... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

1116. მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი უჩვენე ხედავთ ჰინდოთა, ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი ჩაეპარენით ჩაედით, წყნარად ნუ ჩქარად მხლტომელნი მოგყიდონ ფასი მიეცით, რისაცა იყვნენ მდომელნი

1117. თუ არ მოგცენ ნუღა მისცემთ, წაჰგვარეთ და დაჰხოცენით მოიყვანეთ ისი მთვარე, ქმენით კარგად ეცადენით ჩემნი ყმანი ზედადაღმა, ჩაეპარნეს ვითა ფრენით დაევაჭრნეს არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით

1118. მე სარკმელთა გარდავადეგ, რა შევიგენ არ მოჰყიდეს შევუზახენ დახოცენით, დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა სცვიდეს ჩავეგებე გამოვგვარე, ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს

1119. რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე რა ნაზობა ვფიცავ რომე იგი მზეა, არა ჰმართებს მზესა მზობა ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ქნა ნახაზობა მე თუ დამწვავს აჰა მზა ვარ, არღა უნდა ამას მზობა

1120. ესე სიტყვა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი ერთმანერთი დაავიწყდა, მისთვის გაჰხდეს ვითა ხელნი ღვარმან ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი

1121. მოიტირეს ყმამან უთხრა, ნუღარ გასწყვედ გაასრულე ფატმან იტყვის მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე გარდვუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე გავესულე

1122. ვჰკადრე მითხარ ვინ ხარ მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა იმა ზანგთა სით მოჰყვანდი, შენ პატრონი ცისა ხომთა მან პასუხი არა მითხრა, მე სიტყვათა ესე ზომთა ასნაკეცი წყარო ვნახე, ცრემლთა მისთა მონაწთომთა

ფატმანისაგან ნესტან დარეჯანის კითხვა და მეცნიერობის შეტყობის ნდომა

1123. რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა გულამოხვინჩვით ატირდა, მით რამე ხმითა წყნარითა ბროლ ლალსა ღვარი ნარგისთა, მოსდის გიშრისა ღარითა მისი მჭვრეტელი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა

1124. ვთქვი უჟამოდ არ წესია, მოყვანა და მზისა ხმობა მომყვანელი გაშმაგდების, და წაუვა ერთობ ცნობა ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა რად არ ვიცი ამა მზისა, საუბრისა უჟამობა

1125. ავიყვანე იგი პირმზე, ნაქები და ვერ ვთქვი უქი სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი ჩამოვბურე მრავალკეცი, სტავრა მძიმე არ სუბუქი ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი

1126. მოვიყვანე შინა ჩემსა, იგი პირმზე ტანით ალვით მოვუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით არვის უთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით კრძალვით ერთი ზანგი ვამსახურე, მე შევიდი ვნახი ხალვით

1127. ვით გიანბო საკვირველი, მე გლახ მისი ყოფაქცევა დღე და ღამე გაუწყვედლად, ტირილი და ცრემლთა ფრქვევა შევეხვეწი დადუმდიო, წამერთ ჰქონდის ჩემი თნევა აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაი ჩემთვის ვაგლახ მე ვა

1128. შინა შევიდი მას წინა, ედგის ცრემლისა გუბები შიგან მელნისა მორევსა, ეყრდნის გიშრის შუბები მელნისა ტბათათ იღვრების, სავსე სათისა რუბები შუა ძოწსა და აკიკსა, სჭვირს მარგალიტი ტყუბები

1129. ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა, ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან თუმცა მეკითხა ვინა ხარ და, ეგრე გასრული რისაგან მჩქეფრად სისხლისა ნაკადი, მოსდის ალვისა ხისაგან მას ხორციელი არ გასძლებს, სხვა კიდეგანი ქვისაგან

1130. არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა მიწყივ იყვის რიდითა და, მით ერთითა ყაბაჩითა მკლავი მისი სასთაულად, მიიდვის და მიწვის მითა ძლივ ვაჭამი ცოტა რამე, ათასითა შეხვეწითა

1131. სხვა გიამბო საკვირველი, რიდისა და ყაბაჩისა ვარ მნახავი ყოვლისავე, უცხოსა და ძვირფასისა მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა სილბო ჰქონდა ნაქსოვისა, და სიმტკიცე ნაჭედისა

1132. მან ტურფამან სახლსა ჩემსა, ეგრე დაყო ხანი დიდი ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი ვთქვი თუ უთხრობ ვიცი დარბაზს, გამამჟღავნებს ისი ფლიდი ესე მეყო საგონებლად, შევიდი თუ გამვიდი

1133. ვთქვი თუ არ ვუთხრა რა უყო, ჩემგან რა მოეგვარების არცა რა ვიცი რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების ქმარი რა მიგრძნობს მოცამკლავს, ვერღარა მომეფარების ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების

1134. მე გლახ მარტომან რა ვუყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა მო და გავანდო ნუ შევალ, უსენის შეცოდებასა არ გამამჟღავნოს ვაფიცო, თუ მომცემს იმედებასა სულსა ვერ წასწყმედს ვერა იქს, ფიცისა გაცუდებასა