მოყვარე მტერი ყოვლისა: მტრისაგანც უფრო მტერია: არ მიენდობის გულითა: თუ კაცი მეცნიერია: ნუღარ იშიშვი იმისგან: აწ იგი მკვდართა ფერია:

1199. იგივე მითხარ მას აქათ: ქალი გაგზავნე შენ ოდეს: რაცაღა გეცნას ანბავი: ანუ რა მისი გსმენოდეს: კვლავ იტყვის ფატმან ტირილით: კვლავ თვალთა ცრემლი სდენოდეს: წახდესო შუქი რომელი: მზისაებრ ველთა ჰფენოდეს:

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა:

1200. ვაი საწუთროო სიცრუვით: თავი სატანას ადარე: შენი ვერავინ ვერა ჰსცნას: შენი სიმუხთლე სად არე: პირი მზისაებრ საჩინო: სად უჩინო ჰყავ სად არე: მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა: ოჴრად ჩანს ყოვლი სადარე:

1201. ფატმან იტყვის მამეშორა: მზე მნათობი სრულად ხმელთა: სიცოცხლე და სულდგმულობა: მონაგები ჩემთა ხელთა: მას უკანით გაუწყვეტლად: დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა: ვერ გავახმე წყარო ცრემლთა: თვალთა ჩემთა გარდმომღვრელთა:

1202. სახლი და შვილნი მამძულდა: ვჯდი უგულოსა გულითა: მას ვიგონებდი მღვიძარე: რა მიმეძინის ლულითა: უსენ გამტეხი ფიცისა: მიჩნს უსჯულოთა სჯულითა: ვერ მიმიახლოს საახლოდ: კრულმან პირითა კრულითა:

1203. დღესა ერთსა საღამო ჟამ: ჩასლვა იყო ოდენ მზისა: წავდეგ წინა დარიჯაგთა: კარი მიჩნდა ხანაგისა: ვიგონებდი სევდა მკვლიდა: მისისავე გონებისა: ვთქვი კრულია ზენაარი: ყოვლისამცა მამაცისა:

1204. მოვიდა სითმე ღარიბი: მონა მოყუსითა სამითა: მონა მონურად მოსილი: სხვანი მგზავრულად ხამითა: სასმელ საჭმელი მოიღეს: ქალაქს ნასყიდი დრამითა: სმიდეს სჭამდეს და უბნობდეს: სხდეს მხიარულნი ამითა:

1205. მე უყურებდი უჭვრეტდი: თქვეს ამოდ გავიხარენით: მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი: უცხონი შევიყარენით: არცა რა ვიცით ვინ ვინა: ანუ სით მოვიარენით: ხამს ერთმანერთსა ამბავი: ჩვენიცა უთხრათ ბარ ენით:

1206. მათ სხვათა მათი ამბავი: თქუეს ვითა მგზავრთა წესია: მონამან უთხრა ჱე ძმანო: განგება რამე ზესია: მე მარგალიტსა მოგიმკი: თქვენ ქურიმა დაგითესია: ჩემი ამბავი ამბავთა: თქვენთაგან უკეთესია:

1207. მე ვარო მონა მეფისა: მაღლისა ქაჯთა მფლობლისა: მათ მიხვდა ცემა სენისა: მათისა დამამხობლისა: მოგვიკვდა შემწე ქურივისა: შემწყნარებელი ობლისა: აწ შვილთა მისთა და მისი: ზრდის უმჯობესად მშობლისა:

1208. დულარდუხტ არის დიაცი: მაგრა კლდე ვითა ლოდია: ვისცა არ დაჰკოდს ყმა მისი: ვერავის დაუკოდია: მას უსხენ წვრილნი ძმის წულნი: როსან და ერთი როდია: აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ: ქვე ზის მორჭმული წოდია:

1209. გვესმა ამბავი ზღვათ იქით: სიკვდილი დისა მათისა: შეიჭირვებდეს ვეზირნი: დაშალეს ქნა ხალვათისა: ვითა ვჰკადროთო დავსება: პირისა ხმელთა მნათისა: როშაქ მონაა თავადი: მონისა ბევრ ათასისა:

1210. როშაქ ბრძანა მოცავინ მკლავს: მე ტირილსა არ დავხვდები: მინდორს წავალ ვიმეკობრებ: ალაფითა ავივსები: შინა მოვალ შოებული: ადრე ზედა მოვესწრები: მეფე დისა დატირებად: წავიდოდეს წაცავჰყვები:

1211. გვითხრა მისთა ჴელისათა: წავალ თანა წამომყევით: წაგვიტანა მონა ასი: ყველაკაი მისგან რჩევით: დღისით მზისით ვმეკობრობდით: ღამეთაცა ვიყვით თევით: დია ვლეწეთ ქარავანი: ლარი ჩვენკენ გარდმოვდევით: