... (H-742), XIX ს.

936. ცხადად უთხრა შევჯდებიო მამიყვანე ცხენი წინა. მან მოგვარა წყნარად შესვა არ სიჩქარით ააქშინა. მინდორთაკენ წაიყვანა ტანი მჭევრი აძრვევინა. ხანი წავლეს სიარულმან მოჯობება დააჩნინა.

937. შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა. მისთვის ძვრიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის ფერთა. მისი სმენა გააყმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა. მოიშორვა კაეშანი დათმობავე შეაერთა.

938. რა შეატყო მოჯობება მუნ სევდისა მუფარახმან. გაანათლა პირი ვარდი სიხარულმან დაუსახმან. ცნობიერთა დასტაქარმან უცნობოთა ოხრა ახმან. ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მძრახმან.

939. შერასმეყვეს საუბარსა სიტყვა ჰკადრა არ მალული. ერთსა რასმე მოგახსენებ გამიცხადე დაფარული. ეგე სამხრე მისეული შენ გაჩნია მისგან წყლული. რაგვარ გიყვარს როგორ გიღირს ჰსთქვი დავიღო მერმე სული.

940. მან უთხრა სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა. ესეა ჩემი სიცოცხლე ჩემი მამცემი ახისა. მჯობი ყოვლისა სოფლისა წყლისა მიწისა და ხისა. არ სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა.

941. ავთანდილ უთხრა ვლმოდი მართ მაგისავე თქმევასა. აწ რადგან გითქვამს პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა. ჰსჯობს ასმათისა არ ლევა მაგა სამხრისა ლევასა. ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა.

942. სამხრე გაბია ოქროსა ოქრომჭედლისა დნობილი. უასაკო და უსულო არ სიტყვიერი ცნობილი. აღარად გინდა ასმათი ნახე მართალი ბრჭობილი. პირველ გლახ მისი ნაჭვრეტი და მერმე შენი დობილი.

943. თქვენს შუა მქმნელი საქმისა შენგან ნახმობი დობისა. თქვენი შემყრელი მსახური შენგან ღირს ქნილი ცნობისა. მისი გამზრდელი გაზრდილი მისთვის მიხდილი ცნობისა. გლახ დაგიგდია არ ნახავ შაბაშ მართლისა ბრჭობისა.

944. მან უბრძანა რაცა გითქუამს უმართლე ხარ მეტის მეტად. საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად. მე სიცოცხლე არ მეგონა შენ მამესწარ ცეცხლთა შრეტად. რადგან დავრჩი გვალე ვნახოთ თუცავე ვარ ჯერცა რეტად.

945. დამორჩილდა გაემართნეს ავთანდილ და ამილბარი. ვერ მიგია ქება მათი ვერა ქება საქებარი. კბილნი ვითა მარგალიტი ბაგე ვარდი ნაპობარი. გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

946. ამას ეტყვის შენთვის დავდებ გონებასა სულსა გულსა. მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა. არას გარგებს სწავლულობა თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა. არ იხმარებ რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა.

947. არას გარგებს შეჭირვება რომ სჭმუნვიდე რა გერგების. არ თუ იცი უგანგებოდ არათ კაცი არ მოკვდების. მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭკნების. ბედი ცდაა გამარჯვება ღ~თსა უნდეს მოცაგხვდების.

948. მოახსენა ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს. გონიერსა მწურთელი უყვარს უგუნურსა გულსა გმირდეს. მაგრა რა ვქნა რაგვარ გავსძლო მეტის მეტი რა მიმჭირდეს. შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი არ მამართლო არ მიკვირდეს.

949. ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს ამად აენთების. მაგრა წყალსა არსით ახლავს თუ ჩავარდეს დაცაშრტების. რაცა ვისრა საქმე თვით სჭირს სხვათათვისცა ეკარგების. თავიდაღმა რად არ იცი გული ჩემი რაგვარ დნების.

950. რა წამეკიდა ყველაი წვრილად გიამბო ენითა. მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა. შენ მოგელოდი მიმჭირდა მოლოდინითა შენითა. ქვაბს ვეღარ გავსძელ მინდორად მოვლა მამინდა ცხენითა.

951. ამა ქედსა გარდავადეგ იგი შამბნი მამეარნეს. ერთი ლომი ერთი ვეფხი შეჰკრბეს ერთად შეიყარნეს. ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა მათი ნახვა გამეხარნეს. მათ რა უყვეს ერთმანერთსა გამიკვირდეს შემეზარნეს.

952. ქედსა გარდავდეგ ლომ ვეფხი მოვიდეს ერთგან რებულნი. სახედ ვამსგავსე მიჯნურთა ცეცხლნი დამევსნეს დებულნი. შეიყარნეს და შეიბნეს იბრძოდეს გამწარებულნი. ლომი ჰსდევს ვეფხი მიურბის იყვნეს არ ჩემგან ქებულნი.

953. პირველ ამოდ ილაღობეს მერმე მედგრად წაიკიდნეს. თვითო ტოტი ერთმანეთსა ჰკრეს სიკვდილსა არ დარიდნეს. გამორიდა ვეფხმან გული დედათამცა გამორიდნეს. ლომი მედგრად გაეკიდა იგი ვერვინ დაამშვიდნეს.

954. ლომსა დაუგმე ნაქმარი ვარქვი არა ხარ ცნობასა. შენ საყვარელსა რად აწყენ ფუ მაგა მამაცობასა. რხმალ ამოწვდილი გაუხე მივეც ლახვართა სობასა. თავსა გარდავკარ მოცავკალ დავხსენ სოფლისა თმობასა.

955. ხრმალი გავსტყორცე გარდვიჭერ ვეფხი შევიპყარ ხელითა. მის გამო კოცნა მამინდა ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა. მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა. ვეღარ გავუძელ იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.