... (H-742), XIX ს.

839. რაზომცა ჰსწყრები შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა. ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა მე მაგისისა თნებისა. აწ წასულა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა. სადა გინდ ვიყო რა მგამა ყოფაცა მქონდეს ნებისა.

840. არას გარგებს სიმძიმილი უსარგებლო ცრემლთა დენა. არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა. წესი არის მამათაგან მოჭირვება ჭირთა თმენა. არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.

841. რაცა ღ~თსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად. გარდამხდეს და შემოვიქცე აღარ დამრჩეს გული ავლად. თქვენვე ნახე მხიარულნი დიდებით და დავლა მრავლად. მას რა ვარგო დიდებად და კმარის ესე ჩემთვის დავლად.

842. მეფეო ესე თათბირი მამკალ ვინ დამიწუნოსა. მეფეო ნუთუ წასვლამან თქვენ ჩემან დაგაჭმუნოსა. ვერ ვეცრუები ვერ უზამ საქმესა საძაბუნოსა. პირის პირ მარცხვენს ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.

843. არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა. ვგმობ კაცსა უაუგოსა ცრუსა და ღალატიანსა. ვერ ვეცრუები ვერ უზამ მას ხელმწიფესა სვიანსა. რა უარეა მამაცსა სულ დიდსა წასულა გუიანსა.

844. რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა. შემდრკალსა შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა. კაცი ჯაბანი რათა ჰსჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა. ჰსჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა.

845. ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი. მისგან ყოველი გასწორდეს სუსტი და ძალ გულოვანი. ბოლოდ შეჰყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი. ჰსჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი.

846. მერმე ვიშიშვი მეფეო თქვენად კადრებად ამისად. ჰსცდების და ჰსცდების სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად. მოვა შემყრელი ყოველთათვინ ერთად დღისა და ღამისად. თუ ვერა გნახნე ცოცხალმან სიცოცხლე მქონდეს ჟამისად.

847. თუ საწუთრომან დამამხოს ყოველთა დამამხობელმან. ღარიბი მოვკვდე ღარიბად ვერ დამიტიროს მშობელმან. ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან. მუნ შემიწყალოს თქვენმავე გულმან მოწყალე ლმობილმან.

848. მაქვს საქონელი ურიცხვი ვერვისგან ანაწონები. მიეც გლახაკთა საჭურჭლე ათავისუფლე მონები. შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი არას მქონები. მიღვწიან მამიგონებენ დამლოცვენ მოვეგონები.

849. რაცა თქვენთვინ არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად. მიეც ზოგი ხანაგათა ზოგი ხიდთა გასადებლად. ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად. შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად.

850. ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის. ამად გვედრებ სულსა ჩემსა წიგნი გკადრებს არ გეთნევის. არას არგებს ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის. შემინდევ და შემივედრე მკვდარსა რაღა გარდმეხდევის.

851. გვედრებ მეფეო შერმადინს მონასა ჩემსა რჩეულსა. ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა. ნუგეშინის ეც წყალობით ჩემგან წყალობა ჩვეულსა. ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლთა სისხლითა ფრქუეულსა.

852. გასრულდა ჩემი ანდერძი ჩემგან ნაწერი ხელითა. აჰა გამზრდელო მოგშორდი წაველ გულითა ხელითა. ნუ ჰსჭმუნავთ ჩემთვის მეფენი ნუ ხართ მოსილნი ბნელითა. სუფევითამცა ხარ თავითა მტერთაგან საკრძალველითა.

853. მისცა ანდერძი შერმადინს რა გაათავა წერითა. უთხრა ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა. შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა. მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.

ლოცვა ავთანდილისაგან მიზგითად და გაპარვა მისი.

854. ილოცავს იტყვის მაღალო ღ~თო ხმელთა და ცათაო. ზოგჯერ მომცემო პატიჟთა ზოგჯერ კეთილთა მზათაო. უცნაურო და უთქმელო უფალო უფლებათაო. მომეც დათმობა სურვილთა მფლობელო გულის თქმათაო.

855. ღმერთო ღმერთო გეაჯები რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა. შენ დაჰბადე მიჯნურობა შენ აწესებ მისსა წესსა. მე სოფელმან მამაშორვა უკეთესსა ჩემსსა მზესა. ნუ ამოფხვრი სიყვარულსა მისსა ჩემთვის დანათესსა.

856. ღმერთო ღმერთო მოწყალეო არვინ მივის შენგან კიდე. შენგან ვითხოვ შეწევნასა რაზომსაცა გზასა ვლიდე. მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა ღამით მავნე გამარიდე. თუღა დავრჩე გმსახურებდე შენდა მსხვერპლსა შევსწირდე.

857. რა ილოცა ცხენსა შეჯდა მალვით კარნი გაიარნა. შერმადინცა დააბრუნა თუმცა ვამნი ადიადნა. მონა ჰსტირს და მკერდსა იცემს საბრალომან ცრემლი ღვარნა. პატრონისა ვერა მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა.