... (H-742), XIX ს.

762. ყმა მივიდა საწოლს დაჯდა ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების. მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა არ მოსწყდების. ვით მწვანვილსა თრთვილისაგან პირსა ფერი მოაკლდების. ჰხედავთ ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების.

763. გული კრულია კაცისა ხარბი და გაუძღომელი. გული ჟამ ჟამად ყოველთა ჭირთ მთმო ლხინთა მდომელი. გული ბრმა ურჩი ხედვისა თვით ვერას ვერ გამზომელი. ვერცა პატრონობს სიკვდილი ვერცა მეფეა რომელი.

764. რა გულსა უთხრა გულისა სიტყვანი საგულისონი. მან მარგალიტი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი. მის მზისა მკლავსა ნაბამი მათ კბილთა შესატყვისონი. პირსა დაიდვა აკოცა ცრემლი სდის ვითა ბისონი.

765. რა გათენდა კაცი მივა მომკითხავი დარბაზს მხმობი. ყმა წავიდა ლაღი ნაზი ნაღვიძები ძილ ნაკრთობი. ერთმანერთსა ეჯავრვიან ჰსდგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი. მეფე მინდორს ეკაზმოდა მოეკაზმა დაბდაბ ნობი.

766. მეფე შეჯდა მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა. ქოს დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა. მზესა ქორნი აბნელებდეს ძაღლთა რბოლა მიდამოდა. მას დღეს მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა.

767. ინადირეს შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი. შეიტანეს დიდებულნი თავადნი და სპანი სრულნი. დაჯდა დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი. ხმას ჰსცემს ჩანგი ჩაღანასა მომღერალნი იყვნეს სრულნი.

768. ყმა ახლოს უჯდა მეფესა ჰკითხვიდა ეუბნებოდა. ბაგეთა გასჭვირს ბროლ ლალი და კბილთა ელვა ჰკრთებოდა. ღირსნი ახლოს სხდეს ისმენდეს შორს ჯარი დაიჯრებოდა. უტარიელოდ ხსენება არვისგან იკადრებოდა.

769. ყმა მივიდა გულმოკლული ცრემლი ველთა მოედინა. მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა. ზოჯერ ადგის ზოგჯერ დაწვის ხელსა რადმცა დაეძინა. რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა.

770. წევს იტყვის გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო. მოგშორდი ედემს ნაზარდო ლერწამო და ხეო. შენთა მჭურეტელთა ნიშატო ვერ მჭვრეტთა სივაგლახეო. ცხადად ნახვას არა ღირს ვარ ნეტარმცა სიზმრად გნახეო.

771. ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა. კვლავ გულსა ეტყვის დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა. არ დავთმოთ რა ვქნათ სევდასა მითხარ რა მოუგვაროთა. თუ ლხინი გვინდა ღმერთისაგან ჭირნიცა შევიწყნაროთა.

772. კვლავ იტყვის გულო რაზდენცა გაქვს სიკვდილისა წადება. ჰსჯობს სიცოცხლისა გაძლება მისთვის თავისა დადება. მაგრა დამალე არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კულა დება. ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება.

დათხოვნა ავთანდილისაგან როსტევან მეფისა და ვეზირის საუბარი და ხვეწნა.

773. რა გათენდა შეეკაზმა ყმა გავიდა ადრე გარე. იტყვის ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდეს დაცავფარე. დათმობასა ეაჯების გულსა შენ რა მოუგვარე. ცხენსა შეჯდა წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე.

774. ვეზირმა ჰსცნა გაეგება ჩემსა მზეა ამოსრული. ამას თურმე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული. მიეგება თაყვანიჰსცა ჰკადრა სრულსა ქება სრული. ჰხამს სტუმარი სასურველი მასპინძელი მხიარული.

775. ყრმა გარდასვა მასპინძელმან არ ღაფალმან ავმან უქმან. ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან. ყმამან სახლი განანათლნა ვით სამყარო მზისა შუქმან. ჰსთქვეს სურნელი სული ვარდთა დღეს მოგუბერნა ქვენამ ბუქმან.

776. დაჯდა მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს. მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს. სულთქმა ბევრი აათასეს აღარა თუ აერთხელეს. გაყრა ბრძანეს გაიყარნეს ჯალაბობა გაათხელეს.

777. რა ჯალაბი გაიყარა ყმა ვეზირსა ეუბნების. ეტყვის შენი დამალული დარბაზს არა არ იქნების. რაცა გწადდეს საურავი მეფე იქს და შენ გეთნების. გაიგონე ჭირი ჩემნი მკურნე რაცა მეკურნების.

778. მის ყმისა ცეცხლი მედების წვა მჭირს მისისა მწველისა. მკლავს სურვილი და ვერ ნახვა ჩემისა სასურველისა. მას ჩემთვის სულნი არ შურდეს შეზღვა ჰხამს შეუზღველისა. ჰხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა უშურველისა.

779. მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა. მუნვე დარჩა დათმობაცა მასთანავე დაება და. რადგან დასწვავს მოახლეთა ღმერთსა მზედცა დაებადა. მერმე ასმათ ჩემთვის დისა უფრო დადცა დაებადა.

780. ოდეს წამოველ შევფიცე ფიცითა საშინელითა. კვლავ მოვალ გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა. შენსა მე ვეძებ ნათელსა შენ ხარ გულითა ხელითა. ჟამია ჩემგან წასვლისა ვიწვი ცეცხლითა ცხელითა.