... (H-742), XIX ს.

876. აწყა დავიწყებ ამბავსა მის ყმისა წამავლობასა. მივა და მისტირს გულმდუღრად ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა. წამ წამ მობრუნდის იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა. უჭვრეტდის თვალნი ვერ მოხსნის თუ მოხსნის მიჰხდის ცნობასა.

877. რა მიიახლის დაბნედად ვერ ხელ ჰყვის გაძვრად ენისად. მაგრა ჰსდის ცრემლი თვალთაგან მსგავსად წყაროსა დენისად. ზოგჯერ დაბრუნდის იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად. რა გაემართის არ იცის მას თუ არბევდის ცხენი სად.

878. ჰსთქვა ჩემო შენი შორს მყოფი კრულია ვინცა დადუმდეს. რადგან შენ დაგრჩა გონება გული შენკენვე დაბრუნდეს. თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს. ჰსჯობს საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუძაბუნდეს.

879. მე რა ვქნა შენად შეყრამდი ანუ რას მეჭუდე ლხენასა. თავსა მოვიკლავ მე თუმცა შენგან არ ვეჭვდე წყენასა. მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არ სიცოცოხლისა სმენასა. მოდი და მივსცე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა.

880. ჰსტირს იტყვის დადვა კეშანი ლახვარმან ჩემთვის ათმანო. ჰინდოთა რაზმან ჩემად კლვად თქვა ესე ტევრი ვთხზა თმანო. თვალთა გიშერი აშვენებს სათმან რად მამკლა სათმანო. ბაგე კბილო და თვალ წარბო მამცემდი პატიჟთა თმანო.

881. იტყვის ჰე მზეო ვინ ხატად გთქვის მზიანისა ღამისად. ერთარსებისა ერთისა მის უჟამოსა ჟამისად. ვის მორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად. ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე შეყრამდის ჩემად და მისად.

882. ვის ხატად ღვთისად გიტყვიან ფილასოფოსნი წინანი. შენ მიშველე რა ტყვექმნილსა ჯაჭვნი მაბიან რკინანი. ბროლ ბალახჩისა მძებნელმან სათნი დავკარგე მინანი. მაშინ ვერ გავძელ სიახლე აწ სიშორესა ვინანი.

883. ამას მოთსქმიდის იწოდის ვითა სანთელი დნებოდის. დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის იარებოდის. რა შეუღამდის ვარსკვლავთა ამოსვლა იამებოდის. მას ამგზავსებდის ილხენდის უჭვრეტდის ეუბნებოდის.

884. მთვარესა ეტყვის იფიცე სახელი ღმრთისა შენისა. შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა. შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა. მიაჯე შეყრა პირისა შენ გამო შენებრ მშვენისა.

885. ღამე ალხენდის დღე სჯიდის ელის ჩასვლასა მზისასა. რა წყალი ნახის გარდიხდის უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა. მას თანა ჰრთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა. კვლავ გაემართის ისწრაფდის წასლვასა მისვე გზისასა.

886. მარტო მოსთქმიდის ჰსტიროდის ტანად ალვისა ხიანი. მინდორს თხა მოკლის სადაცა ადგილი დახვდის კლდიანი. შეწვის ჭამის და წავიდის პირ მზე გულ მარიხიანი. იტყვის დავყარენ ვარდნი და აჰა მე ვაგლახიანი.

887. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა. მიუბნობდის რას მოთქმიდის რას ტურფასა რაზომ გვარსა. ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა ბრჭლითა ნახოკარსა. ქვაბნი ნახნა გაეხარნეს ზე გავიდა ქვაბთა კარსა.

888. რა ასმათმან დაინახა მოეგება ცრემლი სწვთების. მით იამა სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიხვდების. ყმა გარდახდა მოეხვია აკოცებს და ეუბნების. კაცი კაცსა მოელოდეს მოსლვა უცხო იამების.

889. ყმა ქალსა ეტყვის პატრონი ნეტარ სად არის და ვითა. ქალი ასტირდა ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა. ეტყვის რა წახველ გაიჭრა ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა. აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით არ ამბავითა.

890. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა. ქალსა ეტყვის აჰა დაო ეგეთიმცა კაცი ნუა. იგი ფიცი ვით გატეხა არ ვეცრუე ვით მეცრუა ვერ იქმოდა რად მიქადა თუ მიქადა რად მიტყუა.

891. კვლავ ქალი ეტყვის მართლა ხარ მაგისა დამძიმებასა. მაგრა რა გაბრჭო მართალი ნუ მეჭვ რასაცა თნებასა. არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა. იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა.

892. გული ცნობა და გონება ერთმანერთზედან ჰკიდიან. რა გული წავა იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან. უგულო კაცი ვერ კაცობს კაცთაგან განაკიდიან. შენ არ გინახავნ არ იცი მას რომე ცეცხლნი სწვიდიან.

893. შენ უმართლე ხარ ემდურვი შენ გაეყარე ძმობილსა. მაგრა ვით ითქმის ვით გახდა ვითა გიამბობ ცნობილსა. ენა დაშვრების გაცვდების გულსა შეელმის ლმობილსა. ამას მით ვაზრობ მინახავს მე უბედურსა შობილსა.

894. ჯერთ მისი მგზავსი სასჯელი არცა ვის ამბად სმენია. თუ არა კაცთა სასჯელი ქვათაცა შენაძრწენია. დიჯლადცა ჰკმარის მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია. თვით რაცა ბრძანოთ მართალ ხართ სხვა სხვისა ომსა ბრძენია.

895. მას წამავალსა ვჰკითხევდი დამწვარსა ცეცხლ მოდებულსა. მოვიდეს რა ქნას ავთანდილ მისსა დამვედრე დობულსა. მიბრძანა მოღმა მნახვიდეს მე მისთვის გაცუდებულს. ამათ არ დავჰყრი არეთა არ გაჰვსტეხ მის ქადებულსა.