... (H-742), XIX ს.

956. რაზომსაცა ვამშვიდებდი ვეფხი ვერა დავამშვიდე. გავგულისდი მოვიქნივე ვკარ მიწასა დავაწყვიდე. მამეგონა ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე. სული სრულად არ ამომხდა რას გიკვირს რომ ცრემლსა ვღვრიდე.

957. აჰა ძმაო მითხრობია ჭირი ჩემი რაცა მჭირდეს. სულთა დგმაცა არა მართებს ასრე გასლვა რას გიკვირდეს. სიცოცხლესა გავეყარე სიკვდილიცა დამიძვირდეს. ესე სიტყვა დაასრულა ყმამან სულთქნა აცატირდეს.

აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისვლა და ასმათის ნახვა.

958. ავთანდილცა მასთანავე სტიროდა და ცრემლსა ღვრიდა. უთხრა დაჰსთმე ნუ მოჰკვდები გულსა სრულად ნუ დასჭრი და. ღმერთი მაგას მოწყალეობს თუმცა ჭირმან არ გაგრიდა. თუმც უნდოდით გასაყრელად პირველ ერთად არ შეგყრიდა.

959. ჰსდევს მიჯნურსა ფათერაკი საწუთროსა დაანაღვლებს. მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს. მიჯნურობა საჭიროა მით სიკვდილსა მიგაახლებს. გასწავლულსა გააშმაგებს უსწავლელსა გაასწავლებს.

960. იტირეს და გაემართნეს ქვაბისაკენ თავნი არნეს. რა ასმათმან დაინახა გაღანამცა გაეხარნეს. მოეგება მოჰსტიროდა ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს. აკოცეს და აცასტირდეს კვლავ ცნობანი ააჩქარნეს.

961. ასმათ ჰსთქვა ღ~თო რომელი არ ითქმი კაცთა ენითა. შენ ხარ სავსება ყოველთა აღგვავსებ მზეებრ ფენითა. გაქო ვით გაქო რა გაქო არ საქებელო სმენითა. დიდება შენდა არ მამკალ ამათთვის ცრემლთა დენითა.

962. ტარიელ იტყვის ჰე დაო მით ცრემლი აქა მდენია. საწურთო ნაცულად გვატირებს რაც ოდენ გაგვიცინია. ძველი წესია სოფლისა არ ახლად მოსასმინია. ვაი შენი ბრალი დავ თვარე სიკვდილი ჩემი ლხინია.

963. ჰსწყუროდეს წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო ცნობილი. მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს რად ვარ ცრემლითა ლტობილი. უწყლობა ჰკლავს წყალი ჰსდის არ ოდეს არ გახმობილი. ვა წახდა ვარდი პობილი ვაი მარგალიტი წყობილი.

964. ავთანდილსაც მოეგონა მისი მზე და საყვარელი. იტყვის ჩემო ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი. შენ არ გახლავ ჩემი ჩემთვის სიცოცხლია სანანელი. გითხრამცა ვით რა მჭირს რა ცეცხლი მწვავს როგორ ძნელი.

965. ვარდი ამას ვით იაზრებს მზე მოშორდეს არ დავჭკნეო. ანუ ჩვენ გლახ რა გვერგების რა ჩასვენდეს გორსა მზეო. გულო გიჯობს გაუმაგრდე თავი სრულად გააკლდეო. ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი სულთა სრულად ნუ დალეო.

966. სული დაიღეს დადუმდეს ორთავე ცეცხლი სდებოდა. ასმათი შეჰყვა შევიდა მათებრვე სახმილი გზნებოდა. დაუგო ტყავი ვეფხისა რომე კვლა მიწყივ ჰგებოდა. ორნივე დასხდეს უბნობდეს რაცა მათ იამებოდა.

967. მწვადი შეწვეს შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა. მუნ უპურობა პურობა არს სიდიადე ჯამისა. მას შეეხვეწნეს ჭამეო ძალი არ ჰქონდა ჭამისა. დაჰსცოხნის ლუკმა გასტყორცის წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.

968. ამოა რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს. მან გაუგონოს რაცა სთქვას არ ცუდად წაუხდებოდეს. ცოტად ეგრეცა დაგვავსებს ცეცხლი რაზომცა სდებოდეს. დიდი ლხინია ჭირთა თქმა თუ კაცსა მოუხდებოდეს.

969. მას ღამესა ერთგან იყუნეს იგი ლომნი იგი გმირნი. იუბნეს და გააცხადეს თავისთავის მათნი ჭირნი. რა გათენდა კვლავ დაიწყეს საუბარნი სიტყვა ხშირნი. ერთმანეთსა გაუგონეს ფიცი პირველ დანაპირნი.

970. ტარიელ ეტყვის რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა. რაცა შენ ჩემთვის გიქნია ღმერთია მზღველი ვალისა. კმა ზენაარი ზენარად არ ნაქმარია მთვრალისა. არ დავიწყება მოყვრობა მოყურისა წამავალისა.

971. აწ შემიწყალე ნუ დამწვავ კვლავ წვითა უცხელესითა. მე რომე ცეცხლი მედების არ ნაგზებია კვესითა. ვერ დამშრეტ შენცა დაიწვი სოფლისა ქნისა წესითა. წადი დაბრუნდი შეიქეც მუნითვე შენი მზე სითა.

972. ვინ დამბადა განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად. ვისცა გესმის გაიგონეთ მით გაჭრილვარ ხელი ველად. რაცა მართებს გონიერთა ერთხელ ვიყავ მეცა მქნელად. აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია მით ვარ ხელად.

973. ავთანდილ ეტყვის რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა. შენვე ჰსთქვი ეგე სიტყვაო კაცისა ბრძნად სწავლულისა. ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლავ განკურნება წყლულისა. იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ დათესულისა.

974. ღმერთსამცა ესე რად ექმნა ეგეთნი დაებადენით. აღარ შეგყარნა გაგყარნა ხელი გქმნა ცრემლთა დადენით. ჰსდევს ფათერაკი მიჯნურსა გაჰსჭვრიტეთ გაიცადენით. თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს მე სულნი ამომხადენით.