... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

1559. ვინცა გწადდეს ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე მუნიდაღმა გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე ასმათ ფერხნი გარდუკოცნა, შენგანაო ჩემი ღონე მონობისა უკეთესი, რამც გიშოვნე რამც ვიქონე

1560. ერთგან სამთავე ძმობილთა, დაყვნეს ცოტანი დღენია თამაშობდიან უსახო, მოუდიოდეს ძღვენია რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია მაგრა ავთანდილს სურვილმან, დაღრეჯა დააჩენია

1561. ტარიელ სცნა ამა ყმასა, ცოლისათვის მოესურვა უბრძანებდა გული შენი, განაღამცა მომემდურვა აწ ვაგლახ მე ჭირი შენი, გონებამან შვიდით ურვა მოგშორდები საწუთრომან, ლხინი ასრე დამიშურვა

1562. კვლა ფრიდონცა დაეთხოვა, წავიდეო სახლსა ჩემსა ზედაზედა დავსტკეპნიდე, დარბაზსა და ამა თემსა სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა შენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა

1563. როსტანისთვის წაატანა, ძღვნად ტურფები ჯუბაჩები კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები არ ჩამჩები ჩემაგიერ მიუტანე, წადი ნურას მეურჩები ავთანდილ თქვა არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები

1564. ქალსა ქალმან გაუგზავნა, ყაბაჩა და ერთი რიდე რომე ჩაცმა დაბურვასა, ვინმც ღირს იყო მათგან კიდე ერთი თვალი წამღებელმან, ვერა თქვას თუ ცუდად ვზიდე ღამე მზეებრ გაანათლოს, ჩნდის სადაცა შეხედვიდე

1565. ავთანდილ შეჯდა წავიდა, ტარიას გაესალამა იგი ორნივე გაყრისა, დაწვნა ცეხლისა ალამა სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა ავთანდილ იტყვის მომკლაო, სოფლისა მე სამსალამა

1566. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ, იარნეს დღენი მცირენი გზამან გაჰყარნა წავიდეს, თავისთავ ანატირენი კარგად მოუხდეს მათ მათნი, საქმენი დანაპირენი ავთანდილ მიჰხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი

1567. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან ნახა მზე მისი მირიდა, მისთა სურვილთა წყენამან მის თანა ტახტსა დავეჯდა, ილხინა მჭვრეტთა ლხენამან გაახელმწიფა გვირგვინი, ზეცით მოსრულმან ზენამან

1568. მათ სამთავე ჴელმწიფეთა, ერთმანერთი არა სძულდეს ერთმანერთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს ბრძანებისა შემცილენი, მათთა ხრმალთათ დავეწყლულდეს მოიმატნეს სამეფონი, გახელმწიფდეს გამორჭმულდეს

1569. ყოვლთა სწორად წყალობასა, ვითა თოვლსა მოათოვდეს ობოლქვრივნი დაამდიდრნეს, და გლახაკნი არ ითხოვდეს ავთა მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ სწოვდეს შიგა მათთა საბრძანისთა, თხა და მგელი ერთად სძოვდეს

1570. გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა გარდახდეს გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა ვის გრძლად ჰგონია მისთვისცა, არის ერთისა წამისა ვსწერ ვინმე მესხი მელექსე, მე რუსთველისა და მისა

1571. ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად ესე ამბავი გავლექსე, მე მათად საკამათებლად ვინ არის აღმოსავლეთით, დასავლეთს ზართა მარებლად ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა დამამაგრებლად

1572. დავითის ქნანი ვითა ვთქვნე, სიჩალხე სიხაფეთანი ესე ამბავი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი ვპოვენ და ლექსად გარდავჰთქვენ, ამითა ვილაყფეთანი

1573. ესე ასეთი სოფელი, არ ვისგან მისანდობელი წამია კაცთა თვალისა, და წამწამისა მსწრობელი რასა ვინ ეძებთ რას აქნევთ, ბედია მაყივნებელი ვის არ შეუცვლის კარგია, ორისავ იყოს მხლებელი

1574. ამირან დარეჯანის ძე, მოსეს უქია ხონელსა აბდულმესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა დილარგეთ სარგის თმოგველსა, მას ენა დაუშრომელსა ტარიელ მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლშეუშრომელსა