... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

1154. მისალამეს ფატმან მითხრეს, ბრძანებაა ღმრთისა სწორთა დღეს რომელი უსენ შესძღვნა, ქალი მსგავსი მზეთა ორთა აწ მოგვგვარე წავიყვანოთ, ვლა არ გვინდა გზათა შორთა ესე მესმა დამტყდეს ცანი, რისხვა ღმრთისა ეცა გორთა

1155. მე გაკვირვებით კვლა ვკითხე, რა ქალი გინდა რომელი მათ მითხრეს უსენ შემოსძღვნა, პირი ელვათა მკრთომელი არას მარგებდა დაესკვნა, დღე ჩემი სულთა მხდომელი ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი

1156. შევე ვნახე იგი ტურფა, მტირალად და ცრემლ დასხმულად ვჰკადრე მზეო ბედმან შავმან, ვით მიმუხთლა ხედავ რულად ცა მობრუნდა რისხვით ჩემკე, იავარმყო ამფხვრა სრულად შემასმინეს მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულმოკლულად

1157. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია ბედი უბედო ჩემ ზედა, მიწყივ ავისა მქნელია კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს, ავი რა საკვირველია სხვადასხვა ჭირი ჩემზედა, არახალია ძველია

1158. თვალთათ ვითა მარგალიტი, გარდმოყარა ცრემლი ხშირი ადგა ასე გულუშიშრად, ვეფხი იყო ანუ გმირი ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი მთხოვა გარე აჯიღითა, მოიბურა ტანი პირი

1159. შევე საჭურჭლეს რომელსა, ფასი არ დაედებოდა თვალმარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა თვითო და თვითო თვითოსა, ქალაქსა ეფასებოდა მიველ მას წელთა შევარტყი, შავგული ვისთვის კვდებოდა

1160. ვარქვი ჩემო განღა სადმე, გეხმარების ესე გვარი მათ მონათა ხელთა მივეც, იგი პირი მზისა დასადარი ცნა მეფემან მოეგება, ჰკრეს ტაბლაკსა გაჰხდა ზარი იგი მივა თავმოდრეკით, წყნარი არის მოუბარი

1161. ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გაჰხდა ზათქი და ზარები ვერ იჭირვებდეს სრაანგნი, მუნ იყო არ სიწყნარები იგი რა ნახა მეფემან, საროსა მსგავსი ნარები გაკრთომით უთხრა ჰე მზეო, აქა ვით მოიგვარები

1162. ვით მზემან მისნი მჭვრეტელნი, შექნნა თვალისა მფახველად მეფემან ბრძანა გამხადა, ნახული მე უნახველად ღმრთისაგან კიდე ვინ იყო, კაცი ამისად მსახველად ჰმართებს ამისსა მიჯნურსა, ხელი თუ რბოდეს ახ ველად

1163. გვერდსა დაისვა ეუბნა, ტკბილითა საუბარითა მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ, მოსრული ვისთა გვარითა მან არა გასცა პასუხი, პირითა მზისა დარითა თავმოდრეკილი დაღრეჯით, ქვე ზის ცნობითა წყნარითა

1164. არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა სხვაგან იყო გული მისი, სხვასა რასმე იგონებდა ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა

1165. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ, გული ჩვენი რათ იხსნების ამა ორთა კიდეგანთა, აზრი არა არ იქნების ან ვისიმე მიჯნურია, სიყვარული ეგონების მისგან კიდე არვისად სცალს, არცაღა ვის ეუბნების

1166. ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედაზედი ვით ზღაპარი ასრე ესმის, უბედობა თუნდა ბედი სხვაგან არის სხვაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი

1167. ღმერთმან ქნას შინა მოვიდეს, ძე ჩემი გამარჯვებული მე დავახვედრო ისი მზე, და მისთვის დამზადებული მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვცნათ გაცხადებული მუნამდის მთვარე შუქკრთომით, ჯდეს მზისა მოშორვებული

1168. ხელმწიფისა შვილსა გითხრობ, კარგსა ყმასა გულოვანსა უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა ტანსა მაშინ ლაშქარს წასრულ იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა მამა მისთვის ამზადებდა, მას მნათობთა დასაგვანსა

1169. მოიღეს ტანსა ჩააცვეს, შესამოსელი ქალისა მას ზედა შუქი მრავალი, ჩნდა მნათობისა თვალისა დაადგეს თავსა გვირგვინი, ერთობილისა ლალისა მუნ ვარდსა ფერი აშვენებს, ბროლისა გამჭვირვალისა

1170. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ, საწოლი უფლისწულისა დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა ადგა თვით დიდი ხელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა მას ზედა დასვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა

1171. უბრძანა ცხრათა ხადუმთა, დადგომლად მცველად კარისად ხელმწიფე დაჯდა ნადიმად, მსგავსად მათისა გვარისად უბოძა უსენს უზომო, მუქფად მის მზის დარისად სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, მოსამატებლად ზარისად

1172. გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქმნა მეტად გრძელი ქალი პირმზე ბედსა ეტყვის, რა ბედი მიც ჩემი მკლველი სადაური სად მოსულ ვარ, ვის მივჰხვდები ვისთვის ხელი რა ვქნა რა ვყო რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი

1173. კვლაცა იტყვის ნუ დავაჭნობ, შვენებასა ვარდთა ფერსა ვეცადო რას ნუთუ ღმერთმან, მომარიოს ჩემსა მტერსა სიკვდილამდის ვის მოუკლავს, თავი კაცსა მეცნიერსა რა მისჭირდეს მაშინ უნდან, გონებანი გონიერსა