... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

964. მინდორსა შუა გორი დგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა ღირსნი მას თანა სროლასა, ორმოცი კაცი ხლებოდა მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყვებოდა ფრიდონს უკვირდა რა ჰქნესო, მისთა სპათათვის წყრებოდა

965. ფრიდონ მონა გამოგზავნა, წა ნახეო ისი სპანი რა ქნეს ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი მონა ფიცხლა მოეგება, ნახა სარო მორჩი ტანი დადგა თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი

966. ავთანდილ ცნა თუ ისია, მოამბედ ჩემად რებული უთხრა არქვი შენსა პატრონსა, ეს ჩემი დავედრებული ვარ უცხო ვინმე ღარიბი, საყოფთა მოშორვებული ძმადფიცი ტარიელისი, თქვენს წინა მომგზავრებული

967. მონა წავიდა ფრიდონის, თხრობად ამბვისა მისისად უთხრა მზე ვნახე მოსრული, ჩანს მანათობლად დღისისად ვაზრობ იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად ვარ ძმაო ტარიელისი, შეყრად ფრიდონის მქისისად

968. რა ტარიელ მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა თვალთათ ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა შეიყვარნეს ერთმანერთი, მათგან იქო არ გაუქდა

969. ფიცხლა ჩავლო იგი ქედი, ჩაეგება ფრიდონ წინა რა შეხედნა მან ესე თქვა, თუ არ მზეო ისი ვინ ა მას ჰმეტობდა რაცა ქება, მონისაგან მოესმინა ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქევევინა

970. მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდონ თვით უსახოდ ფრიდონს ყმა, და მოეწონა ყმასა ფრიდონ რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ მომკალ ბაზარს სხვა მათებრი, ივაჭრონ რა ანუ ჰყიდიან

971. ფრიდონისებრნი მოყმენი, ვინმცა ვით ვინ ეგებიან მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტნი არ მიხვდებიან მზე უჩინო იქს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან დღისით ვერ ნათობს სანთელი, და ღამით შუქნი ჰკრთებიან

972. ცხენთა შესხდეს გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა ავთანდილის ჭვრეტად სპანი, იქიაქათ იქმან ჯრასა თქვეს ასეთი ხორიცელი, შეუქმნია ნეტარ რასა

973. ყმა ფრიდონს ეტყვის ისწრაფი, ვიცი ამბისა თხრობასა გიამბო ვინ ვარ სით მოვალ, ვინათგან ჰლამი ცნობასა ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა იგი ძმად მიხმობს ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა

974. მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით დიდი სპასპეტი სახელად, მიხმობენ ავთანდილობით ძე დიდებულთა დიდგვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით

975. დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა მინდორს ვნახეთ ტარიელ, ცრემლთა ღვრიდა ველთა რწყვიდა გაგვიკვირდა გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა ჩვენ გვეწყინა არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა

976. მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და წყრებოდა მან უჭირველად დახოცნა, ომი არ მისჭირდებოდა ზოგსა მხართეძო დალეწა, და ზოგსა სული ჰხდებოდა მუნღა ცნეს ეტლი მთვარისა, რომე არ დაბრუნდებოდა

977. მან სპათაგან ვერ შეპყრობა, ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა თვით შესხდეს და შეუტიეს, ამაყთა და არას მკრთალთა რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა

978. ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავჰწამეთ ეშმაურობა მეფე დაჭმუნდა დაშალა, სმა ნადიმობა პურობა მე ვეღარ გავსძელ მისისა, ამბისა არდასტურობა გამოვიპარე საძებრად, მწვიდა ცეცხლი და მურობა

979. იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი მათ მასწავლეს ხატაელნი, ვნახენ მისგან დაკოდილი ვჰპოვე ვარდი მოყვითანე, შუქმკრთალი და ფერმიხდილი შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი

980. ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გამესისხლებია მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არახალ არახლებია ვა ჰმართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ხლებია

981. ქალი მარტო ქვაბსა შიგან, ზის მტირალი ცრემლნაწთომი ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი მიართვამს და იმით არჩენს, იგი ერთგან ვერდამდგომი მისგან კიდე სანახავად, არა უნდა კაცთა ტომი

982. მე უცხოს უცხო მანატრა, მოსმენა სანატრელისა მითხრა ამბავი მისი და, მისისა სასურველისა რა ჭირნი დასთმნა ვერ იტყვის, აწ ენა ესე ხელისა ჰკლავს სურვილი და ვერჭვრეტა, მისისა დამმარხველისა

983. ვითა მთვარე დაუდგრომლად, იარების არ დადგების მასვე ცხენსა შენეულსა, ზის აროდეს გარდახდების არას ნახავს პირმეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების ვა მე მისსა მგონებელსა, ვა მას ვინცა მისთვის კვდების