... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

1004. ქალაქი გავლეს მივიდეს, პირსა დიდისა ზღვისასა მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა მუნ დაადენდეს ნაკადსა, სისხლისა ცრემლთა ტბისასა ფრიდონ უამბობს ამბავსა, მის მნათობისა ტყვისასა

1005. აქა მათ ზანგთა მონათა, მზე მოიყვანეს ნავითა კბილთეთრი ბაგებალახში, სახედავითა შავითა ცხენი გავქუსლე გავაგე, წაგვრა ხრმლითა და მკლავითა შორს მნახეს ადრე გამექცეს, ნავი მფრინველე ჩნდა ვითა

1006. მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი აკოცეს და გაუახლდეს, მათ ორთავე მათნი წვანი გაიყარნეს გაუყრელნი, ძმადფიცნი და ვითა ძმანი ფრიდონ დადგა ყმა წავიდა, შემხედველთა მკვლელი ტანი

წასვლა ავთანდილისა ფრიდონიდამ ნესტან დარეჯანის საძებრად

1007. ყმა მიმავალი მიუბნობს, მსგავსი მთვარისა სრულისა არს თინათინის გონება, მისად სალხენად გულისა იტყვის მოგშორდი სიცრუვე, ვა საწუთროსა კრულისა შენ გაქვს წამალი ჩემისა, მამრთელებელი წყლულისა

1008. რად სიცხე გულსა ნიადაგ, მწვავს გმირსა სამს ალებისა რად გული კლდისა ტინისა, შემქმნია სამ სალებისა არ შეუძლია ლახვარსა, დაჩენა სამსა ლებისა შენ ხარ მიზეზი სოფლისა, ასრე გასამსალებისა

1009. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა, მივა ოთხითა მონითა წამალსა ტარიელისსა, ეძებს ყოვლითა ღონითა დღისით და ღამით მტირალი, იღვრების ცრემლთა ფონითა ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა

1010. სადაცა ნახნის ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი ჰკითხის მის მზისა ამბავი, დღენი ვლნა გაასებულნი ქედსა გარდადგეს აქლემნი, აუჩნდეს ლარკიდებულნი მოქარავნენი ზღვის პირსა, დაყრით დგეს შეჭირვებულნი

1011. მუნ ქარავანი ურიცხვი, მოსდგმოდა ზღვისა კიდესა შეიჭირვებდეს ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს ვერცა ვლიდესა ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა ჰკითხეს თუ ვაჭარნო ვინ ხართ, მათ საუბარი ჰკიდესა

1012. უსამ იყო ქარავნისა, უხუცესი კაცი ბრძენი მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი ჰკადრეს ხმელთა სიცოცხლეო, შენ ამოჰხვე ჩვენი მლხენი ჩამოჰხე და მოგახსენოთ, ამბავი და საქმე ჩვენი

1013. გარდახდა ჰკადრეს ჩვენ ვართო, მობაღდადენი ვაჭარნი მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისმან მაჭარნი ზღვათა მეფისა ქალაქსა, სავაჭროდ გარდმონაჭარნი საქონელ სრულნი მდიდარნი, არ ლარნი გვაქვან ნაჭარნი

1014. ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა, კაცი უსულოდ მდებარე ვუშველეთ ენა მოეცა, სიტყვისა გამომგებარე ვჰკითხეთ თუ ვინ ხარ ღარიბო, რასა საქმისა მძებარე გვითხრა თუ შეხვალთ დაგხოცენ, კიდე ცოცხალვარ მე ბარე

1015. თქვა ქარავანი ეგვიპტით, გამოვემართეთ ერითა ზღვასა შევედით ტვირთულნი, ლარითა მრავალფერითა მუნ მეკობრეთა დაგვხოცეს, ძელით სახნისის წვერითა ყველაი წახდა არ ვიცი, აქა მოსრულვარ მე რითა

1016. ლომო და მზეო ესეა, მიზეზი აქა დგომისა დაბრუნვებითა გვეცემის, ზიანი არსაზომისა შევიდეთ ვა თუ დაგვხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა ვერცა ვდგათ ვერცა წასრულვართ, ღონე წაგვსლვია რჩომისა

1017. ყმამან უთხრა ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცთების რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცთების მე მივინდობ სისხლთა თქვენთა, შემოვისხამ დაცამწვთების ვინცა გებრძვის ხრმალი ჩემი, მბრძოლთა თქვენთა დააცვთების

1018. მოქარავნენი აივსნეს, სიხარულითა დიდითა თქვეს ყმა ვინმეა ჭაბუკი, არა ჩვენებრვე რიდითა აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა შევიდეს ჩასხდეს ხომალდსა, გამართეს ზღვისა კიდითა

1019. სიამოვნისა დარითა, იარეს არ სიძნელითა მათი ბადრაგა ავთანდილ, უძღვის გულითა ქველითა გამოჩნდა ნავი მეკობრე, დროშითა მეტად გრძელითა მას ნავსა ნავთა სალეწლად, სახნისი ჰგია ძელითა

1020. კიოდეს და მოდიოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა შეუშინდა ქარავანი, მათ ლაშქართა სიდიდესა ყმამან უთხრა ნუ იშიშვით, თქვენ იმათსა სიალფესა ანუ დავჰხოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღესა

1021. უგანგებოდ ვერას მიზმენ, შეცამებნენ ხმელთა სპანი განგებაა არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი ვერ დამხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი ვერცა ძმანი ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი

1022. თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი მარტო მნახეთ ვით შევიბა, ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი მეკობრისა ნავისანი, სისხლნი ნახნეთ მონაღვარნი