... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

აქა ავთანდილისაგან ჩაჩნაგირისა და ორთა დარაჯთა მისთა დაჴოცა

1098. იგი ყმა საწოლს მარტო წვა, გულითა ჯავრიანითა ხელსისხლიანი ავთანდილ, შედგა ტანითა ჯანითა ვერღა აესწრა იდუმალ, მოკლა ვერცა თუ ვცანითა ხელი მოჰკიდა მიწასა, დაასკვნა დაკლა დანითა

1099. მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა, მხეცი და ვითა ზარია ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, ქვესკნელთ მიწასა გარია ზღვათაკენ სარკმლთა გასტყორცა, ზღვასა ქვიშათა დარია მისთვის არცაღა სამარე, არცა სათხარად ბარია

1100. ხმა მათისა დახოცისა, არ გაისმა არსით არა წამოვიდა ვარდი ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა ესე მიკვირს სისხლი მისი, ასრე ვითა მოიპარა რომე პირველ წამოევლო, გზა იგივე წაიარა

1101. რა ფატმანისსა შევიდა, ლომი მზე მოყმე წყლიანი უბრძანა მოვკალ მან ყმამან, დღე ვეღარ ნახოს მზიანი თვით მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღმრთიანი აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქვს სისხლიანი

1102. აწ მითხარ თუ რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად რას გექადდა ისი კაცი, მესწრაფების მეტის მეტად ფატმან ფერხთა მოეხვია, არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად გამიმრთელდა გული წყლული, ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად

1103. მე და უსენი შვილითურთ, აწ ახლად დავიბადენით ლომო ქებანი შენნიმცა, ჩვენ ვითა ვადიადენით ვინათგან სისხლთა იმისთა, დაღვრასა დაექადენით თავითგან გითხრობ ყველასა, თქვენ სმენად დაემზადენით

ნესტან დარეჯანის ამბვის მბობა ფატმანისაგან ავთანდილის წინაშე

1104. ამა ქალაქსა წესია, დღესა მას ნავროზობასა არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა ყოველნი სწორად დავიწყებთ, კაზმასა ლამაზობასა დიდსა შეიქმან მეფენი, პურობადარბაზობასა

1105. ჩვენ დიდვაჭართა ზედა გვაც, დარბაზს მიღება ძღვენისა მათ საბოძვრისა ბოძება, ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა ათ დღემდის ისმის ყოველგან, ხმა წინწილისა ებნისა მოედანს მღერა ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა

1106. ქმარი ჩემი დიდვაჭართა, წაუძღვების უსენ წინა მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწვეველი არად მინა დედოფალსა ძღვენსა ვუძღვნით, მდიდარი თუ გლახა ვინ ა დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა

1107. დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით ჩვენ მივართვით მათ გვიბოძეს, ავავსენით ავივსენით ჟამიერად მხიარულნი, წამოვედით ნებით ჩვენით კვლა დავსხედით გახარებად, უნებურნი არ ვიყვენით

1108. ბაღსა შიგან თამაშობად, საღამოსა გაველ ჟამსა გავიტანე ხათუნები, მათი ჭმევა ჩემგან ხამსა მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ხმასა ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე თმასა

1109. იქ ბაღსა შიგან ტურფანი, სახლნი ნატიფად გებულნი მაღალნი ყოვლგნით მხედველნი, ზღვას ზედა წაკიდებულნი მუნ შევიტანენ ხათუნნი, იგი ჩემთანა ხლებულნი კვლა დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი

1110. ვაჭრის ცოლთა მხიარულმან, უმასპინძლე ამოდ დურად სმასა ზედა უმიზეზო, გავხე რამე უგემურად რა შემატყვეს გაიყარა, სხდომილ იყო რაცა პურად მარტო დავრჩი სევდა რამე, შემომექცა გულსა მურად

1111. უკმოვახვენ სარკმელნი, და შევაქცივე პირი გზასა ვიხედვიდი ვიქარვებდი, კაეშნისა ჩემგან ზრდასა შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვიდა შიგან ზღვასა მფრინველად ვთქვი ანუ მხეცად, სხვას ვამსგავსე მემცა რასა

1112. მაშორვიდა ვერად ვიცან, მომეახლა იყო ნავი ორთა კაცთა ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი იქით აქათ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი გამოვიდეს გამიკვირდა, იგი უცხო სანახავი

1113. გამოზიდეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა მიიხედეს მოიხედეს, ვინ გვიჭვრეტსო სადა ვინა ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა მე იდუმალ ვიხედვიდი, სულღებული ვიყავ შინა

1114. მით ნავიდაღმან მათ რომე, გარდმოსვეს კიდობანითა აჰხადეს ქალი გარდმოჰხდა, უცხოთა რამე ტანითა თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა მზესა სიტურფით ეყოფის, იყოს მისითა გვანითა

1115. რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხივნი კლდესა ღაწვთა მისთა ელვარება, ელვარებდა ხმელთა ზესა დავიწუხენ თვალნი ყოლა, ვერ შევადგენ ვითა მზესა უკმოვიხარშ კარი ჩემგან, მათი ჭვრეტა ვერა ცნესა