ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

760. “აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე, “სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე; “სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე, “სამსახური აქამდისი, კვლავ გავლენა გააკვლადე,

761. “მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნუმცა მოგაკლდების, “ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულნიმცა შენნი ჰკვდების; “შემოვიქცე, შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების, – “პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების”.

762. ესე ესმა, ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი; მოახსენა: “მარტოობით ჭირსა რადმცა შევუშინდი, “მაგრა რა ვქმნა უშენომან, დამეცემის გულსა ბინდი! “წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო, რაცა გინდი.

763. “ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი, “ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი! “დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქნები აქა ფლიდი?“ ყმამან უთხრა: “ვერ წაგიტან, რაზომსაცა ცრემლსა ჰღვრიდი.

764. “შენგან ჩემი სიყვარული ვითომც არა დამეჯერა, “მაგრა საქმე არ მოხდების, ჟამი ასრე დამემტერა! “ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდე ვინც მეფერა? “გული დასდევს, დაიჯერე, ვერ წაგიტან, ვერა, ვერა!

765. “თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე ბერად, – “არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად?! “გაჭრა ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად! “ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კვლა შეჯერებად.

766. “რა მოგშორდე, მახსენებდი, სიყვარული ჩემი გქონდეს; “არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს; “ჰხამს, მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს, – “მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს.

767. “მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არა ამოვკრეფ კიტრსა ბერად, “ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად; “ჩემსა მზესა დავეთხოვე, გავუშვივარ, დავდეგ მე რად! “მაშ თუ დავთმობ სახლსა ჩემსა, ვეღარ დავთმობ ვისსა ვერად?!

768. “აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტენს წინა დაწერილსა, “შენ შეგვედრებ, დაგიჭიროს, ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა; “მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა, “ამას ზედა იტირებდი, დაიდებდი თვალთა მილსა“.

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფისა მიმართ ოდეს გაიპარა

769. დასჯდა წერად ანდერძისა, საბრალოსა საუბრისად: “ჰე, მეფეო, გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად, “ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცეხლთა მომდებრისად, “შემინდევ და წამატანე მოწყალება ღვთაებრისად.

770. “ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა განზრახულსა, – “კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა; “მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა: “სიცრუვე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“.

771. “რადგან თავია სიცრუვე ყოვლისა უბედობისა, “მე რად გავწირო მოყვარე, ძმა, უმტკიცესი ძმობისა? “არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილასოფოსთა ბრძნობისა; “მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა მწყობრისა.

772. “წაგიკითხავ, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ სწერენ, “ვით იტყვიან, ვით აქებენ, სცან, ცნობანი მიაფერენ: “სიყვარული აგვამაღლებს“, ვით ეჟვანნი, ამას ჰჟღერენ; “შენ არ სჯერხარ, უსწავლელნი კაცნი რადმცა შევაჯერენ!

773. “ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევა მტერთად, “ვინ არს ძალი უხილავი, შემწე ყოვლთა მიწიერთად, “ვის საზღვარსა-დაუსაზღვრებს, ჰზის უკვდავი ღმერთი ღმერთად, – “იგი გაჰხდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.

774. “რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების, “მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭკნების, “თვალთა ტურფა საჭვრეტელი ყველა რამე ეშვედნების; “მე ვით გავძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების!

775. “რაზომცა სწყრები, შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა, “ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა; “აწ წასვლა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა? “სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფაცა მქონდა ნებისა!

776. “არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა, “არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა; “წესი არის მამათაგან მოჭირვება, ჭირთა თმენა, “არვის ძალ-უძს ხორციელსა განგებისა გარდავლენა.

777. “რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად, “გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად; “თქვენვე გნახე მხიარულნი დიდებით და დავლა-მრავლად; “მას რა ვარგო დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად.

778. “მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა! “მეფეო, ნუთუ წასვლამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა?! “ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა, – “პირის პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.