... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისვლისა ზღვისპირს რომ გავიდა

1043. ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა ნახეს მოცული ქალაქი, გარე ბაღისა ტევრითა გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა ბევრის ბევრითა მის ქვეყანისა სიტურფე, რა გაგაგონო ენითა

1044. მათ ბაღთა პირსა დააბეს, ნავი საბლითა სამითა ავთანდილ ტანსა ჯუბანი, ჩაიცვნა დაჯდა სკამითა მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა იგი ყმა ვაჭრობს თავადობს, და თავსა მალავს ამითა

1045. მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა იახლნეს რომელსა მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით, პირსა ელვათა მკრთომელსა ავთანდილ უხმო ეუბნა, კაცსა არ სიტყვა მცთომელსა ვისნი ხართ ვინ ხართ რა ჰქვიან, მეფესა აქა მჯდომელსა

1046. წვრილად მითხარ ყველაკაი, ყმა მას კაცსა ეუბნების რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების ჰკადრა ვხედავ პირსა თქვენსა, მზისა პირად მე მეცნების რაცა ვიცი მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების

1047. ესეა ზღვათა სამეფო, თვისა ათისა სავლითა თვით გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა აქ მოდის ტურფა ყველაი, ნავითა ზღვაზღვა მავლითა მელიქ სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა

1048. აქა მოსლვითა გაყმდების, კაციცა იყო ბერები სმა გახარება თამაში, ნიადაგ სიმღერაები ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს, ყვავილი ფერადფერები ვინცა გვიცნობენ გვნატრიან, იგიცა ვინ ა მტერები

1049. დიდვაჭარნი სარგებელსა, ამისებრსა ვერ ჰპოებენ იყიდიან გაჰყიდიან, მოიგებენ წააგებენ გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრებენ უქონელნი წელიწადსა, საქონელსა დაიდებენ

1050. მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა თვით ესე ბაღი მისია, სადგომი თქვენი დღესისა პირველ მას ჰმართებს ჩვენება, ყოვლისა უტურფესისა

1051. რა შემოვლენ დიდვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან უჩვენებენ რაცა ჰქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან უტურფესსა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს დაჰყიდიან

1052. თქვენებრთა საბატიოთა, მას ჰმართებს გამოსვენება დამყენებელთა უბრძანებს, მართებდეს ვის დაყენება აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება გამოგება და წაყვანა, მას ჰმართებს თქვენი ქენება

1053. ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი პურად კარგი მასპინძელი, საყვარელი არ თუ მქისი მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი

1054. ავთანდილ უთხრა წადიო, აგრე ქმენ რაცა გწადიან მებაღე მირბის იხარებს, ოფლი ქვე მკრდამდის ჩასდიან ხათუნსა უთხრა ამბავი, მე ესე დამიქადიან ყმა მოვა მისთა მჭვრეტელთა, შუქნი მზედ გაიცადიან

1055. ვაჭარი ვინმე პატრონი, არს ქარავნისა დიდისა საროსა მსგავსი ნაზარდი, და მთვარე დღისა შვიდისა შვენის ჯუბა და მოხვევა, ძოწეულისა რიდისა მე მიხმო მკითხა ამბავი, და ნირი ლართა სყიდისა

1056. ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი მოუკაზმეს ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი შემოვიდა ღაწვი ვარდი, ბროლ ბადახში მინასათი მისთა მჭვრეტთა დაასახეს, ვეფხსა ტოტი ლომსა თათი

1057. ზარი გაჰხდა შემოაკრბეს, ქალაქისა ერნი სრულად იქით აქათ იჯარვოდეს, უჭვრიტოთო ამას რულად ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულწასრულად მათთა ცოლთა მოიძულვეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად

ავთანდილისაგან ფათმანის ალაგში მისვლა ფათმანის მიგებება და სიხარული

1058. ფატმან ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა მხიარულად უსალამა, სიხარული დაიჩინა ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შევითვატყე არ ეწყინა

1059. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ ყმაწვილი მაგრა მზმელი ნაკვთად კარგი შავგრემანი, პირმსუქანი არპირხმელი მუტრიბთა და მომღერალთა, მოყვარული ღვინისმსმელი დია ედვა სასალუქო, დასაბურავჩასაცმელი

1060. მას ღამესა ფატმან ხათუნ, უმასპინძლა მეტად კარგა ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა თქვეს თუ ვარგა ფატმანს მისი მასპინძლობა, უღირს ღმერთო არ დაჰკარგა სვეს და ჭამეს დასაწოლად, ყმა გავიდა ღამით გარ გა