... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

1023. ჩაიცვა ტანსა აბჯარი, ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა მას ხელთა კეტი რკინისა, ჰქონდა ხელითა ცალითა ნავისა თავსა გულითა, წადგა შიშშეუვალითა ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხრმალითა

1024. კიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა აძგერეს ძელი რომელსა, ზედა სახნისი ჰგებოდა ყმა ნავის თავსა უშიშრად, ქვე დგა არ თურე ჰკრთებოდა კეტი ჰკრა ძელი მოსტეხა, სხვით არათ არ მოსტყდებოდა

1025. ძელი მოსტეხა ავთანდილ, დარჩა ნავდაულეწელი შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი ვეღარ გაესწრნეს გარდუხდა, მტერთა მი და მო მლეწელი არ დარჩა კაცი ცოცხალი, მუნ მისგან დაუფრეწელი

1026. მათ ლაშქართა გულუშიშრად, ასრე ჰხოცდა ვითა თხასა ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა დაკოდილნი მკვდართა შუა, იმალვიან მალვენ ხმასა

1027. გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა ზოგთა ჰკადრეს ზენაარი, ნუ დაგვხოცო შენსა სჯულსა არ დახოცნა დაიმონნა, დარჩომოდა რაცა წყლულსა მართლად იტყვის მოციქული, შიში შეიქს სიყვარულსა

1028. კაცო ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღრმთისა ძალი დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი ღმერთი გფარავს სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა თუნდა ხრმალი

1029. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი, მათეულნი დიდნი ნახნა ნავი ნავსა შეატყუბნა, ქარავანსა დაუზახნა უსამ ნახა მხიარულმან, გაეხარნეს არ იახნა ჰკადრა ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა

1030. ავთანდილის მაქებელად, ათასიმცა ენა უნდა ვერცა მათ თქვეს ნაომრობა, როგორ ტურფად დაუშვენდა ქარავანმან იზრიალა, თქვეს უფალო მადლი შენდა მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა

1031. მოეგებნეს აკოცებდეს, თავსა პირსა ფერხთა ხელსა ჰკადრეს ქება უსაზომო, მას ტურფასა საქებელსა მისი ჭვრეტა გააშმაგებს, კაცსა ბრძენსა ვითა ხელსა შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი, ფათერაკსა ეზომ ძნელსა

1032. ყმამან უთხრა მადლი ღმერთსა, შემოქმედსა არსთა მხადსა ვისცა ძალნი ზეციერნი, განაგებენ აქა ქნადსა იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა ზოგსა ცხადსა ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა

1033. ღმერთმან სულსა ეგოდენსა, თქვენ გათნივა სისხლი თქვენი მე გლახ რა ვარ მიწა ცუდი, თავით ჩემით რამცა ვქენი აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულე რაცა ვთქვენი ნავი სრულად საქონლითა, მიმიღია ვითა ძღვენი

1034. ამოა კარგსა მოყმესა, რა ომი გამარჯვებოდეს ამხანაგთაგან ეჯობნოს, ვინცა მას თანა ჰხლებოდეს მიულოცვიდენ აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს ჰშვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს

1035. იგი ნავი მეკობრეთა, მას დღე ნახეს არ ახვალეს მუნ დებულთა საჭურჭლეთა, ამარიმცა ვით დათვალეს მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოსცალეს დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს

1036. ავთანდილს უსამ მოართვა, ვაჭართა შემოთვლილობა შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენ ვიცით ჩვენი ფლიდობა რაცა გვაქვ იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა რასაცა მოგვცემ გვიბოძე, გვიქნია აქა ყრილობა

1037. ყმამან შესთვალა ჰე ძმანო, წეღანცა მოგისმენია ღმერთსა შეესმა ნაკადი, რაცა თქვენ თვალთა გდენია მან დაგარჩინნა მე რა ვარ, მე გლახ რა მომილხენია რა გინდა მომცეთ რას ვაქნევ, მე ვარ და ჩემი ცხენია

1038. მე თუმცა რამცა მინდოდა, საჭურჭლე დასადებელი ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარსაგებელი რას ვაქნევ თქვენსა რად მინდა, ოდენ ვარ თანამხლებელი სხვაგან რამე მიც სხვა საქმე, თავისა წასაგებელი

1039. აწ რაცა აქა ვიშოვე, საჭურჭლე დაუთვალავი რაცა ვის გინდა წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი ერთსა ვიაჯი მიაჯეთ, სააჯო არსაკრძალავი საქმე რამე მიც თქვენშიგა, თავისა დასამალავი

1040. ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით, არ თქვენსა პატრონობასა თვით თავადია ჩვენი თქო, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჩუბაჩობასა თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა

1041. ესე საქმე ქარავანსა, გაეხარნეს მეტად დია მოვიდეს და თაყვანის სცეს, ჰკადრეს ჩვენი იმედია რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯია მას ვმსახუროთ ვისი პირი, მზისა პირად გაგვიცდია

1042. მუნით წავიდეს იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან მიხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან მას მარგალიტსა მას ყმასა, კბილთავე ფერსა სძღვნიდიან