... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

1061. დილასა ლარი ყველაი, უჩვენა გაახსნევინა ტურფანი სეფედ გარდასხნა, ფასიცა დაათვლევინა ვაჭართა უთხრა წაიღეთ, აჰკიდა გააწევინა თქვა ვითა გინდა ვაჭრობდით, ნუ გამაცხადებთ მე ვინა

1062. ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა ერთგან სხდიან უბნობდიან, საუბარსა არა მქისსა ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისა ვითა ვისსა

ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება წიგნის მიწერა და გაგზავნა

1063. სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის მართ ანასდად გიღალატებს, გაჰკვეთეს რაცა დაესობის მით დიაცსა სამალავი, არასთანა არ ეთხრობის

1064. ფატმან ხათუნს ავთანდილის, გულსა ნდომა შეუვიდა სიყვარული მეტისმეტი, მოემატა ცეცხლებრ სწვიდა დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა იტყვის რა ვქნა რა მერგების, აწვიმებდა ცრემლთა ღვრიდა

1065. მიღმა ვუთხრა ვა თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს თუ არა ვთქვა ვეღარ გავსძლებ, ცეცხლი უფრო გამიხშირდეს ვთქვა და მოვკვდე ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს

1066. დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი მისთა მსმენელთა გულისა, შემძრველი შემარყეველი უსტარი შესანახავი, არცუდად დასახეველი

1067. ფატმან არ იცის ავთანდილ, თუ ვისით ცეცხლით მწველია მეფე მოშორდა გამზრდელსა, თინთინ ცრემლთა მღვრელია ნესტან დარეჯანს დაეძებს, ბევრს ჭირთა გარდამხდელია აქა სცნობს მართალს ამბავსა, გაიადვილოს ძნელია

წიგნი ფატმანისა ავთანდილს თანა სამიჯნუროდ მიწერილი

1068. ჰე მზეო ღმერთსა ვინათგან, მზედ სწადდი დასაბადებლად მით შეგქნა მოშორვებულთა, ლხინად არ ჭირთა მწადებლად ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად მნათობთა შენი შეხედვა, ტკბილად უჩს დასაქადებლად

1069. შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან ვარდი ხარ მიკვირს ბულბულნი, რად არა შენზედ კრფებიან შენი შვენება ყვავილთა, აჭკნობს და ჩემნიც ჭკნებიან სრულად დამწვარვარ თუ მზისა, შუქნი არ მომესწრებიან

1070. ღმერთი მყავს მოწმად ვიშიშვი, თქვენსა ამისსა თხრობასა მაგრა რა ვირგო დღეკრულმან, სრულად გავჰყრივარ თმობასა გული ვერ გასძლებს ნიადაგ, შავთა წამწამთა სობასა თუ რას მეწევი მეწივე, თვარა მივჰხდები ცნობასა

1071. მე ვირე ამა წიგნისა, პასუხი მომივიდოდეს ვცნობდე გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გავიდოდეს მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს სიცოცხლე ანუ სიკვდილი, გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს

1072. ფატმან ხათუნ დაწერა, და გაუგზავნა წიგნი მისი ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა ანუ თვისი თქვა არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს ვისსა ვისი რომე მიმიჩნს სამიჯნურო, რად ვამსგავსო მე მას ისი

1073. თქვა ყვავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია მაგრა მას ზედა ბულბულსა, ჯერთ ტკბილად არ უმღერია უმსგავსო საქმე ყველაი, მოკლე და მით ოხერია რა უთქვამს რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია

1074. ესეგვარი საზრახავი, დაუზრახა გულსა შინა მერმე იტყვის ჩემგან კიდე, ჩემი შემწე არავინა რასათვისცა გამოჭრილ ვარ, მისი ძებნა რადგან მინა რათაცა ვით ვჰპოვებ მას ვიქ, გულმან სხვამცა რა ისმინა

1075. ისი დიაცი აქა ზის, მნახავი კაცთა მრავალთა მოსადგურე და მოყვარე, მგზავრთა ყოველგნით მავალთა მივჰყვე მიამბობს ყველასა, რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა ნუთუ რა მარგოს მე მისი, გარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა

1076. თქვა დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა აუგი და მოყივნება, არად შესწონს ყოლა კრულსა რაცა იცის გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა მიჯობს მივჰყვე განღა სადმე, ვსცნობ საქმესა დამალულსა

1077. კვლა იტყვის ვერვინ ვერას იქს, თუ ეტლი არ მოსთმინდების მით რაცა მინდა არა მაქვს, რაცა მაქვს არ მომინდების ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდების კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების

წიგნი ავთანდილისა ფათმანს თანა პასუხად მიწერილი