... (S-4997), XIX ს.

აქა ფატმანისაგან ნესტან დარეჯანის კითხვა და მეცნიერების შეტყობის და ავთანდილის წინაშე მოთხრობა

969. რა მივაჭირვე კითხვითა მეტითა საუბარითა გულ ამოჴჩვინვიით ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა ბროლ ლალსა ღვარი ნარგისთა მოსდის გიშრისა ღარითა მისი მჭვრეტელი დავიწვი გავჴე გულითა მკვდარითა

970. მითხრა შენ ჩემთვის, დედაო ხარ უმჯობესი დედისა რას აქნევ ჩემსა ამბავსა ზღაპარი არის ყბედისა ღარიბი ვინმე შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა თუ რაცა მკითხო ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა

971. ვთქვი უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა ხმობა უნდა ჟამიერად სააჯოსა ყოვლსა თხრობა რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა

972. ავიყვანე იგი პირმზე ნაქები და ვერ ვჰთქვი უქი სურვილმან და მზემან მისმან ძლივ დავმალი მისი შუქი ჩამოვბურე მრავალ კეცი სტავრა მძიმე არ სუბუქი ცრემლსა სეტყვავს და ვარდსა აზრობს წამწამთაგან მოქრის ბუქი

973. მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირმზე ტანით ალვით მოუკაზმე სახლი ერთი შიგან დავსვი მეტად მალვით არვის უთხარ სულიერსა შევინახე ფარვით კრძალვით ერთი ზანგი ვამსახურე მე შევიდი ვნახი ხალვით

974. ვით გიამბო საკვირველი მე გლახ მისი ყოფა ქცევა დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა შევეხვეწი დადუმდიო წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ ჰაი ჩემთვის ვაგლახ მე ვა

975. შინა შევიდი მას წინა ედგის ცრემლისა გუბები შიგან მელნისა მორევსა ეყრდნის გიშრის შუბები ნილოსის ტბათა იღვრების სავსე სათისა რუბები შუა ძოწსა და აყიყსა ჭვირს მარგალიტი ტყუბები

976. ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან თუმცა მეკითხა ვინა ხარ ეგრე გასრული რისაგან მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან მას ხორციელი არ გასძლებს სხვა კიდეგანი ქვისაგან

977. არად უნდის საბურავი არცა წოლა საგებლითა მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა მკლავი მისი სასთაუნალად მიიდვის და მიწვის მითა ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა

978. სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირ ფასისა მაგრა მისი არა ვიცი ქნილი იყო რაგვარისა სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა

979. მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა შესმენისა მქონდა რიდი ვთქვი თუ უთხრობ ვიცი დარბაზს გამამჟღავნებს ისი ფლიდი ესე მეყო საგონებლად კვლავ შევიდი კვლავ გავიდი

980. ვთქვი თუ არ უთხრა რა უყო ჩემგან რა მოეგვარების არცა რა ვიცი რა უნდა რა ვისგან მოეხმარების ქმარი რა მიგრძნობს მოცამკლავს ვეღარა მომეფარების ვითა დავმალო ნათელი ვინ მზესა დაედარების

981. მე გლახ მარტომან რა უყო მიმატებს ცეცხლთა დებასა მო და გავანდო ნუ შევალ უსენის შეცოდებასა არ გამამჟღავნოს ვაფიცო თუ მამცემს იმედობასა სულსა ვერ წასწყმედს ვერა იქს ფიცისა გაცუდებასა

982. მიველ მარტო ქმარსა ჩემსა ველაღობე ველაციცე მერმე უთხარ გითხრობ რასმე მაგრა პირველ შემომფიცე არვის უთხრა სულიერსა საფიცარი მამეც მტკიცე ფიცი ფიცა საშინელი თავიცაო კლდეთა ვიცე

983. რაცა მითხრა სიკვდილამდის არვის უთხრა სულიერსა არა ბერსა არა ყმასა მოყვარესა არცა მტერსა მერე უთხარ ყველაკაი უსენს კაცსა ლმობიერსა მოდი მომყევ აქა სადმე მო გიჩვენებ მზისა ფერსა

984. ადგა ამყვა და წავედით შევლენით კარნი სრისანი უსენ გაჰკვირდა გაცაჰკრთა რა შუქნი ნახნა მზისანი თქვა რა მიჩვენე რა ვნახე რანია ნეტარ რისანი თუ ხორციელი არისმცა თვალნიმცა მრისხვენ ღ~თისანი

985. ვთქვი თუ არცა რა მე ვიცი ამისი ხორციელობა რაცა არ გითხარ მის მეტი მაქვს არა მეცნიერობა მე და შენ ვჰკითხოთ ვინ არის ვისგან სჭირს ისი ხელობა ნუთუ რა გვითხრას ვეაჯნეთ ქნას დიდი ლმობიერობა

986. მივედით გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა ვჰკადრეთ თუ მზეო სახმილი გვედების შენგან ალისა გვითხარ რა არის წამალი მთვარისა შუქ ნამკრთალისა რას შეუქნიხარ ზაფრანად შენ ფერად მზგავსი ლალისა

987. რაცა ვჰკითხეთ არა ვიცით ესმა ანუ არ ისმენდა ვარდი ერთგან შეეწება მარგალიტსა არ აჩენდა გველნი მოშლით მოეკეცნეს ბაღი შეღმა შერაშენდა მზე ვეშაპსა დაებნელა ზედა რამცა გაგვითენდა