... (S-4997), XIX ს.

1105. რაცა იცი მანდაური მოგვიწერე გაამჟღავნე მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რა გაუგზავნე შენი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა გაათავნე ღ~თსა უნდეს მოყუარენი შესაფერნი შეგაზავნე

1106. წადი უსტარო ისწრაფე თუ მუხლი გქონდეს მალები დაგნატრი მიხვალ დაგხვდების ბროლი სათი და ლალები ბედად შენ მჯობხარ უსტარო გნახვენ დამწველის თვალები შენს უკან ჩემი სიცოცხლე თუ გესმის არ გებრალები

1107. ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა ესე წიგნი მიართვიო ქალსა მზისა დასაგვანსა მან გრძეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა მასვე წამსა გარდაიკარგა გარდაფრინდა ბანის ბანსა

1108. წავიდა ვითა ისარი კაცისა მშვილდ ფიცხელისა რა ქაჯეთს შეხდა ქმნილ იყო ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა უჩინლად შევლო სიმრავლე მოყმისა კართა მცველისა მას მზესა ჰკადრა სალამი მისისა სასურველისა

1109. ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი შევიდა ზანგი პირ შავი თმა გრძელი ტან ნაბდიანი იგი მზე დაჰკრთა ეგონა სამოსი რამე ზიანი შესცვალა ვარდი ზაფრანად ლაჟვარდის ფერად იანი

1110. ქაჯმან უთხრა ვინ გგონივარ ანუ აგრე რად დაბნდები მე ვარ მონა ფატმანისა თქვენს წინაშე ნამგზავრები ამა წიგნმან განმამართლოს არ ტყუვილად გეუბნები მზისა შუქნი მოიცადე ვარდო ადრე ნუ დასჭნები

1111. პირ მზე გაჰკრთა ფატმანის ამბვითა საკვირველითა ნუშნი გააპნა შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა მას იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ჴელითა სულთქვამს იკითხავს უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა

1112. მონასა ჰკითხა მიამბე ვინ არის ჩემი მძებნელი ანუ ვინ მიცის ცოცხალიმიწასა ზედან მტკეპნელი მან მოახსენა ვიკადრებ რასაც ოდენ ვარ მცნებელი რა წამოსრულ ხარ მას აქეთ შენგან ჩვენია მზე ბნელი

1113. ფატმანის გული მას აქეთ ლახვართა შენახევია მას რომე ცრემლი სდიოდეს ზღვათაცა შენართევია მე ერთხელ შენი ანბავი მისთვის კულავ მიმირთმევია ღ~თსა ვიმოწმებ მას აქათ ტირილი არ დამლევია

1114. აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა მან უთხრა წურილად ყუელაი თქუენ ხართ რათაცა ჭირითა იგია თქვენი მძებნელი მკლავითა ვითა გმირითა მე გამომგზავნეს დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა

1115. ქალმან უთხრა მემართლების ყმაო შენი ნაუბარი ფატმან ჩემი რა იცოდა ვიყავ ვისი წანაგვარი უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მამდებარი მე მივუწერ შენცა ჰკადრე ვარ ვითამცა გულ მდუღარი

1116. კულაცა უთხრა შენცა მხედავ სადა ვზივარ სადაური სით დამეძებს ვინც მოსულა თუმცა არის მეუნებლე ყველა შენცა მოახსენე რაც აქ მხედავ ჩვენებური ღ~თს მიენდოს ჩემს საქმესა და დაეგდოს მივსცე ყური

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთან მიწერილი თავის ბუნებასა

1117. პირ-მზე ვჰწერ აჰა ხათუნო დედისა მჯობო დედაო მისგან ტყუე ქმნილსა სოფელმან რა მიყო ამას ხედაო მე გლახ მათ ჩემთა პატიჯთა სხვაცა დამერთო ზედაო აწ ვნახე შენი უსტარიმე დიდად მეიმედაო

1118. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა გამიადვილე ჭირები აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები ერთსა მცავს ერთი სამეფო ბევრჯელ ათასი გმირები ავად მამიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები

1119. სხვა ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე ქაჯთა მეფე არ მოსულა არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე მაგრამ სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფერე რასა ჰქვია ძებნა ჩემი არ ეგების დაიჯერე

1120. ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა ცუდ მაშვრალია იჭირვის იწვის ენთების ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია მაგრა მას ვნატრი უნახავს მზე ამად არ დამზრალია უმისოდ ჩემი სიცოცხლე ვამე რა დიდი ბრალია

1121. შენ ანბავი არ გიამბე მაშინ ამად დაგიმალე ვერ იტყოდა ენა ჩემი თავი ჭირთა გავაკრძალე გეხვეწები საყვარელსა შემახვეწე შემაბრალე ნუ წამოვა ძებნად ჩემად მიუწერე შეცასთვალე

1122. მე რომ მჭირს კმარის ნუ მამკლავს ამისითავე სწორითა მას მკვდარსა ვნახავ მოვჰკვდები მე სიკვდილითა ორითა ვერას ვინ მარგებს დასტურად ვიცი არ რამე ჭორითა არ დაგმორჩილდეს დამქოლე შავისა ქვისა ყორითა

1123. გეთქვა ნიშნისა გაგზავნა აწ ესე განამჟღავნია მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მგზავსად შავნია