... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

913. წვადი შეიწვეს შეიქმნა, პურობა მსგავსი ჟამისა მუნ უპურობა პურობა, არსიდიადე ჯამისა მას შეეხვეწნეს ჭამეო, ძალი არ ჰქონდა ჭამისა გაცოხნის ლუკმა გატყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა

914. ამოა რომე კაცი კაცს, ამოსა ეუბნებოდეს მან გაუგონოს რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს

915. მას ღამესა ერთგან იყვნეს, იგი ლომნი იგი გმირნი იუბნეს და გააცხადნეს, თავთავისად მათნი ჭირნი რა გათენდა კვლა დაიწყეს, საუბარნი სიტყვახშირნი ერთმანეთსა გაუგონნეს, ფიცნი პირველ დანაპირნი

916. ტარიელ ეტყვის რად უნდა, სიტყვისა თქმა მრავალისა რაცა შენ ჩემთვის გიქნია, ღმერთი მზღველია ვალისა კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა არ დავიწყება მოყვრობა, მოყვრისა წარმავალისა

917. აწ შემიხვეწე ნუ დამწვავ, კვლა წვითა უცხელესითა მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა ვერ დაშრეტ შენცა დაიწვი, სოფლისა ქნისა წესითა წადი დაბრუნდი შეიქეც, მუნითვე შენი მზე სით ა

918. ვინ დამბადა განკურნება, ჩემი უჩანს მასცა ძნელად ვისცა გესმის გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად რაცა ჰმართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად აწ ნობათი ხელობისა, მომხვდომია მით ვარ ხელად

919. ავთანდილ ეტყვის რა გითხრა, პასუხი მაგა თქმულისა შენვე სთქვი ეგეა სიტყვა, კაცისა ბრძნად სწავლულისა ღმერთსამცა ვით არ შეეძლო, კვლა განკურნება წყლულისა იგია მზრდელი ყოვლისა, დანერგულ დათესულისა

920. ღმერთსამცა ესე რად ექნა, ეგეთნი დაებადენით არღა შეგყარნა გაგყარნა, თვალნი ცრემლთა დადენით სდევს ფათერაკი მიჯნურსა, გაჭვრიტეთ გაიცადენით თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეთ, მე სულნი ამომხადენით

921. ნეტარ მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს რაცა ჭირია ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია ნუ გეშის ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია რასცა მიწვრთიხარ იწვართე, გკადრო უწვრთელი ვირია

922. თუ რა გესმის გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად ჩემსა მზესა დავეთხოვე, თქვენს წინაშე წამოსავლად მოვახსენე რათგან ჩემი, შეუქმნია გული ავლად არას ვარგებ არ დავდგები, სხვა ვიუბნო რაღა მრავლად

923. მან მიბრძანა მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად შენგან მისსა გავლენასა, მე დავიჩენ სამსახურად მისის კითხვით წამოსრულვარ, არ მთრვალურად არ მახმურად აწ შევიქცე რა უამბო, რად მოველო ჯაბანხრდლურად

924. მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი მქნელი საქმისა ძნელისა, კაციმცა იყო ცნობილი ვერას ვერ იქს ნაყოფსა, ვარდი უმზეოდ ჭკნობილი შენ ვერას ირგებ მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი

925. სადაცა გწადდეს მუნ იყავ, მითვე წესითა მაგითა გწადდეს გულითა ბრძენითა, გწადდეს ცნობითა შმაგითა მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა ოდენ გამაგრდი არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა

926. ამის მეტსა არას გნუკევ, წელიწადსა ერთსა მსგეფსა აქა ქვაბსავ მომნახვიდე, მე ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდიეფსა ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა

927. ვირ ვარდი იყოს და მზეს ჯდეს, კირჩხიბსა და სატოტანსა აქა ქვაბსვე მომნახევდი, მოარებდი ლომო ტანსა არას ვპოვებ ეგრე მოვალ, თუ რას ვჰპოვებ მოსატანსა უაქაოდ არ დავდგები, ერანს ვარ თუ ზულისტანსა

928. ამა დროსა გარდავსცილდე, აქა ქვაბსა არ მოვიდე ცან ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვე კიდე ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე მაშინ გწადდეს იხარებდი, გწადდეს ჭმუნვა გაადიდე

929. აწ რაცა გკადრე ამისთვის, ნუთუ შენ იყო მჭმუნავი მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს თუ ნავი არ უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი არ ვიცი ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბუნავი

930. ტარიელს ეტყვის ავთანდილ, რუ გახმა ცრემლთა დენისა რად მოიშორე შენ ფრიდონ, მომცემი მაგა ცხენისა მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა აწ მე მუნ მივალ მასწავლე, გზა ძმადფიცისა შენისა

931. ტარიელ სიტყვით ასწავლის, მხარსა ფრიდონის გზისასა მართ გააგონა რაც ოდენ, შეეძლო ძალსა თქმისასა აღმოსავლითკენ წადიო, პირსა იარე ზღვისასა თუ ნახე ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა

932. თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექნეს ზღვისა პირსა სვეს და ჭამეს რაცა ჭამა, შეჰფეროდა მათსა ჭირსა მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა ზოგჯერ ძვირსა