... (S-4997), XIX ს.

988. ვერა დავყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა ვეფხი ავაზა პირ ქუშად ზის წყრომა ვერ უგრძენითა კვლაცა ვაწყინეთ ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა არა ვიციო მიმიშვით ეს ოდენ გვითხრა ენითა

989. დავსხედით და მის თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ რაცა გვეთქვა შევინანეთ სხვამცა რაღა შევიწამეთ ძლივ ვიაჯეთ დადუმება დავადუმეთ დავაამეთ ჩვენ მივართვით ხილი რამე მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ

990. უსენ იტყვის ბევრ ათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს ესე ღაწვნი მზისად კმამან კაცთაგანმცა ვით იკოცნეს უმართლეა ვერა ჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს მე თუ შვილნი მირჩევნიან ღ~თნ იგი დამიჴოცნეს

991. მას უჭვრიტეთ დიდი ხანი წამოვედით სულთქმით ახით შეყრა გვიჩნდა სიხარულად გაყრა დიდად ვივაგლახით ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით იგი ვნახით გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით

აქა უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისა მეფის წინაშე

992. რა გარდახდა ხანი რამე გამოვიდა ღამე დღენი უსენ მითხრა არ მინახავს ძოღანდიდგან მეფე ჩვენი მივაზირებ წავალ ვნახავ უდარბაზო უძღვნა ძღვენი მოვახსენე დია ღ~თო ბრძანებაა ეგე თქვენი

993. უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და თვალები დავვედრე დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთვრალები ამა ქალისა ამბავსა მამკალ თუ არ ეკრძალები კვლავ შემამფიცა არ ვიტყვი თავსაცა მეცეს ხმალები

994. უსენ მოვიდა ჴელმწიფე დახვდა ნადიმად მჯდომელი უსენ არიფი მეფისა და მეფე მისი მდომელი წინა მივიდა შეიძღვნა ძღვენი მიართვა რომელი აწ ნახო მთვრალი ვაჭარი ცქაფი უწფელი წომელი

995. რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი კვლავ შესვეს და კვლავ აივსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი დაავიწყდა იგი ფიცნი რა მუსაფნი რა მაქანი მართლად თქმულა არა მართებს ყვავსა ვარდი ვირსა რქანი

996. უთხრა დიდმან ჴელმწიფემან უჭკუოსა უსენს მთვრალსა დია მიკვირს საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა მარგალიტსა დიდროანსა უმზგავსოსა ჰპოვებ ლალსა ვერ გარდვიხდი თავმან ჩემან ძღვენთა შენთა ნაათალსა

997. თაყვანი სცა უსენ ჰკადრა ჰე მაღალო ჴელმწიფეო ზეცით შუქთა მამფენელო მარჩენელო არსთა მზეო რაცა სხვა მაქვს ვისი არის ოქრო გინდა საჭურჭლეო დედის მუცლით რა გამამყვა მბოძებია თქვენგან მეო

998. ამას გკადრებ თავმან თქვენმან არა გმართებს მადლი ძღვნისა სხვა რამე მყავს სასძლო თქვენი შესართავი თქვენის ძისა მას უცილოდ დამიმადლებთ ოდეს ნახოთ მზგავსი მზისა მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა

999. რას ვაგრძელებდე გატეხა ფიცი სიმტკიცე სჯულისა უამბო პოვნა ქალისა მჭვრეტთაგან მზედ სახულისა მეფესა მეტად იამა მიეცა ლხინი გულისა უბრძანა დარბაზს მოყვანა სრულ ქნა უსენის თქმულისა

1000. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯექ მუნამდის არ მიკვნესია შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია თანა ჰყვა მონა სამოცი ვით ჴელმწიფეთა წესია მოვიდეს დია გავჰკვირდი ვთქვი რამე საქმე ზესია

1001. მისალამეს ფატმან მითხრეს ბრძანებაა მზისა სწორთა დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი მსგავსი მზეთა ორთა აწ მომგვარე წავიყვანო ვლა არ გვინდა გზათა შორთა ესე მესმა და დამტყდეს ცანი რისხვით ეცა გორთა

1002. მე გაკვირვებით ვკითჴე რა ქალი გინდა რომელი მათ მითხრეს უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი არას მარგებდა დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი

1003. შეველ ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ დასხმულად ვკადრე მზეო ბედმან შავმან ვით მიმუხთლა ხედავ სრულად ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ იავარმყო ამფხვრა სრულად შემასმინეს მეფე გითხოვს ვარ ამისთვის გულ მოკლულად

1004. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს ეგე რაზომცა ძნელია ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქნელია კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს ავი რა საკვირველია სხვადასხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია ძველია

1005. თვალთათ ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი ადგა ასრე გულ უშიშრად ვეფხი იყო ანუ გმირი ლხინი ლხინად არად უჩნდა მართ აგრევე ჭირად ჭირი მთხოვა გარე აჯაღითა მოიბურა ტანი პირი

1006. შევე საჭურჭლეს რომელსა ფასი არ დაედებოდა თვალ მარგალიტი ავიღე რაც ოდენ ამეღებოდა თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა მივე მას წელთა შევარტყი შავ გული ვისთვის კვდებოდა