... (H-742), XIX ს.

975. ნეტარ მამაცი სხვა რაა არ გასძლოს რაცა ჭირია. ჭირსა გადრეკა რად უნდა რა სასაუბრო პირია. ნუ გეშის ღმერთი უხვია თუცა სოფელი ძვირია. რაცა მიწვრთიხარ იწვართე გკადრო უწვრთელი ვირია.

976. თუ რა გესმის გაიგონე ესე კმაა სწავლა სწავლად. ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად. მოვახსენე რათგან ჩემი შეუქმნია გული ავლად. არას ვარგებ არ დავდგები სხვა ვიუბნა რაღა მრავლად.

977. მან მიბრძანა მადლიერ ვარ კარგად ხარ და მამაცურად. შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად. მისის კითხვით წამოსრულვარ არ მთვრალ ვარ და არ მახმურად. აწ შევიქცე რა ვუამბო რად მოხველო ჯაბან ხდლურად.

978. მაგ საუბარსა ესე სჯობს ისმინე ჩემი თხრობილი. მქნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყოს ცნობილი. ვერას ვერ შეიქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭკნობილი. შენ ვერას ირგებ მე მარგებ ძმა ძმისა უნდა ძმობილი.

979. სადაცა გწადდეს მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა. გწადდეს გულითა ბრძენითა გწადდეს ცნობითა შმაგითა. მაგა ქცევითა ტურფითა ანაგებითა ნაგითა. ოდენ გამაგრდი არ მოკვდე არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.

980. ამის მეტსა არას გნუკევ წელიწადსა ერთსა მგზეფსა. აქა ქვაბსა მამნახვიდი მე ამბავსაა ყოვლგნით მკრეფსა. ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ დროსა ამას ვარდ იეფსა. ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს მართ ვითამცა ძაღლი ჰყეფსა.

981. ამა დროსა გარდავსცილდე აქა ქვაბსა არ მოვიდე. ჰსცან ცოცხალი არ თურე ვარ უღონიოდ მოვკვე კიდე. ეს ამისად ნიშნად კმარის შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე. მაშინ გწადდეს იხარებდი გწადდეს ჭმუნვა გაადიდე.

982. აწ რაცა გკადრე ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი. მოგშორდები და არ ვიცი თუ ცხენი დამცემს თუ ნავი. არ უთქმელობა არ ვარგა არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი. არ ვიცი ღმერთი რას მიზამს ანუ ცა მიწყივ მბუნავი.

983. მან უბრძანა აღარ გაწყენ არცა სიტყვა გამიმეტდეს. არ მამისმენ რაზომიცა საუბარი მიდიადდეს. თუ არ მოგყვეს საყვარელი შენ მას მიჰყევ რაცა სწადდეს. ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს.

984. არ დაიჯერო მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა. ჩემთვის ყველაი სწორია გაჭრა და გაუჭრელობა. შენ რაცა გითქვამს მაგას ვიქმ მსჯის რაზომ გინდა ხელობა. უშენოდ მამხვდეს რაღა ვჰქნა არ დია დღეთა გრძელობა.

985. საუბარი გარდასწყვიტეს დააპირეს ესე პირი. ცხენსა შესხდეს მოიარეს თვითო მოჰკლეს ველს ნადირი. შემოიქცეს აატირეს გული კვლაცა ანატირი. ხვალ გაყრისა გონებამან სხვა უმატა ჭირსა ჭირი.

986. ლექსთა მკითხველნო თქვენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია. გულმან გლახ რა ჰქმნას უგულოდ თუ გული გულსა ელია. მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკვლელია. ვინცა არ იცის არ ესმის ესე დღე როგორ ძნელია.

987. დილა გათენდა შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს. ტარიელ ასმათ ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი ალამნეს. სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს. მათ ლომთა მიწყივ მხეცქმნილთა თავნი მხეცთანა ალამნეს.

988. ქვაბი ჩავლნეს და წავიდეს ზახილი ცრემლთა მდენანი. ასმათ ჰსტირს მოთქვამს ჰე ლომნო ვისნი ვით მოგთქმენ ენანი. მზემან დაგუწვა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი. ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი ვა სიცოცხლისა თმენანი.

989. მათ ყმათა მუნით წასულთა იგი დღე ერთად იარეს. ზღვის პირს მივიდეს მუნ დადგეს არ ხმელთა არე იარეს. არ გაიყარნეს მას ღამით კვლავ ცეცხლი გაიზიარეს. ერთმანერთისა შორს ყოფა იტირეს იმგლოვიარეს.

990. ტარიელს ეტყვის ავთანდილ რუ გახმა ცრემლთა დენისა. რად მოიშორე შენ ფრიდონ მამცემი ამა ცხენისა. მუნით იცნობის ამბავი ღონე მის მზისა მშვენისა. აწ მე მუნ მივალ მასწავლე გზა ძმად ფიცისა შენისა.

991. ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზასასა. მართ გააგონა რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა. აღმოსავლითკენ წადიო პირსა იარე ზღვისასა. თუ ნახო ჩემი უამბე გკითხავს ამბავსა ძმისასა.

992. თხა მოჰკლეს და მიითრიეს ცეცხლი შექნეს ზღვისა პირსა. ჰსვეს და ჭამეს რაცა ჭამა შეჰფერობდა მათსა ჭირსა. მას ღამესა ერთად იყვნეს ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა. ვგმობ მუხთალსა საწუთროსა ზოგჯერ უხვსა ზოგჯერ ძვირსა.

993. ცისკრად ადგეს გასაყრელად ერთმანერთსა მოეხვივნეს. მაშინ მათგან ნაუბარნი დადნეს ვინცა მოისმინეს. თვალთა ვითა წყაროს თვალნი ცრემლი ველთა მოადინეს. დიდხანს დგანან შეჭედილნი მკერდი მკერდსა შეარკინეს.

994. გაიყარნეს ტირილით და პირსა ხოკით თმათა გლეჯით. ერთი აღმა ერთი დაღმა უგზო მივლენ შამბთა ეჯით. ვირემ უჩნდა ერთმანერთი იძახდიან პირსა ბღნეჯით. იგი ნახოს დაღრეჯილი მზე დაიღრეჯს მისის ღრეჯით.