... (H-742), XIX ს.

896. მას ზენაარსა არ გაუტეხ მას ფიცსა არ ვერცუები. მას პაემნამდის მოვიცდი რაზომცა გამდის რუები. თუ მნახოს მანვე დამმარხოს თქვას ვაგლახი და უები. ცოცხალი დავხვდე უკვირდეს სიცოცხლე არს სათუები.

897. ჩემთვის გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა. ოდენ მოდენა ცრემლისა მჭირს ველთა მოსალბედისა. მჯის გამრავლება ხელქმნისა სულთქმისა ზედა ზედისა. დავვიწყებივარ სიკვდილსა ნახე ნაქმარი ბედისა.

898. ესე არაკი მართალი ჩინს ქუასა ზედა სწერია. ვინ მოყუარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია. აწ ზაფრანია ვის წინა ვერ ვარდი გვანდის ვერ ია. თუცა მონახავ მონახე ჰქმენ რაცა შენი ფერია.

899. ყმამან უთხრა უმართლე ხარ არ მამართლო მდურვად მისად. მაგრა გაბჭევ რა მიქნია სამსახური ტყუესა ტყვისად. გამოჭრილ ვარ სახლით ჩემით ვით ირემი ძებნად წყლისად. მას ვეძებ და მას ვიგონებ ვიარები ველთა ვლისად.

900. ბროლ სადაფნი მარგალიტსა ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ. მას მოვშორდი ვერ ვიახელ ვერ ვისურვენ ვერ ვასურვენ. გამოპარვით წამოსვლითა ღმრთისა სწორნი მოვიმდურვენ. ნაცვლად მათთა წყალობათა მათნი გულნი შევაურვენ.

901. პატრონი ჩემი გამზრდელი ღმრთისაგან დიდად ცხოველი. მშობლური ტკბილი მოწყალე ცა წყალობისა მთოველი. მას უორგულე წამოველ მართ დავივიწყე ყოველი. მისი შემცოდე ღვთისაგან კარგსა არაღას მოველი.

902. ესე ყველაი ასრე მჭირს დაო ბედითა მისითა. არ უტყუვე და მოვსულვარ მგზავრი ღამით და დღისითა. აწ იგი სადმე წასულა ვიწვი ცეცხლითა ვისითა. ცუდათ მაშურალი მტირალი ქვე ვზი პირითა მქისითა.

903. დაო მეტსა საუბარსა აღარ მამცემს ჟამი და დრო. არ ვინანი გარდასრულსა ბრძენთა სიტყვა გავაადრო. წავალ ვსძებე ანუ ვპოვებ ან სიკვდილი მოვიადრო. თვარამ ბედი აზომ თურმე მიჰკვეთს ღმერთსა რაღა ვჰკადრო.

904. ამის მეტი აღარა ჰსთქვა ატირდა და წამოვიდა. ქვაბი ჩავლო წყალსა გახდა შამბი გავლო ველს გავიდა. ქარი ველთა მონაქროლი ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა. რად მიმეცო ამა ჭირსა ბედსა ამას უზრახვიდა.

905. იტყვის ღმერთო რა შეგცოდე შენ უფალსა არსთა მხედსა. რად გამყარე მოყვარეთა რად შემასწარ ამა ბედსა. ერთი ორთა მგონებელი ვარ საქმესა წარსაწყმედსა. მოვკვდე თავი არ მეწყალვის სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა.

906. მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა. იგი ფიცი ჩემგან სრული მან აღარა გამისრულა. მას თუ გამყრი საწუთროვო ჩემი ლხინი გარდასრულა. სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა გაბასრულა.

907. კვლავ იტყვის მიკვირს ნაღველი კაცისა მე ჭკუიანისა. რა ჭმუნვარებდეს რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა. ჰსჯობს გამორჩევა აზრობა საქმისა დასაგვანისა. აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამ-ტანისა.

908. ყმა გაემართა საძებრად მტირალი ცრემლთა მფქვეველი. ეძებს უძახის უყივის დღეებრ ღამეთა მთეველი. სამ დღემდი მოვლო მრავალი ხევი შამბნარი ტყე ველი. ვერ ჰპოვა მივა მჭმუნვარე ვერას ამბისა მცნეველი.

909. იტყვის ღმერთო რა შეგცოდე ეგზომ დიდი რა გაწყინე. რად შემასწარ ამა ბედსა ჩემსა რა სასჯელი მამივლინე. გამკითხველო გამიკითხე აჯა ჩემი შეისმინე. დაამოკლე დღენი ჩემნი ჭირნი ჩემი გამილხინე.

910. მივიდოდა მიუბნობდა ყმა მტირალი ფერ შეცვლილი. ქედსა რასმე გარდაადგა ველი აჩნდა მზიან ჩრდილი. ნახა შავი შამბთა პირსა ჰსდგა სადავე უკუყრილი. ჰსდგა უცილოდ იგიაო არა უნდა ამას ცილი.

911. რა შეხედნა ყმასა გულმან გაუფეთქნა გაუნათდა. აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა არ უათდა. ვარდმან ფერი განანათლა ბროლი ბროლდა სათი სათდა. ვით გრიგალმან ჩაირბინა არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა.

912. რა ტარიელ დაინახა გაღანამცა დაეღრიჯა. ახლოს მყოფი სიკუდილსაღა ჯდა და პირი დაებღნიჯა. საყელონი გარდეხივნეს თავი სრულად გაეგლიჯა. მას აღარა შეესმოდა სოფლით გაღმა გაებიჯა.

913. ერთკენ უძს ლომი მოკლული და ხრმალი სისხლ მოცხებული. კვლავ სხვაგან ვეფხი უსულო მკუდარი ქუე დანარცხებული. მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული. მუნ აგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე ცხებული.

914. თვალთა ახმადცა ზარ ედვა სრულად მიხდოდა ცნობასა. მიახლებოდა სიკვდილსა მოშორვებოდა ნობასა. ყმა სახელდებით უყივის ლამის სიტყვითა კრთობასა. ვეღარ ასმინა გარდიჭრა ძმა გამოაჩენს ძმობასა.

915. ხელითა ცრემლსა უწურავს თვალთა ავლებდა სახელსა. ახლოს უზის და უყივის მართ სახელდობით სახელსა. ეტყვის ვერ მიცნობ ავთანდილს შენთვის გაჭრილსა და ხელსა. მას არა დია შეესმის რეტსა თვალ დაუფახველსა.