... (H-741), XIX ს.

1153. რა მეფემან უსენს წინა: სვა მრავალი დოსტაქანი: კვლავ შესვეს და კვლავ აივსნეს: სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი: დაავიწყდა იგი ფიცნი: რა მუსაფნი რა მაქანი: მართლად თქმულა არა მართებს: ყვავსა ვარდი ვირსა რქანი:

1154. უთხრა დიდმან ხელმწიფემან: უჭკუოსა უსენს მთვრალსა: დია მიკვირს საძღვნოდ ჩვენად: სით მოიღებ ამა თვალსა: მარგალიტსა დიდროანსა: უმზგავსოსა ჰპოვებ ლალსა: ვერ გარდვიხდი თავმან ჩემან: ძღვენთა შენთა ნაათალსა:

1155. თაყვანი სცა უსენ ჰკადრა: ჰე მაღალო ხელმწიფეო: ზეცით შუქთა მამფენელო: მარჩენელო არსთა მზეო: რაცა სხვა მაქვს ვისი არის: ოქრო გინდა საჭურჭლეო: დედის მუცლით რა გამამყვა: მბოძებია თქვენგან მეო:

1156. ამას გკადრებ თავმან თქვენმან: არა გმართებს მადლი ძღვნისა: სხვა რამე მყავს სასძლო თქვენი: შესართავი თქვენის ძისა: მას უცილოდ დამიმადლებთ: ოდეს ნახოთ მსგავსი მზისა: მაშინ მეტად გაამრავლოთ: თქვენ ბრძანება ნეტარძისა:

1157. რას ვაგრძელებდე გატეხა: ფიცი სიმტკიცე სჯულისა: უამბო პოვნა ქალისა: მჭვრეტთაგან მზედ სახულისა: მეფესა მეტად იამა: მიეცა ლხინი გულისა: უბრძანა დარბაზს მოყვანა: სრულ ქნა უსენის თქმულისა:

1158. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯექ: მუნამდის არ მიკვნესია: შემოდგა კარსა მეფისა: მონათა უხუცესია: თანა ჰყვა მონა სამოცი: ვით ხელმწიფეთა წესია: მოვიდეს დია გავჰკვირდი: ვთქვი რამე საქმე ზესია:

1159. მისალამეს ფატმან მითხრეს: ბრძანებაა მზისა სწორთა: დღეს რომელი უსენ შესძღვნა: ქალი მსგავსი მზეთა ორთა: აწ მომგვარე წავიყვანო: ვლა არ გვინდა გზათა შორთა: ესე მესმა და დამტყდეს: ცანი რისხვით ეცა გორთა:

1160. მე გაკვირვებით კვლავ ვჰკითხე: რა ქალი გინდა რომელი: მათ მითხრეს უსენ შემოსძღვნა: პირი ელვათა მკრთომელი: არას მარგებდა დაესკვნა: დღე ჩემი სულთა მხდომელი: ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა: ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი:

1161. შეველ ვნახე იგი ტურფა: მტირალად და ცრემლ დასხმულად: ვჰკადრე მზეო ბედმან შავმან: ვით მიმუხთლა ჰხედავ სრულად: ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ: იავარმყო ამფხვრა სრულად: შემასმინეს მეფე გითხოვს: ვარ ამისთვის გულ მოკლულად:

1162. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს: ეგე რაზომცა ძნელია: ბედი უბედო ჩემზედა: მიწყივ ავისა მქნელია: კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს: ავი რა საკვირველია: სხვადასხვა ჭირი ჩემზედა: არ ახალია ძველია:

1163. თვალთათ ვითა მარგალიტი: გარდმოყარა ცრემლი ხშირი: ადგა ასრე გულ უშიშრად: ვეფხი იყო ანუ გმირი: ლხინი ლხინად არად უჩნდა: მართ აგრევე ჭირად ჭირი: მთხოვა გარე აჯიღითა: მოიბურა ტანი პირი:

1164. შეველ საჭურჭლეს რომელსა: ფასი არ დაედებოდა: თვალ მარგალიტი ავიღე: რაც ოდენ ამეღებოდა: თვითო და თვითო თვითოსა: ქალაქსა ეფასებოდა: მივე მას წელთა შევარტყი: შავ გული ვისთვის კვდებოდა:

1165. ვარქვი ჩემო განღა სადმე: გეხმარების ესე გვარი: მათ მონათა ხელთა მივეც: იგი ტურფა მზისა დარი: ჰცნა მეფემან მოეგება: ჰკრეს ტაბლაკსა გაჰჴდა ზარი: იგი მივა თავ მოდრეკით: წყნარი არას მოუბარი:

1166. ზედა მოატყდა მჭვრეტელი: გახდა ზათქი და ზარები: ვერ იჭირვიდეს სარაგნი: მუნ იყო არ სიწყნარები: იგი რა ნახა მეფემან: საროსა მსგავსი ნარები: გაკრთომით უთხრა ჱე მზეო: აქა ვით მოიგვარები:

1167. ვით მზემან მისნი მჭვრეტელნი: შექნა თვალისა მფახველად: მეფემან ბრძანა გამხადა: ნახული მე უნახველად: ღ~თისაგან კიდე ვინც იყო: კაცი ამისად მსახველად: მართებს ამისთა მიჯნურსა: ხელნი თუ რბოდეს ახ ველად:

1168. გვერდსა დაისვა ეუბნა: ტკბილითა საუბარითა: მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ: მოსრული ვისთა გვარითა: მან არა გასცა პასუხი: პირითა მზისა დარითა: თავ მოდრეკილი დაღრეჯით: ქვე ზის ცნობითა წყნარითა:

1169. არ ისმენდა მეფისასა: რასა გინდა უბრძანებდა: სხვაგან იყო გული მისი: სხვასა რასმე იგონებდა: ვარდი ერთგან შეეწება: მარგალიტსა არ აჩენდა: მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა: რასამცა ვინ იაზრებდა:

1170. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ: გული ჩვენი რათ იჴსნების: ამ ორთა კიდეგანთა: აზრი არა არ იქნების: ან ვისიმე მიჯნურია: საყვარელი ეგონების: მისგან კიდე არვისად სცალს: ვეღარცავის ეუბნების:

1171. ანუ არის ბრძენი ვინმე: მაღალი და მაღლად მხედი: არცა ლხინი ლხინად უჩანს: არცა ჭირი ზედა ხედი: ვით ზღაპარი ასრე ესმის: უბედობა თუნდა ბედი: სხვაგან არის სხვაგან ფრინავს: გონება უც ვითა ტრედი:

1172. ღ~თნ ქნას შინა მოვიდეს: ძე ჩემი გამარჯვებული: მე დავახვედრო ისი მზე: და მისთვის დამზადებული: მან ათქმევინოს ნუთუ რა: ჩვენცა ვსცნათ გაცხადებული: მუნამდის მთვარე შუქ კრთომით: ჯდეს მზისა მოშორვებული: