... (H-742), XIX ს.

916. ესე ყველაი ასრეა რაცა აწ ჩემგან თხრობილა. ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან ცოტადრე მოაცნობილა. მაშინღა იცნა აკოცა მოეჭდო მოეძმობილა. ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა მათებრივ არვინ შობილა.

917. უთხრა ძმაო არ გიტყუვე გიყავ რაცა შემოგფიცე. გნახე სულთა გაუყრელმან ფიცი ასრე დავამტკიცე. აწ დამეხსენ სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე. მაგრამ გვედრებ დამარხვასა მხეცთა საჭმლად არა მიმცე.

918. ყმამან უთხრა რაშიგან ხარ შენ საქმესა რად იქ ავსა. ვინ მიჯნური არ ყოფილა ვის სახმილი არა სწვავსა. ვის უქნია შენი მგზავსი სხვათა კაცთა ნათესავსა. რად სატანას წაუღიხარ რად მოიკლავ ნებით თავსა.

919. თუ ბრძენი ხარ ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა. ჰხამს მამაცი მამაცური სჯობს რაზომცა ნელად ტირსა. ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვიტკირსა. თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.

920. ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ. მინდორს ჰსტირ და მხეცთა ახლავ რას წადილსა აისრულებ. ვისთვის ვისა ვერ მიხვდები თუ სოფელსა მოიმდურვებ. თავსა მრთელსა რად შეიკრავ წყლულსა ახლად რად იწყლულებ.

921. ვინ არ ყოფილა მიჯნური ვის არ სახმილნი სდებიან. ვის არ უნახვან პატიჟნი ვისთვის ვინ არა ბნდებიან. მითხარ უსახო რა ქნილა სულნი რად ამოგხდებიან. არ იცი ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრეფიან.

922. ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად პირად. მიკვირს რად ხარ ეკლიანი პოვნა შენი რადგან ჭირად. მან ჰსთქვა ტკბილსა მწარე ჰპოვებს სჯობს იქნების რაცა ძვირად. ოდეს ტურფა გაიეფდეს არღარა ღირს არცა ჩირად.

923. რადგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო. მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო. უბოროტო ვის ასმია რაცა კარგი საეშმაკო. რად ემდურვი საწუთროსა რა უქნია უარაკო.

924. ისმინე ჩემი თხრობილი შეჯე წავიდეთ ნებასა. ნუ მიყოლიხარ თავისა თათბირსა გაგონებასა. რაცა არ გწადდეს იგი ჰქმენ ნუ სდევ წადილთა ნებასა. ასრე არ სჯობდეს არ გეტყვი რად მეჭვ რასაცა თნებასა.

925. მან უთხრა ძმაო რა გითხრა ძვრაცა არ ძალმიც ენისა. ძალი არა მაქვს ხელქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა. რად ადვილად გიჩნს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა. აწ მივსწურვილვარ სიკვდილსა დრო მომეახლა ლხენისა.

926. ამას მოკვდავი ვილოცავ აროდეს ვითხოვ არ ენით. აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით. მუნ ერთმანერთი კვლავ ვნახეთ კვლავ რამე გავიხარენით. მო მოყვრეთა დამმარხეთ მიწანი მომაყარენით.

927. საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს ვით გაწიროს. მისკენ მივალ მხიარული მერმე იგი ჩემ კერძ იროს. მივეგებვი მამეგებოს ამიტირდეს ამატიროს. ჰკითხე ასთა ჰქმენ გულისა რა გინდ რა ვინ გივაზიროს.

928. მართ გარდაწყვეტით იცოდი გეტყვი მართალსა პირასა. სიკვდილი მახლავს დამეხსენ ხანსაღა დავყოფ მცირასა. არ ცოცხალ ვიყო რას მაქნევ რა დავრჩე ხელსა მხდი რასა. დამშლიან ჩემი კავშირნი შევრთვიან სულთა სირასა.

929. რა სთქვი რას იტყვი არ მესმის არცა მცალს სმენად მაგისად. სიკვდილი მახლავს ხელქნილსა სიცოცხლე არის წამისად. აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად. მუნ მეცა მივალ ცრემლისა მიწად სად გამდის ღამი სად.

930. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი ხელი ვითა იქს ბრძნობასა. ეგ საუბარი მაშინ ჰხამს თუცაღა ვიყო ცნობასა. ვარდი უმზეოდ ვერ არის იყოს დაიწყებს ჭკნობასა. მაწყენ დამეხსენ არა მცალს არცაღა ვახლავ თმობასა.

931. კვლავ ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალ ფერითა. ეტყვის არ მოკვდე გერგების სიტყვითა რა ოხერითა. ნუ იქ არა სჯობს საქმითა ნუ ხარ თავისა მტერითა. ვერ წაიყვანა ვერა ჰქმნა სიტყვითა ვერა ვერითა.

932. მერმე უთხრა აჰა რადგან არ მომისმენ არას არა. არას გაწყენს ენა ჩემი აქამდისცა ცუდად მცდარა. თუ სიკვდილი გიჯობს მოკვე ვარდი დაჭკნეს დაცამჭკნარა. ერთსა რასმე გიაჯები მიყავ ცრემლი ამდუღარა.

933. სადა ინდონი ბროლ ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა. მას მოვეშორვე წამოვე სიჩქარით არ სიწყნარითა. ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა. შენ არ შემიყრი გამიყრი აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა.

934. ნუ გამგზავნი გულ მოკლულსა ერთი მიყავ საწადელი. ერთხელ შეჯე ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მდგმელი. ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი. მე წავალ და შენ დაგაგდებ იქნას შენი საწადელი.

935. ეხვეწებოდა შეჯეო აჯას ხვეწნითა არვებდა. იცოდა რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა. ლერწმისა სარსა დასდრეკდა გიშერსა დააკარვებდა. დაიმორჩილა იამა არ ივაგლახა არ ვებდა.